კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბეწვზე გადავრჩით!.. ახლა ჩვენ თავდასხმას რუსებისგან კი არა, თბილისიდან ველით!“ - აცხადებენ ახალგორში

16 მარტი, 2010

მარი ოთარაშვილი

„13 მარტს „იმედზე“ გასული რუსული თავდასხმის იმიტაციის შემდეგ ახმაჯთან, ქართულ ბლოკ-საგუშაგოზე ქართული პოლიცია და სამხედროები მზადყოფნაში იყვნენ. ისინი „ქრონიკის“ „მოდელირებული გამოშვების“ შემდეგ რუსული საგუშაგოდან გასროლას ელოდნენ“, – აცნობეს humanrights.ge-ს ახალგორიდან.

„იმედის“ ეთერში გასულ „მომავლის ქრონიკას“ სამარცხვინოს და პროვოკაციულს უწოდებს ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაც. როგორც humanrights.ge-სთან საუბრისას დე ფაქტო ადმინისტრაციის ვიცე-ხელმძღვანელი ალექსანდრე ბარათაშვილი აცხადებს, საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, „იმედის“ სიუჟეტის შემდეგ რუსები საბრძოლო მზადებაში იყვნენ, სიცრუეა. მისივე თქმით, „იმედის“ სიუჟეტი რუსებს სიცილადაც არ ჰყოფნით.         

„13 მარტს, დაახლოებით 8 საათისთვის, ქართული საგუშაგო სრულ მზადყოფნაში იყო. გარდა იმისა, რომ კბილებამდე შეირაღებულნი იყვნენ, მათ 8 საათის მერე არც ერთ მგზავრს არ მისცეს ახალგორისკენ გზის გაგრძელების საშუალება;  ახალგორში არ შეუშვეს ისინიც კი, ვინც აქ არის რეგისტრირებული, თორემ სხვაგან რეგისტრირებულებს, მოგეხსენებათ, დიდი ხანია, აქ ისედაც აღარ უშვებენ. დღესავით ნათელია, რომ ამ სიუჟეტით ქართული მხარე რუსების გაბრაზებას და მათგან გასროლას ელოდა. ქართულ საგუშაგოზე გამოცხადებული საბრძოლო განწყობა ამაზე მეტყველებს. სიუჟეტი წმინდა წყლის პროვოკაცია იყო, რომელზეც რუსები არ წამოეგნენ. მასში ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილმა საბრძოლო მობილიზაცია გამოაცხადა. ხომ შეიძლებოდა, ამის გამო ერთ რუს ჯარისკაცს მაინც გაესროლა?! ამ ერთი გასროლით კი, მშვენივრად მოეხსენება ყველას, რაც დაიწყებოდა. წარმოიდგინეთ, ბეწვზე გადავრჩით. სააკაშვილმა უნდა აგოს ყველაფერზე პასუხი. მისი პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე გულგახეთქილი რომ მივარდა „იმედში“, ესეც დადგმული იყო. უფრო სწორად – სპექტაკლის კუდი. მერე ბოდიშს რომ იხდიდნენ, საქართველოს ხელისუფლებას გიგი უგულავას მეტი სხვა პირველი პირი არ ჰყავდა?! თუ სხვა დანარჩენი სიცილისგან იგუდებოდა?! სააკაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რა ტრამვაც ამ გადაცემით მთელმა საქართველომ მიიღო“, – ამბობს ერთ-ერთი ახალგორელი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

ახალგორელები იმასაც ამბობენ, რომ რუსული სამხედრო ძალების პროვოკაციაზე წამოგება ამ თვის დასაწყისში დაიგეგმა. სწორედ ამით ხსნიან ქსნის ხეობაში მცხოვრებლები 1 მარტიდან ქართულ ბლოკ-საგუშაგოზე მგზავრობის წესების გამკაცრებას. მათი თქმით, 1 მარტიდან ქართული უშიშროების წარმომადგენელი საგუშაგოსათან თითოეულ მგზავრს დაკითხვას უწყობს და ყველაფერს ბლოკნოტში ინიშნავს. თუმცა, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყოფს.  

ახალგორში, სადაც რუსული საჯარისო ნაწილებია დისლოცირებული, „იმედის“ სიუჟეტს მოსახლეობის უდიდესი პანიკა და შოკი მოჰყვა. ახლგორელები აღშფოთებას გამოხატავენ არა მარტო ტელეკომპანია „იმედის“ მესვეურთა მიმართ, არამედ საყვედურობენ „იმედის“ სტუდიაში იმ საღამოს მიწვეულ ექსპერტებსაც.    

„რასაც „იმედი“ გადასცემს ახალგორისა და გალის შესახებ, დაწყებული რუსული პასპორტების გაცემით, რუსების მიერ ვითომდა ხალხის დაწიოკებით დამთავრებული - ეს ყველაფერი ტყუილია. ამ დეზინფორმაციებს დაამატეს გუშინდელი ვაისიუჟეტიც. ამის წყალობით ახალგორში ყველა ცოცხალ-მკვდარია. როგორ არ რცხვენია სააკაშვილს?! ისედაც რა დაძაბულობაში გვიწევს ცხოვრება და ამას რას გვიკეთებს?! თუ ძალიან უნდოდათ წინასწარი ფილმის გადაღება, რატომ უკეთეს მომავალზე არ გადაიღეს?!“ – ამბობს ერთ-ერთი ახალგორელი ქალბატონი და ამასაც უმატებს, -  „სირცხვილი იმ ექსპერტებსაც, რომლებიც იქ, იმ სტუდიაში ფილმის განხილვისას რეცენზიებით გამოდიოდნენ. ზოგიერთები ერთმანეთში რაღაცას ხუმრობდნენ თუ იცინოდნენ. ხალხმა კი შოკი (ამ სიტყვას პირდაპირი მნიშნელობით ვამბობ) მიიღო. ისედაც ხალხი ასეთ დაძაბულობაში ვცხოვრობთ და რას აკეთებენ?! ან იმ ჟურნალისტებს თავში ტვინი თუ აქვთ?! მაგათ უნდა თქვან, ობიექტური ჟურნალისტები ვართო?! სირცხვილი მაგათ!!! იმის მაგივრად, რომ საქართველოს ხელისუფლება აქ მცხოვრებ ხალხს გვამშვიდებდეს და ხელს გვიწყობდეს აქ ცხოვრებაში, პირიქით, - საფრთხეში გვაგდებს. გუშინ მილიციის უფროსი ვალერი ფუხაევი დადიოდა და ხალხს აწყნარებდა, ამშვიდებდა. რუსებიც დადიოდნენ სოფლებში და ხალხს ეუბნებოდნენ: ნუ გეშინიათ, ეს პროვოკაციაა და დაგეგმილია იმისთვის, რომ აქედან გასროლა მოხდესო... ძალიან გვეშინია. ჩვენ ახლა თავდასხმას რუსებისგან კი არა, თბილისიდან ველით!“

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, კერძოდ - სოფელ მეჯვრისხევთან, ქართველი სამხედროების დიდი კოლონის გადაადგილება შეინიშნებოდა.

„კოლონა გორის მხრიდან შემოვიდა. ევროკავშირის დამკვირვებლები, როგორც ყოველთვის, საფარის ფუნქციას ასრულებენ. საქართველო ახალ პროვოკაციას ამზადებს“, - განაცხადა კოკოითის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებაში, ბორის ჩოჩიევმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახალი პროვოკაცია 13 მარტს ღამით ნიქოზიდან სროლით დაიწყო და „იმედის“ სპექტაკლით“ გააგრძელა.

„საქართველო რაღაცისთვის ემზადება და იცის რა, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს ისევ დაიცავს, ეს სპექტაკლი საკუთარი შესაძლო მოქმედებების გასამართლებელი, კარგად დაგეგმილი მანევრი იყო“, - განაცხადა ჩოჩიევმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. მერაბიშვილის უწყებიდან ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ
„ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ქართული საჯარისო ნაწილების არანაირი გადაადგილება არ მომხდარა და ამ ტერიტორიაზე სიმშვიდეა“.

უტიაშვილმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მზადყოფნაში არა ქართული ჯარი, არამედ ახალგორში მყოფი რუსული არმიის ნაწილებია. თავის მხრივ, ამ ინფორმაციას ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაცია უარყოფს.

ალექსანდრე ბარათაშვილი: „ეს არის აბსოლუტური სიცრუე. რუსები არც არაფერს არ აპირებენ, წყნარად არიან. მარტო დგანან და ამ ყველაფერზე იცინიან. უკვირთ კიდეც: ამ სააკაშვილს, ბოლოს და ბოლოს, რა უნდაო. რუსულ სამხედროთა მხრიდან აქ არანაირი დაძაბულობა არ არის, პირიქით - სრული სიმშვიდეა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხალხი „იმედის“ „შედევრით“ დაშინებულია და პანიკაშია. საქართველოს ხელისუფლება ასე არასერიოზულად არ უნდა იქცეოდეს. რუსებმა „იმედის“ სიუჟეტი სასაცილოდ მიიღეს და სააკაშვილის ხელისუფლებას დასცინიან. რაც „იმედმა“, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ ამ სიუჟეტით გააკეთა, ეს არის მასხარაობა. რა ვუწოდო, სიტყვებიც კი არ მყოფნის“.

ჩოჩიევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრებთან ქართველი სამხედროების კოლონის განათავსებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე მახარაძემ კომენტარის ღირსადაც არ ჩათვალა.

ახალი ამბები