კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იმიტირებული ომის უმძიმესი შედეგები - გორში სასწრაფო დახმარების სამი ტელეფონი მთელი ღამე გაუთავებლად რეკავდა

19 მარტი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

ქრონიკის ეთერში გასულმა სიუჟეტმა გორის რაიონში მსხვერპლი გამოიწვია. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 13 მარტს გასული სიუჟეტით გამოწვეულ შედეგებს ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები, საავადმყოფოები, სამშობიაროები, გინეკოლოგიური სამსახურები, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები – ეს ის ორგანიზაციებია, სადაც „იმიტირებული ომის“ შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მონაცემებს ვაგროვებდით.

ტყვიავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობის ზარები არ წყდებოდა. ჯგუფს გასვლა ხუთ შემთხვევაზე მოუწია, აქედან ორ ოჯახში პაციენტები უკვე გარდაცვლილები დახვდათ: „ჩვენს ზონაზე 13 მარტის სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ორი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ერთი შემთხვევა მოხდა გორის რაიონის სოფელ არბოში, სადაც გარდაიცვალა 45 წლის ავთო კაპანაძე, ხოლო სოფელ მარანაში 73 წლის ლამარა ბუბნიაშვილი მომატებული ჰიპერტონული კრიზის, წნევის აწევის და კომაში ჩავარდნის შემდეგ ვეღარ გამოიყვანეს მდგომარეობიდან“, – გვითხრა მორიგე-ოპერატორმა.

ტყვიავის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოპერატორის, ეკა ბუჟღულაშვილის თქმით, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში გასვლის დროს გორის საავადმყოფოში მოქალაქის გადაყვანა გახდა საჭირო.

„ჩვენი დიაგნოზით, მას ალერგიული ასთმური გართულებები დაემართა და იძულებული გავხდით, გორის საავადმყოფოში გადაგვეყვანა. დაფიქსირებულია გამოძახებები გორის რაიონის სოფელ ბროწლეთში. სხვათა შორის, ჩვენი საავადმყოფოს ექიმი იმ ოჯახში იმყოფებოდა იმ დროს, სადაც ოჯახის წევრი ცუდად გახდა. მაშინვე გამოგვიძახეს და ადგილზე მივედით“, - გვითხრა ეკა ბუჟღულაშვილმა.

ეკა ბუჟღულაშვილი აცხადებს, რომ საერთოდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ტყვიავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახებები გაორმაგდა: „თუკი ომამდე იყო მხოლოდ დღეში 6-8 გამოძახება, ომის შემდეგ ეს ციფრი 20-22 აღწევს“, - გვითხრა მან.

ტყვიავის ამბულატორიის ბავშვთა განყოფილების მედდა, მანანა ჯირკველიშვილი იხსენებს 13 მარტის „ქრონიკის“ გადაცემას: ,,ჩემი 8 წლის შვილიშვილი გოგონა სიუჟეტის გასვლის შემდეგ ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, ძლივს ვაწყნარებდით. ისე იყო შეშინებული, რომ ალბათ, ეს სტრესი მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. მამამისი აგვისტოს ომის დროს დაიღუპა. ჯერ ის ტკივილი არ გაგვნელებია და ამ გადაცემამ ხომ საერთოდ ბოლო მოგვიღო ყველას“.

ტყვიავის ამბულატორიის მედდა, ნაირა ცერცვაძე, რომელიც წარმოშობით ერედვიდანაა და წინდაწინ იცოდა გადაცემის სავარაუდო შინაარსი, ამბობს, რომ გადაცემამ მაინც შოკში ჩააგდო: „შაბათ დღეს სახლში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ვცხოვრობ კოდაში აშენებულ კოტეჯებში და იქიდან დავდივარ ტყვიავში სამუშაოდ. დილით რეკლამა ნანახი მქონდა, რომ საღამოს გადაცემაში აჩვენებდნენ იმას, თუ რა შეიძლება ყოფილიყო მომავალში. საღამოს გადავწყვიტე, მეყურებინა ამ გადაცემისთვის. დაიწყო გადაცემა და ნელ-ნელა ვხვდები, რომ რაღაცაშია საქმე. ჩემი მეუღლე მაშინვე აფორიაქდა. მე ჩემთვის ვამბობდი - ასე რატომ აცხადებენ, ხომ უნდა იმიტირებული ყოფილიყო-მეთქი?! ისე დამაჯერებელად გადმოსცემდა დიქტორი ახალ ამბებს - იბომბება  აეროპორტი, იბომბება გორი, რომ ძალიან შევფიქრიანდი. თვალწინ დამიდგა ერედვის დაბომბვის სცენა. ახლაც თვალწინ მიდგას დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანები“.

„რეკავდნენ და რეკავდნენ“ - გორის სასწრაფო დახმარების მონაცემები

გორის სასწრაფო სამედიცინო სამმსახურის მიმღებ-ოპერატორის, ეკა რუსიტაშვილის მაგიდაზე სამი ტელეფონი დევს. 13 მარტის „ქრონიკის“ ეთერში გასვლის შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში, არც ერთი ტელეფონი არ გაჩერებულა. „რეკავდნენ და რეკავდნენ… გადიოდა და გადიოდა ჯგუფი ადგილებზე. მთელი ღამის განმვლობაში დაახლოებით 32-ჯერ გავედით. ამ 32 შემთხვევიდან 10 პაციენტი საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ძირითადად ნერვიულობის ფონზე ჰიპერტონული კრიზი, გულის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის მომატევა და სტენოკარდიული შეტევები ჰქონდათ. ჩვენ რაც შეგვეძლო, ვაწყნარებდით ხალხს“, - გვითხრა გორის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიმღებ-ოპერატორმა ეკა რუსიტაშვილმა.

მან გაიხსენა ნაადრევი მშობიარობის და ერთ-ერთი ბავშვის კრუნჩხვებში ჩავარდნის ფაქტი. „ქალბატონი, რომელსაც ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, გადავიყვანეთ სამშობიაროში, ხოლო 10 წლის გოგონა ბავშვთა საავადმყოფოში მოვათავსეთ“, - გვითხა გორის „03“-ის მიმღებ-ოპერატორმა.

გორის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამსვლელი ბრიგადის ექიმმა, თამარ დათაშვილმა გვითხრა, რომ პირადად მან ნახა სიუჟეტით შეშფოთებული ხალხი: „პირადად ჩემს ბრიგადას გასვლა ჰქონდა ვერხვების დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებში. იქ ქალბატონს ჰიპერტონული კრიზი დაემართა. მეორე გასვლა გვქონდა კომბინატის დასახლებაში, სადაც სიუჟეტმა ახალგაზრდა მამაკაცში გამოიწვია სტენოკარდიული შეტევა. ამ მამაკაცის შვილი ჯარში მსახურობს. სტურუას ქუჩიდან 10 წლის ბავშვი გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ყველა გასვლაზე პაციენტები ამბობდნენ, რომ მათ ეს გართულებები სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაემართათ“, – გვითხრა გამსვლელი ბრიგადის ექიმმა თამარ დათაშვილმა.

გორის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მონაცემებით, 13 მარტის „ქრონიკის“ შემდეგ ქალაქში 6 ბრიგადა სრული დატვირთვით მუშაობდა. გამოძახებები გახდა საჭირო წმინდაწყლის #389 კოტეჯში მცხოვრებთან, რომელსაც ჰქონდა ჰიპერტონული კრიზი (მაღალი წნევა). ასევე შავშვების კოტეჯებში 24 წლის მოქალაქესთან. ექიმები მივიდნენ ხურვალეთის კოტეჯებში მაცხოვრებთან, რომლის საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო. სტურუას ქ.-დან 10 წლის ბავშვი საავამყოფოში გადაიყვანეს. ვერხვების კოტეჯებში – 62 წლის პატაშვილის ჰიპერტონული კრიზი დაუდგინდა.

გორი, მშვიდობის ქ.– ჯებისაშვილ დ.-ს ასთმური შეტევა დაუდგინდა.
შინდისის ქ. – ნ. ტაბატაძეს ასთმური შეტევა. გორი, სტალინის ქ. ყარანგოზიშვილი გ.-ს სტენოკარდია დაძაბვის ფონზე. სოფელ სვენეთში – საათაშვილ მ.-ს - ჰიპერტონული კრიზი. გორი, რიობაქიძის ქ.– რობაქიძე ლ. - გულის მწვავე უკმარისობა. გორი, მოსკოვის ქ. – ბაზანდარაშვილი ც. - არტერიული ჰიპერტენზია. გორი, სამადაშვილის ქ. ქ. - მჭედლიშვილი ბ. - ჰიპერტონული კრიზი. სოფ. ბერშუეთი – კვიწინაძე ნ. - ჰიპერტონული კრიზი, გადაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში და ა.შ.

გორის სამშობიარო საავადმყოფოში მთავარ მეან-გინეკოლოგს მარინა ხინჩიკაშვილს ვესაუბრეთ: „შემიძლია, გითხრათ, რომ ნაადრევი მშობიარობის ფაქტებმა კატასტროფულად არ მოიმატა. გვქონდა შემთხვევა, როცა 36-კვირიანი ფეხმძიმე მივიღეთ. რაც შეეხება 22 კვირამდე მყოფ ფეხმძიმეების მუცლის მოშლის ფაქტებს, ასეთ ინფორმაციას გინეკოლოგიურ განყოფილებებში გეტყვიან“, - გვითხრა მან.

ჩვენ გორში მომუშავე თითქმის ყველა ცნობილი გინეკოლოგი ვნახეთ. შპს „გორმედის“ მეანგინეკოლოგიურ განყოფილებაში 5 პაციენტის მონაცემები აქვთ დაფიქსირებული, რომლებსაც 14-15 კვირის ნაყოფი მოეშალათ.  მათი გვარები და სახელები ჩანიშნული გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვაქვეყნებთ ეთიკური მოსაზრებით. ყველანი არიან სოფლებიდან: ზემო ნიქოზი, კირბალი, ხელთუბანი, ხიდისთავი, ხვედურეთი.

ახალი ამბები