კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება „იმედის“ პროვოკაციაზე

15 მარტი, 2010

13 მარტს საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულმა გამოგონილმა ამბავმა, თითქოს რუსეთთან ომი განახლდა, საზოგადოებაში პანიკა და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. მცირე გაფრთხილებაში, რომელიც ტელეკომპანიამ გადაცემის დაწყებამდე გააკეთა, აღინიშნა, რომ ეს „მოდელირებული“ ამბავი იყო, თუმცა თავად გამოგონილი სიუჟეტების მსვლელობისას, ეკრანზე არსად ეწერა, რომ ეს მართალი არ იყო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გმობს საზოგადოებაზე ზემოქმედების ამგვარ ფორმას, რაც ჩვენი აზრით, სცილდება ეთიკური ნორმებისა და ჟურნალისტური სტანდარტების ფარგლებს და ეხება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი, გიორგი არველაძე ამ თანამდებობაზე მოსვლამდე ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრი იყო. ამდენად, ტელეკომპანიას, რომელსაც გიორგი არველაძე ხელმძღვანელობს, ვერც დამოუკიდებელ ტელეკომპანიად განვიხილავთ და ვერც ე. წ. მოდელირებულ „ქრონიკას“ შევაფასებთ მხოლოდ ჟურნალისტურ პროდუქტად.

საგანგაშოა, რომ რუსული „ინტერვენციის“ „მოდელირებული“ გეგმა, შესაძლოა, ემთხვეოდეს ხელისუფლების უახლოეს გეგმებს. კერძოდ, ე. წ. მომავლის „ქრონიკის“ სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რა დროსაც „დაუდგენელმა პირებმა“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მშვიდობიან მომიტინგეებს. ვფიქრობთ, მსგავსი განცხადება წარმოადგენს საზოგადოების დაშინებას, რომ თუკი მაისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდება და ამის თაობაზე საზოგადოება პროტესტს გამოხატავს, არსებობს საფრთხე, „დაუდგენელმა პირებმა“ დახვრიტონ დემონსტრანტები და მომიტინგეები. სამწუხაროდ, მსგავსი „დაუდგენელი პირები“ არაერთხელ გვინახავს საპროტესტო აქციებზე, როცა ე. წ. ზონდერები სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ხელისუფლებისთვის მიუღებელი  პოზიცია ჰქონდათ. 

„იმედის“ სიუჟეტში ნაჩვენები „მომავალი“ უფრო მეტად წარმოაჩენდა ხელისუფლების შიშებს და არა რეალურ საფრთხეებს. ხელისუფლებას კი, როგორც ჩანს, ამჟამად ერთადერთი შიში აქვს - ძალაუფლების დაკარგვის შიში.

ხელისუფლების პოზიცია კარგად გამოჩნდა პრეზიდენტ სააკაშვილისა და „იმედის“ გენერალური დირექტორის, გიორგი არველაძის კომენტარებში, რომლებმაც თავი კი არ იმართლეს, არამედ გაამართლეს ტელეეთერში გასული ცრუ განგაში. 

კერძოდ, 14 მარტს სააკაშვილმა ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა: „მინდა, ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ გუშინდელი რეპორტაჟის მთავარი უსიამოვნება იყო ის, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო რეალობასთან, მაქსიმალურად ახლო იყო იმასთან, რაც შეიძლება, რეალურად მოხდეს, ან რაც აქვს თავის ტვინში საქართველოს მტერს“... „ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ მთავარი რეჟისორი ზის და ისევ წერს სცენარებს და ეს სცენარები, სამწუხაროდ, ახლოს არის იმასთან, რაც გუშინ გვაჩვენეს“.

გიორგი არველაძე კი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გაკეთებულ კომენტარში უფრო შორს წავიდა და აღნიშნა: „მიმაჩნია, რომ მთავარი იმ მოვლენების სწორად შეფასებაა, რაც მართლა მიიყვანს ქვეყანას  უბედურებამდე. არავის ისედაც უკვე მოშლილი ნერვების მოშლა არ უნდა... უბრალოდ, თუ რამეზე დაფიქრება გინდათ, იმაზე დაფიქრდით, 1920 წლის ბოლოს, საქართველოში რომ ყოფილიყო ტელევიზია და დაეშვა იმიტაცია ზუსტად იმისი, რაც 1921 თებერვალში მოხდა, ხომ შეიძლება, უფრო მეტ ქართველს სხვანაირად შეეხედა საფრთხეებისთვის და უფრო მაგრად დავხვედროდით მტერს? ხომ შეიძლება, მინიმუმ, შულავერის კომიტეტის  შექმნა მაინც არ დაგვეშვა. მე მგონი, მთავარია, იმ უბედურებაზე კი არ ვინერვიულოთ, რაც გვგონია რომ ხდება, არამედ სწორად შეფასოთ ის მოვლენები, რაც მართლა ხდება და რაც ხვალ უეჭველი მიგვიყვანს მაგ უბედურებამდე“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს, კომპეტენტურმა ორგანოებმა გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა და დააყენოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც კი დაკავშირებული იყო ე. წ. მოდელირებული „ქრონიკის“ მომზადებასთან.

ახალი ამბები