კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მეშინია მე ჩინელების!..“ „ზანგების შემოსევაა?“ - რასიზმის პრობლემა საქართველოში

19 მარტი, 2010

თაკო ხუციშვილი

ანა შეშაბერიძე

„არავინ იბადება იმისთვის, რომ ადამიანი  განსხვავებული კანის ფერის, რელიგიის, ან წარმომავლობის გამო სძულდეს. ხალხმა უნდა ისწავლოს სიძულვილი და თუ ამას შეძლებენ, ისინი სიყვარულსაც ისწავლიან, რადგან სიყვარული უფრო ახლოსაა ადამიანის გულთან ვიდრე სიძულვილი“, - ეს სიტყვები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეტს ნელსონ მანდელას ეკუთვნის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა.

21 მარტი რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1966 წელს დააწესა. 1960 წლის 21 მარტს სამხრეთ აფრიკის პოლიციამ შარპევილში აპარტეიდის რეჟიმის კანონების წინააღმდეგ საპროტესტო მშვიდობიან დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც 70 დემონსტრანტი დაიღუპა.

საერთაშორისო ორგანიზაცია UNITED ევროპის მასშტაბით ებრძვის რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის გამოვლინებას. 13-21 მარტის ჩათვლით ევროპის 48 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები რასიზმის წინააღმდეგ ერთიანდებიან. „ისიამოვნე მრავალფეროვნებით“ - ამ ლოზუნგით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რასიზმის წინააღმდეგ ასობით ღონისძიებაა დაგეგმილი.  ამ ანტიდისკრიმინაციულ ღონისძიებას უერთდება UNITED-ის ევროპული ქსელის წევრი „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“.

ანტირასისტული კვირეულის ფარგლებში ორგანიზაცია „ერთობა“ 21 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფოტოგამოფენას მოაწყობს. „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“ - ეს იქნება გამოფენის თემა, რომელიც რასისტულ დისკრიმინაციას მიეძღვნება. გამოფენაზე ძირითადად ფოტომოყვარულების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

 ბოლო პერიოდში საქართველოში ზანგებისა და ჩინელების მომრავლებამ რასიზმის პრობლემა აქტუალური გახადა. ეს თემა ინტერნეტ-ფორუმებისა და ბეჭვდური მედიის განხილვის საგნადაც იქცა.

„მალე წითელ წიგნში შესაყვანები გავხდებით, წაგვლეკეს ამ ჩინელებმა, ვირთხებივით მრავლდებიან, ამ ზანგებს რა სუნი ასდით“, - მსგავსი განწყობის პოსტებს ინტერნეტ-ფორუმებში ხშირად შეხვდებით. თუმცა, იქვე არის საპირისპირო ხასიათის კომენტარები, კორექტულობისადმი მოწოდებებით. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

Forum.gol.ge-ს  თემა „ზანგების შემოსევაა???“

„ჩამოდიან აქ და ქართველების ხარჯზე შოულობენ ფულს. აგერ, ბრიგადენა კაცმა დაამთავრა და დიდი ხანი არ მუშაობდა, ის არ იყო დასაქმებული და ვიღაცა ნამიბიელი უნდა დავასაქმოთ???“

„ადამიანის დისკრიმინაცია კანის ფერის გამო დაუშვებლად მიმაჩნია!!“

„რასიზმის გამოვლინება უნდა ისჯებოდეს სასტიკად ნორმალურ ქვეყანაში. სამწუხაროა, როცა ფორუმზე ასეთი თემა არსებობს,თან რა სათაურით...“ 

„აბა რა, აბა რა! შემოვუშვათ ყველა რასის, რჯულის, აღმსარებლობის ადამიანი,
დავუმეობრდეთ, დავაპუროთ, დავქორწინდეთ, ავირიოთ, დავირიოთ,
გადავგვარდეთ,  გადავშენდეთ. რა პრობლემაა? მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, შენ?“ 

„ზანგიც ადამიანია და თუ ცუდად მოიქცევა, ისევე უნდა უპასუხო, როგორც სხვას. შეიძლება მყრალი სუნი აქვს და საუბრის ცუდი მანერა, მაგრამ რას იზამ, ეგეთია და ვერაფერს შეცვლი“.

თემა: „ზანგი მათხოვრები ჩვენს დედაქალაქში... რა არის ეს?“

„მათხოვარი მათხოვარია, რა შუაშია ზანგი და ნიანგი?“

„ეგრევე ლარი მთხოვა“.

„თუ ზანგებს უკრძალავთ მათხოვრობას, ადექით და ჩინელებს, ციგნებს და სხვა ერის წარმომადგენლებსაც აუკრძალეთ!“

„რა,ზანგს რო უკრძალავთ შავია თუ რა არის?“

„ჩემი  აზრით კი, რასიზმი ადამიანის დამპალი სულის გამოვლინებაა“.

„წაბრძანდეს თავის სამშობლოში!“ .

Forum.ge-ს  თემა: „რა უნდათ ჩინელებს საქართველოში?????“

„ვახ ჩემი! წაგვლეკავენ. ისედაც ცოტანი ვართ ტოო. რა უქნეს რუსებს, ხედავთ 3 000 000 არიან უკვე რუსეთში!! თავიდან ქუჩაში იდგნენ, მერე მოზრდილი მაღაზიები გახსნეს, ახლა უფრო დიდი და ესე დაგვაჯდებიან!!! უნდა შემოვიდეს კანონი - არ უნდა შემოვუშვათ“.

„და რატომ არ უნდა შემოვუშვათ?.. ქართველებს ტრაკის განძრევა არ გვინდა, ჩინელებმა მოახერხეს ბიზნესის წამოწყება“.

„და მაინც - ისინი ცუდები არიან, ჩვენ - კარგები.. არიქა, წაგვლეკავენ“.

„ერთ ოც წელიწადში, ჩვენც რომ გავწვრილვთვალდებით ნახავ მერე“.

„აუ რა უბედურობაა, ეს ჩინელები ვირთხებივით მრავლდებიან, გაიხედავ, შუქნიშანზე ვიღაც გადადის ჩინელია, იქვე მაღაზიაა და აწერია „ჩინელები“, ვიღაც ბომჟი გდია იქვე და ისაც ჩინელია.. ფუუი“.

„ის მოაქვთ ჩვენთვის ცუდი, რომ ქართველები ვართ მცირერიცხოვანი ერი, და ესეთი რაოდენობით უცხო და ბინძური ჯიშის შემოსვლას ვერ გავუძლებთ და მოხდება ერის გადაგვარება, ფიზიკურად, კულტურულად, სულიერად და ყველანაირად. მალე წითელ წიგნში გავხდებით შესატანები... ბოლოს ნახავთ ჩინურად რომ დაიწყებთ ლაპარაკს,  მოკლედ გასაყრელები არიან, თან სასწრაფოდ“.

„მეშინია მე ჩინელების“.

„აუ, სუნი ასდით ჩინელებს საშინელი“.

„ეძიკას დროს 1-2 ჩინელი დადიოდა ახლა მიშას დროს კი 1-2 ათასი (მადლობა მიშას)“.

„და ეს ეხება არა მარტო ჩინელებს, ჩემი ნება რომ იყოს, რუსებსაც დიდი სიამოვნებით გავხვეტდი, მაგრამ ამჟამად საფრთხე მაინც ჩინელებისგან გველოდება“.

„ჯერ ვერ წარმოუდგენია ხალხს, თუ რამხელა პრობლემების მოტანა შეუძლია ჩინელების შემოსვლას და დამკვიდრებას საქართველოში. ეს ყველაფერი გამოიწვევს ერის დაცემას და გადაჯიშებას და ეს ყველაფერი იმიტომ რომ სააკაშვილი "აფანატებს" უცხოელებზე და დორბლი ჩამოდის მათ დანახვაზე.ჩინელები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში გააჩნიათ ერთი მიზანი - გამრავლდნენ! „.

ახალგაზრდული ფორუმი Teen.ge:

„სხვათა შორის, საინტერესოა, რომ რასიზმი ბევრს მხოლოდ ადამიანის კანის შეფერილობის (ადამიანთა ჯგუფის კანის პიგმენტაცია) საფუძველზე განვითარებული ჯგუფური განსხვავებების, აღქმისა და არათანასწორუფლებიანი ურთიერთობების პრობლემა ჰგონია“.

„გუშინ მე და ჩემი შეყვარებული რუსთაველის მეტროში ვიდექით და უცხოელი მოვიდა... მაღალი... ბოტასები ეცვა... იღლიებამდე შარვალი... თეთრი პერანგი ბოლომდე შეკრული... და დიდი ზურგჩანთა და ძალიან მაგარი კაცი იყოოო... ისეთი გამოხედვა ჰქონდა ... ქართველის სირაქლემური გამოხედვისგან რადიკალურად
განსხვავებულიიი.... და გვერდით ვიღაც ძველი ბიჭები იდგნენ და მაგ უცხოელზე კაიფობდნენ... ღამის 9 საათზე მეტროში შავი მუქი სათვალეები რომ უკეთიათ და სხვებს დასცინიან, ეგაა პრიკოლიიი... მაგრად მოგვეშალა ჩვენ ნერვებიიი... ეგ შეუგნებელი რასიზმიააააა....... და ზანგებზე რომ აქვთ კიდევ გართულება ... სოლარიუმებში დარბიან და ტრაწისფერები დადიან მერე...“

რასიზმის პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ ისინი მხოლოდ რელიგიური  უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ.

უნივერსიტეტის პროფესორი და სოციოლოგი ზურა დავითაშვილი რასიზმთან დაკავშირებით რაიმე სოციოლოგიურ კვლევას არ იცნობს, მაგრამ ამბობს, რომ რასიზმის პრობლემა საქართველოში წინა წლებთან შედარებით ახლა ნაკლებად დგას.

ზურა დავითაშვილი: „რასიზმის, ქსენოფობიბის, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების რეციდივები ნამდვილად გვხვდება. ამის მაგალითი იყო ჩინელებთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური. საუბრებში ხშირად გაიგონებდით ფრაზებს - „ეს რამდენი ჩინელი ჩამოვიდა“, „ჩინელებით გაივსო საქართველო და მალე ქართველების ადგილი აღარ დარჩება“ და ა.შ. გარკვეული რაოდენობა ჩინელებისა ყველა ქვეყანაშია. მათი რიცხვის ზრდა კი ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.  როგორც ხედავთ, ახლა აღარ გვხვდებიან ჩინელები ისე თვალში. ისინი არ ქმნიან ისეთ პრობლემებს, რომ ქვეყანაში ეთნოკონფლიქტი განვითარდეს. სხვაგანაც ჩინელებთან არსად ასეთი რამ არ მომხდარა. ზოგიერთ საგაზეთო სტატიაში  ადგილი ჰქონდა რასისტულ განწყობას,  მაგრამ  უკანასკნელ წლებში, ამ მხრივ, მდგომარეობა მაინც გაუმჯობესდა, 5- 10  წლის წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. ჩვენთან რასიზმის ორნაირი გაგება არსებობს -ფართო და ვიწრო. ფართო გაგება ეს არის ყველანაირი, არა მარტო ანთროპოლოგიურად, რასობრივად რასაც ვეძახით რასიზმს, არამედ - ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, უმცირესობების დისკრიმინაცია. ვიწრო გაგებით რასიზმი არის მხოლოდ რასობრივად განსხვავებული ანთროპოლოგიური ტიპების მიმართ მტრული დამოკიდებულება. იმ ქვეყნებში, სადაც, რასიზმი ამ თვალსაზრისით აღინიშნებოდა, მაგალითად ამერიკაში, ეთნიკურად განსხვავება არ იყო, ანუ ყველანი ამერიკელები იყვნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ფაქტობრივად, ერთ კულტურაზე იყვნენ გაზრდილები, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ და განსხვავება მათ შორის იყო მხოლოდ რასობრივი - ამით ითვლებოდნენ შავკანიანები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. როდესაც რასიზმი ამერიკაში ასე თუ ისე იყო, საქართველოში ასეთი რასობრივი განსხვავება არ ყოფილა, სამაგიეროდ იყო ეთნიკური და რელიგიური განსხვავება. ამიტომ ამ პრობლემამ იჩინა თავი, თორემ სხვა რასის წარმომადგენლები საქართველოში ბოლო დრომდე არ ყოფილან. თუ ფართო გაგებით ჩავთვლით, რაც ეთნიკური უმცირესობებისა თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ არალოიალურ დამოკიდებულებას გულისხმობს, რასიზმის პრობლემა საქართველოში გარკვეული დოზით იყო და ალბათ, დღესაც არის. ჩვენ ახლა ვამაყობთ ხოლმე, რომ ერთმანეთის გვერდით არის  მართლმადიდებლური, სომხური, კათოლიკური, ეკლესიები. არ  ვიცი, როდის ან ვინ ჩაატარა კვლევა, მაგრამ როცა მოსახლეობა გამოკითხეს, დაუჭერდნენ თუ არა მხარს თბილისში მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით სხვა რელიგიის მიმდევრების სამლოცველოების  აშენებას, მოსახლეობის 94%  წინააღმდეგი აღმოჩნდა.

ჩემი აზრით, ზოოლოგიური  რასიზმი, რომ მე მეჯავრება ის, იმიტომ რომ შავია - საქართველოში მაინც არ არის“.

სოზარ სუბარი ყოფილი სახალხო დამცველი: „აბსოლუტურად ტოლერანტული და შემწყნარებელი არც ერი არსებობს და არც სახელმწიფო, მაგრამ, ზოგადად, სახელმწიფო ხელისუფლება უნდა აძლევდეს ტონს საკუთარ მოქალაქებს და ამ მხრივ, ნამდვილად არის პრობლემა. მაგალითად,  როდესაც პარლამენტში გამოვდიდოდი მოხსენებით და აღვწერდი 2006 წლის მაისში მომხდარ ამბავს, როცა პოლიციელებმა დაიჭირეს 48 ეთნიკურად ოსი მოქალაქე და ყოველგვარი მიზეზის გარეშე  სასტიკად სცემეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტეის თავმჯდომარემ  და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ დამადანაშაულა -  ოსების უფლებებს იცავ და ქართველებისას არაო. ასეთი განცხადებები როცა კეთდება პარლამენტის სხდომაზე, ცხადია, ასეთი მიდგომა რასისტულ განწყობას აღვივებს საზოგადოებაში. პირველ რიგში, ისევ და ისევ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ტოლერანტული.

ომბუდსმენის აპარატში კვლევებს როცა ვატარებდით, ნათლად ჩანდა, რომ შეუწყნარებლობის ფონი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობდა.  იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგალითად - ისნის მეტროსთან შავკანიანს მიაყენეს შეურაცხყოფა კანის ფერის გამო. თუმცა მასობრივი ხასიათი ამას არ ჰქონია“.

ახალი ამბები