კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ბარამია: „მოგიწოდებთ აფხაზნო, ისევ ერთად დავდგეთ საერთო მტრის წინააღმდეგ“

5 მარტი, 2010

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 3 მარტს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთიდან, ლევილის ისტორიული მიწიდან მიმართა. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად.

„მოგესალმებით საფრანგეთიდან, ლევილის იმ ისტორიული მიწიდან,  რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ბძროლის სიმბოლოა. აქ სამშობლოს მოწყვეტილ პატრიოტებს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის ბრძოლა. გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია სუვერენული საქართველოს ანექსიით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთმა 1920 წლის 7 მაისს თავად აღიარა, ეს ხელშეკრულება მანვე უხეშად დაარღვია. 

დღეს ამ ისტორიული ადგილიდან მინდა, მოგმართოთ, ჩემო ძვირფასო საქართველოს შვილებო! განსაკუთრებით მივმართავ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას! ჩვენ ვდგავართ აფხაზი კაცის, საქართველოს თვალსაჩინო შვილის არზაყან ემუხვარის საფლავთან, რომელიც დემოკრატიული აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის პირველი თავმჯდომარე იყო. არზაყან ემუხვარი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე ნოე ჟორდანიას გვერდით განისვენებს. ის არ შეეგუა საქართველოს ოკუპაციას და თავისუფლების დაკარგვას ემიგრაციაში სიკვდილი ამჯობინა. ეს გმირები სამშობლოდან შორს, დევნილობაშიც ქვეყნის  გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ქართველს, აფხაზს, ოსს ერთი მიზანი ამოძრავებდა – საქართველოს დამოუკიდებლობა! 

მოგიწოდებთ აფხაზნო, ისევ ერთად დავდგეთ საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელსაც აფხაზთა და ქართველთა დაჩოქება და ჩვენი ერთმანეთისგან საბოლოო გახლეჩა და დაშორება აქვს განზრახული! რუსეთის პოლიტიკის შედეგები სახეზეა: აფხაზს საკუთარ მიწაზე აღარ ეცხოვრება, ინტენსიურად მიმდინარეობს აფხაზეთის რუსიფიკაციის პროცესი; მიზანმიმართულად გრძელდება აფხაზური ენის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული თვითმყოფადობის წინააღმდეგ ბრძოლა; აფხაზებს გენოციდს უწყობენ, იგნორირებულია აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობის ინტერესები. ხალხის ძალას წინ ვერაფერი დაუდგება, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ხმა ავიმაღლოთ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც აფხაზეთში ხდება, ჩვენი ხმა მთელს მსოფლიოს მივაწვდინოთ და ერთად მოვითხოვოთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა!

ლევილში მყოფმა, მინდა, გავიხსენო საფრანგეთის თანადგომა საქართველოს მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ როგორც 20-იან წლებში, ასევე 2008 წლის აგვისტოში აღმოგვიჩინა. საფრანგეთმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აქტიური მონაწილეობა მიიღო აგრესიის შესაჩერებლად. ამჟამად საფრანგეთში ვიზიტად მყოფ დიმიტრი მედვედევს  პრეზიდენტმა სარკოზიმ კიდევ ერთხელ მოთხოვა 2008 წლის აგვისტოში დადებული ექვსპუნქტიანი დოკუმენტის შესრულება.

მოგეხსენებათ, დღეს 3 მარტია და სრულიად საქართველო დედის დღეს აღნიშნავს. განსაკუთრებით მინდა, მოვეფერო აფხაზ და ქართველ დედებს, რომელთა შვილები ძმათამკვლელ ომს შეეწირნენ. თქვენ - დედებს შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ იმ უდიდესი მისიის განხორციელებაში, რასაც ჩვენი ერთობა ჰქვია, რამეთუ მწუხარე დედის ნათქვამ სიტყვას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ოკუპანტის მიერ ხალხის დასაშინებლად გასროლილ ტყვიას. ახლა, როგორც არასდროს, სჭირდება ჩვენს სამშობლოს ისეთი მამულიშვილები, რომლებიც თავიანთი სახელოვანი წინაპრის - არზაყან ემუხვარის საქმეს გააგრძელებენ. ჩვენო მამულიშვილებო, აფხაზო დებო და ძმებო, მტკიცედ და შეურყევლად დავდგეთ ჩვენი საერთო ინტერესების და მომავლის დასაცავად!
                                         
გვფარავდეს ღმერთი! ანცა΄ ჰაინიჰაა΄იტ!“

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები