კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე-13 კვარტალი ქართულად“ - ფილმი დაუსჯელობის სინდრომზე

15 მარტი, 2010

                                                                                                       თაკო ხუციშვილი

სახალხო დამცველის ოფისში 12 მარტს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გიორგი ჯანელიძის ფილმის პრეზენტაცია მოაწყო. „მე-13 კვარტალი ქართულად“ - ასე ჰქვია საგამოძიებო ფილმს, რომელიც საჯარო რეესტრის დაცვის თანამშრომლის, ვასილ ამონიშვილის გარდაცვალების გარემოებებს მიმოიხილავს.

2008 წლის 11 ივნისს, 30 წლის ვასილ ამონიშვილი თბილისში, მოსკოვის პროსპექტის ერთ-ერთ უბანში მომხდარ ჩხუბს შეეწირა. გარდაცვილის დედა და დეიდა ამტკიცებენ, რომ მკვლელობაში ძმები ბერძენიშვილები მონაწილეობდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი - მერაბი საქართველოს პრეზიდენტის დაცვის წევრია, ხოლო მეორე, ვაჟა - პოლიციელი.

ვასილ ამონიშვილის მკვლელობის თემით პირველად პრესა.გე-ს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი  დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნულ თემას ვრცელი სტატია უძღვნა.  ნინო მიქიაშვილის სტატია - „ბატონო პრეზიდენტო, რატომ მომიკლა შვილი თქვენი დაცვის წევრმა?!“  2009 წლის 5 ოქტომბერს პრესა.გე-ზე გამოქვეყნდა. გიორგი ჯანელიძის თქმით, სწორედ ეს სტატია დაედო საფუძვლად  ფილმის გადაღებას.

ფილმის პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად გარდაცვილი ვასილ ამონიშვილის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

„ეს ფილმი არის დაუსჯელობის სინდრომზე, რომელიც პრაქტიკულად მთელს  ქვეყანაშია გამეფებული და კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ამ ფილმში დასმულია კითხვები, რომელზეც ჩვენ გვინდა, გავიგოთ პასუხები. საქმე უნდა იყოს გამოძიებული და კონკრეტული დამნაშავეები დასჯილი. სამწუხაროა, რომ წამყვან მედიასაშუალებებს საქართველოში არ გასჩენიათ ინტერესი, რომ ეს საქმე გაეშუქებინათ“, - განაცხადა ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა.

გიორგი ჯანელიძე, ფილმის ავტორი: „ამ ფილმით შევეცადეთ, ნათელი მოგვეფინა იმ საქმისთვის,  რომელიც სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული. ჩვენ ხელს არავის ვადებთ. მთავარი მესიჯი არის ის, რომ ეს ფაქტი უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“.

ნინო მიქიაშვილი, პრესა.გე-ს ჟურნალისტი: „ფილმი ძალიან საინტერესოდ არის გაკეთებული. გიორგიმ გაცილებით მეტი ინფორმაცია მოიპოვა, ვიდრე ჩემს სტატიაში იყო. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ის, რომ პატრულში არავის დაურეკავს და ასევე ჟურნალისტმა ოფიციალური დოკუმენტი მიიღო იმისა, რომ  ბერძნიშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა. ეს უფრო ამყარებს დედის ეჭვს და ვერსიას, რომ მისი შვილი სააკაშვილის დაცვის წევრმა მოკლა, როგორც ეს იცოდა მონაყოლით და გადმოცემით. ვფიქრობ, ასეთი ფილმების გადაღება ჩვენი კარგად  ყოფნისთვის არის  აუცილებელი, რადგან ხვალ და ზეგ სხვა ვასილ ამონიშვილი აღარ მოკლან, მკვლელი კი დაისაჯოს და სხვა მკვლელსაც ყოველთვის ხელი აუკანკალდეს მსგავსის გაკეთებაზე, ჰქონდეს შიში, რომ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობს და დანაშაულისთვის აუცილებლად დასჯიან“.

გულნაზ ამონიშვილი, მოკლულის დედა: „ძალიან დიდი მადლობელი ვარ პირველ რიგში იური ვაზაგაშვილის, რომელმაც ნინოსთან დამაკავშირა და ამ სტატიას მხოლოდ თქვენი ცენტრი გამოეხმაურა. გაზეთებშიც დავწერე, მაგრამ არავის აინტერესებს ჩემი ტკივილი. ყველა თავისი პოლიტიკური ამბებითაა დატვირთული. ახლა კი ისეთი შეგრძნება  მაქვს, თითქოს  შვილი გამიცოცხლდა, ვიღაცამ მაინც  რომ გაარკვია სიმართლე“.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ფილმს უახლოეს დღეებში ყველა წამყვან მედიასაშუალებას მიაწვდის და სთხოვს, უჩვენონ საზოგადოებას. 

ახალი ამბები