კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ასეთი რა გამიკეთეს, რომ მოწყვეტილი ვარ წელსქვევით?!“ - ნადიმ ცეცხლაძე გლდანის საპყრობილეში გარდაიცვალა

19 მარტი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

 
  გარდაცვლილ პატიმარს წამების კვალი ეტყობა
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დამთავრების შემდეგ, მშობიარე მეუღლის სანახავად შინ წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, მეთაურმა შვებულება არ მისცა. ნადიმ ცეცხლაძემ მეთაურის სიტყვები არაფრად მიიჩნია, ფორმა დაუტოვა და სოფელში დაბადებული შვილის სანახავად წავიდა. ბათუმის სამხედრო სამსახურის მიტოვების გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 30 წლის ნადიმ ცეცხლაძე სამართალდამცავებს 2009 წლის 6 სექტემბერს ჩაბარდა. გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში 1979 წელს დაბადებული ნადიმ ცეცხლაძე ერთი წელი ბათუმის სამხედრო ბატალიონში მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს კი ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა.

„ჩემს შვილს გავაგებინეთ, რომ მისი მეუღლე მშობიარობდა. მეთაურმა სახლში გაშვებაზე უარი უთხრა. გაბრაზებულმა გაიხადა ფორმა და მიუყარა მეთაურს. ამის გამო დაიჭირეს. ჯერ 5000 ლარი გირაო გადავიხადეთ, შემდეგ საპროცესო გარიგება შემოგვთავაზეს. გორის პროკურატურა თანახმა იყო, საერთოდ პატიმრობა მოეხსნათ და მხოლოდ პირობითი და ის გადახდილი 5 000 ლარი ჯარიმის სახით დაეტოვათ, მაგრამ სასჯელარსრულების დეპარტამენტიდან მოითხოვეს, ერთი წელი მაინც დატოვეთ ციხეშიო. რატომ, რისთვის?! მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლეს მივაღწიო და ამას არავის ვაპატიებს“, - გვითხრა გარდაცვლილის მამამ შოთა ცეცხლაძემ.

ჯერ კიდევ 5 მარტს უფლებათადამცველი ნანა კაკაბაძე იტყობინებოდა, რომ გეგუთის მე-8 საპყრობილეში პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმავე დღესვე ცეცხლაძის მეუღლემ განცხადებით სახალხო დამცველს მიმართა.

12 მარტს ამ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატში ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა და დაჩი ცაგურიამ დამატებით კიდევ ერთი პრესკონფერენცია მოიწვიეს. ამის შემდეგ იმავე 12 მარტს ნადიმ ცეცხლაძე ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. ამდენი ძალისხმევის მიუხედავად, პატიმრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთადერთი, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრისთვის „შეღავათი“ იყო, გეგუთის ციხიდან საავადმყოფოდან საავადმყოფოში უშედეგო გადაყვანაა.

„პოლიციას საღ-სალამათი, ჯანმრთელი ვაჟკაცი ჩაბარდა. იყო უაღრესად განათლებული. ცდილობდა, წარჩინებული იურისტი ყოფილიყო... ჩვენთვის წარმოუდგენელია, 5 თვეში ასე რატომ მოესწრაფა სიცოცხლე?!“ - გულისტკივილით ამბობენ მეზობლები.

ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების შემდეგ ნადიმ ცეცხლაძე ციხის რესპულიკური საავადმყოფოდან ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. „ასეთი რა გამიკეთეს, რომ მოწყვეტილი ვარ წელსქვევით?!“ - ეს არის ერთადერთი ფრაზა, რაც ახსოვთ ახლობლებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნადიმისაგან. სხვა დეტალები უცნობია. პატიმარს საუბარიც და მის გარშემო არსებული გარემოს აღქმაც უჭირდა.

გარდაცვლილი პატიმარი გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლებაში გადაასვენეს. გარდაცვლილის მეუღლის, ეკა თაბუკაშვილის თქმით, პატიმარმა 18 მარტს დილის 3 საათზე დაასრულა სიცოცხლე. ოჯახს მიუსამძიმრეს უფლებადამცველებმა - ნანა კაკაბაძემ და დაჩი ცაგურიამ. ისინი პირადად იმყოფებოდნენ მეჯვრისხევში.

„ძალიან დაგვეხმარეთ და ბევრი იბრძოლეთ, ქალბატონო ნანა! ვერ გადავარჩინეთ მისი სიცოცხლე, მაგრამ თქვენი წყალობით ჩვენს ხელში მაინც დალია სული“, - ასეთი სიტყვებით შეეგებნენ ახლობლები ნანა კაკაბაძეს მეჯვრისხევში.

შოთა ცეცხლაძე, ნადიმის მამა: „2010 წლის 10 თებერვალს გეგუთის ციხეში პირადად  ვიყავი ჩასული და ჩემი შვილი აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაში ვნახე. თითქმის 20 წუთი გვქონდა სასაუბრო დრო და ბევრი ვილაპარაკეთ. ამის შემდეგ, მის სანახავად, 22 თებერვალს ჩავედი. თუმცა შეხვედრა უკვე ვეღარ მოვახერხე. მითხრეს, რომ 11 თებერვალს უმძიმეს მდგომარეობაში გადაუყვანიათ თბილისში ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იმ წუთში ძალიან გამიკვირდა ეს ფაქტი, რადგან წინადღით - 10 თებერვალს ჩემი თვალით ვნახე და საიმისო არაფერი სჭირდა, რომ მეორე დღეს საავადმყოფოში გადაეყვანათ. 23 თებერვალს ჩავედი თბილისში და ციხის საავადმყოფოში არ მომცეს შვილის ნახვის უფლება. 24 თებერვალს კვლავ ჩავედი თბილისში, განცხადებები დავწერე პარლამენტში და ციხის საავამდყოფოში. პასუხი მეორე დღეს ანუ 25 თებერვალს უნდა გამეგო 10-დან 13 საათამდე, მაგრამ დროზე ადრე ჩასვლა ვერ მოვახერხე და ციხის საავადმყოფოში ჩავედი 14:00 საათზე. ხელმძღვანელობას ვერ შევხდი. გადავწყვიტე განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის - ჭკადუას სახელზე დამეწერა. ციხის საავადმყოფოში მითხრეს, რომ განცხადება პირადად დეპარტამენტში უნდა ჩამებარებინა. წამოვედი დეპარტამენტში და ჭკადუამ არ მიმიღო. მერე, როგორც იქნა, ერთ-ერთმა კანცელარიის თანამშრომელმა გაბედა და ავიდა ჭკადუას კაბინეტში. ჭკადუამ გადარეკა ციხის საავადმყოფოს უფროსთან, რომელმაც უთხრა, ნადიმ ცეცხლაძე უგონო მდგომარეობაშიაო. დამრთეს ნება, ორი დღის შემდეგ - 27 თებერვალს მენახა. 27-ში ვერ ვნახე. ჩავედი თბილისში 28 თებერვალს. იმ წუთში შევხედე, რომ ყავარჯენი ცოტა ახალი ჰქონდა და რაღაც-რაღაცეები სუფთად იყო, მაგრამ 4 მარტს რომ ჩავედით, ჩემი შვილი სისველეში იწვა, უკვე ლპებოდა. უკვე აშკარად ეტყობოდა, რომ კოჭებში გადამტვრეული იყო. წელში გადამტვრეული იყო. საშინელ მდგომარეობაში იყო. 5 მარტს უკვე ქალბატონ ნანა კაკაბაძის მეშვეობით ყველასთვის ცნობილი გახდა, რაც ხდებოდა“.

ნანა კაკაბაძე სახელმწიფოსგან ჯერ კიდევ 5 მარტიდან ცდილობდა ნადიმ ცეცხლაძის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ზომების მიღებას. მან პატიმრის სიკვდილამდე ერთი დღით ადრეც, 17 მარტს პირდაპირ განაცხადა, რომ პატიმარი კვდება: „მოვითხოვთ, ნადიმ ცეცხლაძესთან დაუყოვნებლივ შევიდეს სახალხო დამცველი და გაერკვეს საქმის ვითარებაში. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ადმინისტრაცია არანაირ ზომებს არ იღებს ქალაქის საავადმყოფოში მისი ეტაპირებისთვის, სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაეწევა“.

თუმცა, 18 მარტს დილის 3 საათზე პატიმარი გარდაიცვალა. ტუბერკულიოზის ეროვნულ ცენტრში მის საწოლთან ახლობლებიც იყვნენ. პატიმართა გარდაცვალების ისტორიაში, ალბათ, ეს ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც პატიმარი ახლობლების ხელში ამთავრებს სიცოცხლეს.

ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ გარდაცვლილია კიდევ ერთი პატიმარი, რომელიც ნადიმ ცეცხლაძესთან ერთად საკანში იჯდა. ისიც სოფელ მეჯვრისხევიდან იყო. გარდაცვლილი პატიმარი - კეკელიშვილი 21 თებერვალს გადაასვენეს სოფელში. ცეცხლაძეებმა სწორედ მაშინ გაიგეს, რომ ნადიმ ცეცხლაძეც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლაძე და კეკელიშვილი ერთად სცემეს, რომელთაგან ერთ-ერთი მაშინვე გარდაიცვალა.

„როდესაც 21 თებერვალს  გარდაცვლილი კეკელიშვილი ჩამოიყვანეს სოფელში, სწორედ მაშინ გავიგეთ, რომ ნადიმიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ორივე ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულები“, - ამბობს შოთა ცეცხლაძე.

ახალი ამბები