კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიების მიუხედავად, მთავრობამ ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსება ხუთჯერ შეამცირა

22 მარტი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

13-დან 17 მარტის ჩათვლით, სტიქიამ კახეთს 1 455 000 ლარის ზარალი მიაყენა. 2009 წლის შემოდგომაზე რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 9 მილიონი ლარი შეადგინა. გარემოსდამცველების ინფორმაციით, 2010 წელს, კახეთში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის შემთხვევაში სტიქიური გეოლოგიური პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურდება. საფრთხე რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს ემუქრება. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობამ, გასულ წელთან შედარებით, წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების თანხა 9 მილიონიდან 1 მლნ 800 000 ლარამდე შეამცირა.

ოფიციალური  მონაცემებით, 13-17 მარტს, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად  საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ადიდებულმა ხევებმა დამცავი კედლები დააზიანა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ათობით ჰექტარი სასოფლო - სამეურნეო სავარგულები დატბორა.

ადიდებულმა მდინარე ილტომ  16 მარტს ახმეტა - თიანეთის 24-ე კილომეტრზე გზა დაანგრია და ხეობის 7 სოფელი გარესამყაროს მოსწყვიტა. მდინარე ილტომ ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა. ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა სოფელ ქვემო ალვანში. მდინარიდან გადმოვარდნილმა წყალმა სახნავ - სათესი მიწები ახმეტის რაიონშიც დააზიანა.

გურჯაანის რაიონში, ადიდებულმა ჭერმის ხევმა სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო. სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა სოფლებში: ჭანდარში, შაშიანში, ვეჯინში, ბაკურციხესა და კოლაგში.

მდინარე დიდხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა თელავის რაიონის სოფელ ართანაში 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა და შიდა საუბნო გზა წაიღო. სტიქიამ სოფელ შალაურში სასმელი წყლის დრენაჟი დააზიანა. ღვარცოფმა მდინარე ლოპოტაზე გამავალი ხიდი და სოფელ იყალთოში საცალფეხო ხიდიც დაანგრია.

ორივე მხრიდან მდინარე უტევს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეს. იმ შემთხვევაში, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩატარდა, ადიდებულმა მდინარეებმა, სოფელი, შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს.

სპეციალისტების თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა დურუჯის ხეობაშიც. 1990 წლის შემდეგ მდინარე დურუჯის კალაპოტი არ გაწმენდილა. ამ დროისთვის მდინარე ყვარლის დასახლებულ ტერიტორიაზე მაღლა იმყოფება.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამონატანი დაგროვდა და დამცავი გაბიონები მთლიანად დამარხა. პატარა წყალდიდობის შემთხვევაშიც კი მოსალოდნელია, რომ მდინარე დაზიანებულ ნაპირს გაარღვევს და ყვარელს წალეკავს“, - ამბობს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ საკანდელიძე.
   
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსის ემილ წერეთელის თქმით, მდგომარეობა ნამდვილად ძალიან მძიმეა.

დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია. მომდევნო ტრაგედია 1904 წელს დატრიალდა, მდინარემ ქალაქი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა. 1906 წელს, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საჭოთა კავშირი შეძრა. ღვარცოფი თავს დაატყდა ე.წ. „კაზარმას“, რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში სტიქიამ 56 ადამიანის, მათ შორის 54 პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპა დიდძალი პირუტყვი, გაჩანაგდა მიმდებარე ვენახები და ბაღ - ბოსტნები. 

სპეციალისტები განსაკუთრებით საშიშ ვითარებას ილტოს ხეობაში ვარაუდობენ. კავკასიონის სამხრეთ ფერდის მთისწინეთში, მეწყრული პროცესების აქტივიზაციის შემთხვევაში, საშიშროება შეექმნება მდინარე ილტოსა და მდინარე ალაზნის ხეობებში მდებარე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს: შახვეტილასა და ბაყილოვანს. ცივ-გომბორის ორივე ფერდზე და მათ მთისწინეთში განვითარებული მეწყრული სხეულების აქტივიზაცია მოსალოდნელია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში; თელავის მუნიციპალიტეტში, თელავი - გომბორის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე; გურჯაანის მუნიციპალიტეტში - ქალაქ გურჯაანში, სოფლებში: კარდენახსა და ქოდალოში; სიღნაღის მუნიციპალიტეტში - ქალაქ სიღნაღში და ნუკრიანი-სიღნაღის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდ ჩაილურში, ვერონაში, გომბორში, თბილისი - საგარეჯოს მონაკვეთზე პატარძეულის ხევთან.

ღვარცოფული ნაპირების გარეცხვისა და აკუმულაციური პროცესების განვითარება  მოსალოდნელია როგორც ცივ-გომბორის ქედის ორივე ფერდზე, ისე კახეთის კავკასიონის სამხრეთ ფერდზე და მის მთისწინეთში.

ცივ-გომბორის ქედზე დაბალი სიმკვრივის ქვატალახიანი და წყალქვიანი ღვარცოფების ჩამოყალიბება მოსალოდნელია თითქმის ყველა ხეობასა და ხევში. ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან ქალაქები: საგარეჯო, გურჯაანი და თელავი, სოფლები: მანავი, ქვემო ყანდაურა, კაკაბეთი, კარდენახი, ანაგა, ვაქირი, ბოდბისხევი, ძველი ანაგა, ბაკურციხე, კოლაგი, ვეჯინი, აკურა, კისისხევი, წინანდალი, შალაური, იყალთო, ხოდაშენი, ახაშნის ველები, კოჯორი, აწყური და ქისტაური.

გარემოსდამცველების ცნობით, ღვარცოფული ნაკადების გავლას უნდა ველოდოთ მდინარეების ილტოს, სტორის, დიდხევის, ლოპოტას, ჩელთის, ინწობის, დურუჯის, ბურსას, ავანისხევის, შოროხევის, კაბალის, ბაისუბნის, შრომისხევის, ლაგოდეხისხევის და ნინოსხევის ხეობებში. ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან ქალაქი ყვარელი, ქალაქი ლაგოდეხი, სოფლები: ლალისყური, ფშაველი, სანიორე, ნაფარეული, ალმატი, საბუე, ენისელი, კაბალა, გრემი, ყარაჯალა, ბაისუბანი, ნინიგორი, ახმეტა - ლაგოდეხის და ახმეტა - თიანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთები.

ნაპირების გარეცხვის პროცესების აქტივიზაცია მოსალოდნელია მდინარე ილტოს და მდინარე ალაზნის ხეობაში სოფლების ჩაჩხრიალას, საბუეს, ნადუქნარის, შახვეტილას და ჭართალის მიმდებარე ტერიტორიებზე; სოფელ შაქრიანის სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაგოდეხი - ახმეტის საავტომობილო გზის 62-ე კმ-ზე; სოფლების ერისიმედისა და საბათლოს ჩრდილოეთით მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადების მდინარეების დიდხევის, ლოპოტას, ინწობას, ჩელთის, დურუჯის, ბურსას, ავანისხევის, შოროხევის, არეშის, კაბალის, ბაისუბნისხევის, შრომისხევის, ლაგოდეხის ხევის, ნინოსხევის და მაწიმისწყლის ხეობებში.

გარემოს დაცვისა და ბინებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსის, ემილ წერეთელის განცხადებით, აუცილებელია, მთლიანად რეგიონი იმყოფებოდეს მუდმივი გეომონიტორინგის ქვეშ და სასწრაფოდ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები. მისივე თქმით, 2010 წლისთვის, კახეთში გეოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 60 დასახლებული პუნქტი და 410 საცხოვრებელი სახლი.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობამ, გასულ წელთან შედარებით, წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების თანხა 9 მილიონიდან 1 მლნ 800 000 ლარამდე შეამცირა. მდინარე დურუჯზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან არც ერთი  თეთრი არ არის გამოყოფილი.

„ჩვენ ვგეგმავთ, მდინარის ჩამონგრეული  კედელი აღდგეს, მაგრამ ამისათვის  ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ არის გამოყოფილი. დურუჯის დამბა ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის დროს აშენდა. მას  შემდეგ ამ ხეობას პრობლემები მუდმივად აქვს, მას გამუდმებით სჭირდება განახლება. მთლიანად მდინარის კალაპოტი რომ გაკეთდეს, ამდენი ფული ჩვენ არ გვაქვს. 2009 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 9 მილიონი ლარი, წელს კი მხოლოდ 1 მლნ 800 ათასი ლარია გათვალისწინებული. არადა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 350-ზე მეტი ობიექტი გვაქვს გასამაგრებელი. ამ ფულით კი ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებთ“, - განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს ნაპირსამაგრი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტარიელ ბერიძემ.

პროცესების  ფონური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი  წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. სტიქიების ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ბევრად მეტი თანხით განისაზღვრება. სტატისტიკური მონაცემებით, პრევენციის ხარჯები მინიმუმ 40-ჯერ ჩამოუვარდება სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. სალიკვიდაციო თანხები პრობლემების მხოლოდ 1.4%-ს აგვარებს. 70 დაზარალებულიდან სახელმწიფო დახმარებით მხოლოდ ერთია უზრუნველყოფილი.

ახალი ამბები