კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერიკ დუდაევი: „წარმოიდგინეთ, მამა მომიკლეს, და გამიუპატიურეს... მე ამას არავის არასოდეს ვაპატიებ“

4 მარტი, 2010

მარი ოთარაშვილი

მარეკ (იგივე ნოდარ) დუდაევის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტზე მომუშავე ექსპერტები ტრაგიკულ პიროვნებად უფრო განიხილავენ, ვიდრე დამნაშავედ. ჯერ კიდევ 13 წლის მარეკმა საკუთარი თვალით ნახა მამის მკვლელობა, დის გაუპატიურება და დედის ცოცხლად დაწვა. ქართველი კონფლიქტოლოგები აღნიშავენ, რომ მარეკ დუდაევი მის ცხოვრებაში მომხდარმა ამ საზარელმა ეპიზოდებმა აქცია ბოროტმოქმედად. 2005 წლის 25 ნოემბერს მარეკ დუდაევს, მცხოვრებს ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში, თბილისის სასამართლომ მკვლელობისთვის, გამომძალველობისა და ბანდიტიზმისთვის განაჩენი გამოუტანა – 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. დიდი ხანია, ტერაქტების მოწყობისა და მკვლელობების ბრალდებით, იძებნება მარეკ დუდაევის ძმა, ერიკ დუდაევიც, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატია. humanrights.ge-მ მასთან ტელეფონით ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა.

დუდაევების ოჯახს სეპარატისტები ხშირად ასახელებენ ქართული აგრესიის მსხვერპლის მაგალითად. ერიკ დუდაევიც, humanrights.ge-სთან საუბრისას, ძმას პოლიტიკურ პატიმრად წარმოაჩენს, რომელსაც მისი თქმით, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. თუმცა, ერთგან რიტორიკულად საწინააღმდეგოზე მიანიშნებს: „რატომ არავინ არაფერს ამბობს და არ საუბრობს მარეკის გაკრიმინალებაზე? რატომ ჩავარდა ბიჭი ამ დღეში?! და როგორ გგონიათ, ოსური ოჯახებიდან მაშინ  მარტო ჩვენი ოჯახი გახდა კონფლიქტური სიტუაციების მსხვერპლი? არაერთი!!! სხვათა შორის, 90-იან წლებამდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ქართველებთან. მერე აირ-დაირია ყველაფერი“.

როგორც საუბრისას აღმოჩნდა, ერიკ დუდაევს ძმა პატიმრობის შემდეგ არათუ უნახავს, მასზე არანაირი ინფორმაცია არა აქვს. „არ ვიცი, როგორ არის, რა პირობებში და ა.შ. არაფერი ვიცი მასზე, რაზეც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რა ვქნა?“ - ჩივის იგი.

- თუ გიცდიათ, გაგეგოთ მისი მდგომარობა? თქვენ თვითონ ვერ ახერხებთ ამას, თუ საშუალებას არ გაძლევენ?

- რა თქმა უნდა, არა მაქვს მისი ნახვის საშუალება... კი მაგრამ, როგორ მექნება?! წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა და თავად განსაჯეთ.

- იმიტომ ხომ არა, რომ ქართველი სამართალდამცავების მიერ თქვენზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და იძებნებით?

-  სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ გამოაცხადეს ჩემზე ეს ძებნა. მე საქართველოს კანონმდებლობა არ დამირღვევია. ერთადერთი ჩემი დანაშაული ქართული სამართალდამცავი ორგანოებისთვის არის ის, რომ მარეკ დუდაევის ძმა ვარ. ვერ გამიგია, რას მერჩიან სააკაშვილი, მერაბიშვილი, რას მერჩოდა ოქრუაშვილი და, საერთოდ, თქვენი პოლიტიკოსები. არც მე და არც ჩემს ძმას ქართველი ხალხის საწინააღდეგოდ არაფერი გაგვიკეთებია. საერთოდ, ქართველების მიმართ არანაირი აგრესია ან სიძულვილი არა მაქვს. მე ძალიან მაინტერესებს, რატომ არ გაინტერესებთ მანდ, თბილისში გაარკვიოთ ჩვენი ოჯახის ამბავი - რატომ მოგვექცნენ ასე სასტიკად?! რატომ არ აფასებთ სათანადოდ იმ ტრაგედიას, რაც ჩვენს ოჯახზე დატრიალდა?! და საერთოდ, გაგვაგებინეთ, რატომ დავისაჯეთ ასე?! წარმოიდგინეთ, მამა მომიკლეს, და გამიუპატიურეს... მე ამას არავის არასოდეს ვაპატიებ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - მე არ ვამბობ, რომ ქართველები მძულს. მე ეს გრძნობა მხოლოდ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ მიჩნდება, რომლებიც ჩამოგითვალეთ, რადგან მათ ჩემი ოჯახი მათ და მათნაირებმა დაღუპეს. სწორედ მათ დააპატიმრეს მარეკი და დღემდე მისი ასავალ-დასავალიც არ ვიცით. 

- ქართული მხარის კონტროლირებად ნაწილში თუ გყავთ ვინმე ნათესავი და თუ კონტაქტობთ მათთან?

- არა, არავინ აღარ მყავს მანდ.

- თქვენს ძმაზე საკმაოდ ბევრი რამ თქმულა – კარგიც და ცუდიც. ის ქართულ სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ, როგორც სასტიკი კრიმინალი, რომელსაც მკვლელობა, გამომძალველობა და ბანდიტიზმი ედება ბრალად...

- როგორ თუ კრიმინალი?! მას არავისთვის, არც ერთი ადამინისთვის არაფერი დაუშავებია. ის ბოროტი არასოდეს ყოფილა და ყველას სამართლიანად ექცეოდა. ამას სრული პასუხიმგებლობით გეუბნებოთ, უფრო მეტიც - ბევრი გაჭირვებულისთვის ხელიც კი გაუმართავს. ეგ სულ ქართული ვაისამართლის ამბებია.

- ამბობთ, რომ თქვენი ოჯახის განადგურებას არავის აპატიებთ. ანუ რას აპირებთ?

- როგორ თუ რას ვაპირებ?!.. არ მინდა ამაზე საუბარი. ჩემს ადგილას  ნებისმიერმა ადამიანმა წარმოიდგინოს თავი და მერე თქვას, როგორ მოიქცევა...

- თქვენ თვითონ თუ გაქვთ პასუხი კითხვაზე - რატომ გახდა თქვენი ოჯახი სისასტიკის მსხვერპლი? ხომ უნდა არსებობდეს ამის კონკრეტული მიზეზი?

- მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავით ოსები! აი, ეს იყო მიზეზი. ჩემი დედ-მამა უბრალო კოლმეურნეები იყვნენ და არავის არაფერს უშავებდნენ. ოჯახში მოგვივარდნენ და გაგვანადგურეს. ჩემი ძმა კი ყოველივე ამ უბედურების შემხვედვარე რას იზამდა?! რატომ არავინ არაფერს ამბობს და არ საუბრობს მარეკის გაკრიმინალებაზე? რატომ ჩავარდა ბიჭი ამ დღეში?! და როგორ გგონიათ, ოსური ოჯახებიდან მაშინ  მარტო ჩვენი ოჯახი გახდა კონფლიქტური სიტუაციების მსხვერპლი? არაერთი!!! სხვათა შორის, 90-იან წლებამდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ქართველებთან. მერე აირ-დაირია ყველაფერი. ამაზე არც მინდა საუბარი...

ჩვენი სატელეფონო საუბარი აქ შეწყდა. ინტერვიუს ბოლოს, როცა ოჯახურ ტრაგედიას შევეხეთ, ერიკ დუდაევს ნერვიულობა დაეტყო. მისი წინააღმდეგობრივი პასუხებიდან, შესაძლოა, მართლაც დავიტოვოთ ერთი კითხვა, რომლის ადრესატი არა მხოლოდ ქართველი სამართალდამცველები, არამედ მთელი ქართული საზოგადოებაა - მართლაც, აქამდე რატომ არ არის შესწავლილი და შეფასებული ის ტრაგიკული შემთხვევები, რასაც შემდგომში ჯაჭვური რეაქციით მრავალი შურისძიება და სისხლისღვრა მოჰყვა? ხომ არ იქნება უკეთესი, ვეძებოთ დანაშაულის მიზეზები, მისი წარმომავლობა და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ შედეგებზე?

ახალი ამბები