კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები კოლეგების ქმედებებს მკაცრად აფასებენ

18 მარტი, 2010

ანა შეშაბერიძე

ტელეკომპანია „იმედმა“ ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპი დაარღვია და იცრუა - აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამფუძნებლები და ხელმომწერები 13 მარტს „იმედის“ ეთერში ე. წ. მოდელირებული „ქრონიკის“ კომენტირებისას. სწორედ ამ ქარტიის ხელმომწერია ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რომელიც „იმედზე“ „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანია.

13 მარტს, „სპეციალური რეპორტაჟის“ გასვლის შემდეგ მთელი საქართველო მასზე ალაპარაკდა, რადგან „ქრონიკის“ სპეციალური ჩართვა ხალხს ომის დაწყებას აუწყებდა. იმ ადამიანებმა კი, ვინც სიუჟეტს დაკვირვებით არ უყურა, ასეც გადაწყვიტა - რუსის ჯარი თბილისთან ახლოს იყო. თუმცა, ჟურნალისტმა ამ ჩართვის შესახებ, „ქრონიკამდე“ ამცნო მაყურებელს, რომ გადაცემა რეალური არ იყო. როგორც შემდგომ ნათია კობერიძემ განაცხადა, „იმიტირებული სიუჟეტის მიზანი რეალური რუსული საფრთხეების პრევენცია იყო“. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ სიუჟეტმა ხალხი პანიკაში ჩააგდო და მოსალოდნელი საშიშროების გაცნობიერებისას საკვებისა და საწვავის მარაგის მოგროვება დაიწყო. ამ ამბავმა ერთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა, ფეხმძმე ქალებს კი ნერვიულობის ნიადაგზე ექიმის დახმარება დასჭირდათ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „ქრონიკის“ 13 მარტის მოდელირებული სიუჟეტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს მაუწყებლობის ქცევის კოდექსს არღვევს, რომელიც საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ არის დამტკიცებული და ნორმატიულ აქტს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი ზოგიერთი მუხლი სავალდებულოა შესასრულებლად. „იმედმა“ დაარღვია მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისაგან, ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია ნათლად უნდა იყოს მითითებული. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, თამარ ხიდაშელის თქმით, მართალია, რეპორტაჟის დაწყებამდე  ჟურნალისტმა გააფრთხილა მაყურებელი, რომ ეს იქნებოდა არარეალური, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ გადაცემას მსვლელობისას ბევრი ადამიანი შეიძლება შეერთებოდა, წინაანონსი არ ამართლებს.

ახალგაზრდა იურისტების თქმით, ქცევის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლები, როგორ უნდა გაშუქდეს შეიარაღებული დაპირისპირების ან საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებული მასალები. ამას 51-ე მუხლი არეგულირებს, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ასეთ ვითარებაში მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ ფაქტებს და პატივი სცეს აუდიტორიის ემოციებს. ტელეკომაპნია „იმედის“ მხრიდან აუდიტორიის ემოციის პატივისცემაზე საუბარი ზედმეტია.

საქართველოში პირველად ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, არცთუ დიდი ხნის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაფუძნდა. ის თერთმეტ პუნქტს მოიცავს. მისი დაარსების ძირითადი მიზანია, მედიაში შეიქმნას თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტებს ეთიკის ჩარჩოებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. მთავარი მოთხოვნა, რასაც ქარტია ხელმომწერ ჟურნალისტებს უწესებს არის სიმართლის თქმა. სწორედ ეს მთავარი პრინციპი დაარღვია ტელეკომპანია „იმედმა“.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ ეთიკის ქარტიის საბჭომ, მიუხედავად იმისა, რომ მათთან საჩივარი არ შესულა, სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამის უფლებას მათ ქარტიის ხელმომწერისგან ქარტიის პრინციპების დარღვევა ანიჭებს. ნათია კობერიძე ქარტიის არა მარტო ხელმომწერი, არამედ დამფუძნებელია. განცხადების მიზეზი საზოგადოების დიდი ინტერესიც იყო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანი ნათია კობერიძე, „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმომწერია. საბჭო გეგმავს, ნათია კობერიძე შეხვედრაზე მიიწვიოს და მომხდართან დაკავშირებით მისგან სრული ინფორმაცია მიიღოს.

საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის საბჭოს წევრისა და ჟურნალისტის, ირაკლი აბსანძის განცხადებით, ქარტიის საბჭო „იმედში“ გასული გადაცემის ფორმითა და შინაარსით შეშფოთებულია. მას იმედი აქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება აქტიურობა, რათა ქარტიის საბჭომ ქმედითი ღონისძიებების გატარება შეძლოს.

გთავაზობთ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებას:

„საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭო ყურადღებითა და შეშფოთებით აკვირდებოდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ „მოდელირებულ ქრონიკას“ და მის თანმდევ თოქ-შოუს, რომელსაც ჩვენი ქარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმომწერი ნათია კობერიძე უძღვებოდა.

ჩვენს ამ მოკლე მიმართვაში არ შევჩერდებით ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტების დარღვევის ცალკეულ წვრილმან  ფაქტებზე. ყურადღებას მხოლოდ განსაკუთრებულად უხეშ შეცდომებზე გავამახვილებთ:

ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ არხის მაყურებელს „ქრონიკის“ იმდროინდელი ფორმატის განსაკუთრებულობის შესახებ 19:59 წუთზე მოკლედ და გაკვრით ამცნო. 20:00:23 - ზე უკვე ეთერში გავიდა „ქრონიკის“ ამოსაცნობი „ქუდი“,შემდეგ კი აბსოლუტურად ავთენტურ სტუდიაში წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი გამოჩნდა. არც ერთი თვალშისაცემი ტიტრი ან სტუდიის ინტერიერის ცვლილება არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეთერში „მოდელირებული ქრონიკა“ იყო და არა „იმედის“ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მსგავსი განმასხვავებელი ნიშანი ეთერში გასულ არც სხვა რეპორტაჟს ახლდა.

ჩვენს, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭო, ვგმობთ ადამიანებით მსგავს საინფორმაციო მანიპულირებას და მოვითხოვთ, ტელეკომპანია „იმედის“ ამ მიმართულების ხელმძღვანელებმა და ეთერში გასული ტელეპროდუქტის შემოქმედებითმა ჯგუფმა პირად შეხვედრაზე განგვიმარტონ, სად და ვისი პასუხისმგებლობით მოხდა ასეთი საბედისწერო შეცდომის დაშვება. ამ შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებულმა გადაცემამ საზოგადოების დიდ ნაწილში პანიკა გამოიწვია, შესაბამისად, დაარღვია როგორც საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ისე საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის პრინციპები.

საბჭოს წევრები განსაკუთრებით ვაპელირებთ ჩვენს ჩვენს თანამოაზრესა და ქარტიის ხელმომწერზე, „მოდელირებული ქრონიკის“ შემდგომი თოქ - შოუს წამყვანზე, ქალბატონ ნათია კობერიძეზე. დარწმუნებული ვართ, ნამ იცის, რომ სატელევიზიო ეთერში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტების მიერ ხანგრძლივ პროცესში შეთანხმებული და შემუშავებული შემდეგი ეთნიკური პრინციპები:

• ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

• ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

• მეიდა ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად ააზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

მიმართვას ხელს აწერენ ჟურნალისტები: ბესო კურტანიძე, ელისო ჩაფიძე, ნინო ზურიაშვილი, ირაკლი კორძაია, საბა წიწიკაშვილი, ანი მიროტაძე, ანა გოჩაშვილი, ნინო ბექიშვილი, რომან ქევხიშვილი, ნათია მიქიაშვილი, ეკა ვეფხვაძე, თეონა გეგელია, ნინო ჯაფარიძე და თემურ ჭუმბურიძე.

ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის, ნინო ზურიაშვილის თქმით, საბჭო აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე. „ეს ჟურნალისტი რადგან ქარტიის წევრია, ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილების გამოტანის უფლება. წინასწარი აზრი კი ისაა, რომ მათ არ თქვეს, რომ სიუჟეტი არარეალურია. არაადეკვატურად მიაწოდეს საზოგადოებას ის, რომ სიუჟეტი იყო გამოგონილი. ამიტომ თქვეს ტყუილი“, - განაცხადა ნინო ზურიაშვილმა.

საბჭო პირველად 4 მარტს შეიკრიბა. მომავალ შეკრებას კი საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე დანიშნავს, სადაც სწორედ „ქრონიკის“ საკითხი განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

ქარტიის ერთ-ერთი ხელმომწერი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე გაკვირვებულია, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც მოამზადეს ეს სიუჟეტი, ვერ არჩევენ ერთმანეთისგან ჟურნალისტიკას და მხატვრულ ნაწარმოებს.

ელისო ჩაფიძე: „ლიტერატურულ ნაწარმოებში შეგიძლია, შენ მიერ შეთხზული ფაქტები გადმოსცე. ჟურნალისტიკის უპირველესი ამოცანა კი ისაა, ეყრდნობოდეს რეალურ ფაქტებს. სწორედ ამიტომ საბჭომ ჩათვალა, რომ ქალბატონმა ნათიამ და იმ შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელსაც ბატონი გიორგი არველაძე, სამწუხაროდ, არ ამხელს, პირველ რიგში დაარღვია ჟურნალისტიკის უმთავრესი პრინციპი, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს. მიუხედავად მათდამი ადამიანური თანაგრძნობისა, მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, როგორ უნდა გააგრძელონ თავიანთი მოღვაწეობა, ბატონმა ლაშა ხარაზიშვილმა და ქალბატონმა ნათია კობერიძემ სერიოზული ანალიტიკური გადაცემის წამყვანებად. ამ გადაცემის შემდეგ, ბუნებრივია, მათ მიერ გადმოცემული ნებისმიერი  ინფორმაციის მიმართ გაჩნდება ეჭვი, ხომ არ არის მოდელირებული ან იმიტირებული“.

ელისო ჩაფიძის აზრით, ამ გადაცემის გასვლა მხოლოდ „იმედის“ შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილება არ იყო და დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, რადგან სიუჟეტთან დაკავშირებით მოწვეული ექსპერტების ნაწილს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს გადაცემაში მონაწილეობის მიღება.

ჟურნალისტმა „ქრონიკის“ ეს სიუჟეტი უპასუხისმგებლოდ შეაფასა და 7 ნოემბერთან დაკავშირებით მომზადებულ ფილმს შეადარა.

ელისო ჩაფიძე: „როგორც ჩანს, ორივე სიუჟეტის რეჟისორები ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი არველაძე მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი პირველი თანამებრძოლი გახლავთ, ჟერ კიდევ იუსტიციის მინისტრობის დროიდან. ამ შემთხვევაში ჟურნალისტიკის ეთიკის ყველანაირი სტანდარტია დარღვეული. თუმცა, ეს არ უნდა იქნას გამოყენებული მედიის თავისუფლების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ამ სიუჟეტის შემდგომ უნდა დაწესდეს კონტროლი მედიაზე. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ მსგავსი ტიპის დარღვევები არაეთიკურია და უნდა დაწესდეს შესაბამისი მორალური, თუ სამართლებრივი სანქციები, რასაც კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია აწესებს“.

ეთიკის საბჭო კი გადაწყვეტილებას შეკრების შემდეგ გამოიტანს. მაქსიმალური, რაც მათ შეიძლება გააკეთონ, ჟურნალისტის ეთიკის საბჭოდან გარიცხვაა. ასეთი ღონისძიებები სხვა ჟურნალისტებსაც შეუშლით ხელს, რომ მსგავსი ტიპის დარღვევები აღარ გაიმეორონ.

„მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით კომენტარი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელის მოადგილემ ეკა წამალაშვილმა გააკეთა. მან, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, მწუხარება გამოთქვა, რომ ვერ შეძლეს უფრო ნათლად განემარტათ საზოგადოებისთვის, რომ ეს იყო მოდელირებული „ქრონიკა“.

„ჩვენ შორის იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და ცხარე კამათიც, თუ როგორ გასულიყო გადაცემა ეთერში. ამ გადაცემის სხვადასხვა ნაწილებზე სხვადასხვა ჯგუფები მუშაობდნენ და მოხდა ისე, როგორც მოხდა“, – აღნიშნა წამალაშვილმა.

15 მარტს კი forum.ge-ზე ფარული სატელეფონო ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ეკა წამალაშვილისა და გიორგი არველაძის საუბარი, ეთერში გასასვლელ სიუჟეტს ეხებოდა. ისინი ამ ჩანაწერს რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილ ფაბრიკაციად აფასებენ.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია „იმედს“ ბოდიშის მოხდა და დარღვევის აღიარება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ არაადეკვატურად აფასებს. „იმედმა“ ბოდიში 5 დღის ვადაში უნდა მოიხადოს.

ახალი ამბები