კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო ტერორის ქრონიკა

29 მარტი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რეგიონებში ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებმა იმატა. ძალოვანი სტრუქტურების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალური დახმარების მოხსნით, ოჯახის წევრების ან ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით, იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით და დაკავებით ემუქრებიან ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წევრებსა და აქტივისტებს, თუკი პარტიების სასარგებლოდ მუშაობას არ შეწყვეტენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისია განსაზღვრული. 15 მარტიდან ამომრჩეველთა სიების კარდაკარ გადამოწმების პროგრამა მიმდინარეობს, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,2 მლნ ლარი გამოიყო და ამ პროცესში მონაწილეობის მსურველ 12 პარტიაზე თანაბრად განაწილდა. სიების გადამოწმების პარალელურად, პარტიების აქტივისტები ამომრჩევლებს საკუთარი კანდიდატების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

კახეთში ზეწოლის ყველაზე მეტი ფაქტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ იმ აქტივისტებზე დაფიქსირდა, ვინც სიების კარდაკარ გადამოწმების პროცესშია ჩართული.

ლაგოდეხში აქტივისტებმა ნოღაიდელის პარტია დატოვეს

მანანა ჩალახეშაშვილმა და მარიამ მჭედლიშვილმა, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის დავალებით, ამომრჩეველთა სიების კარდაკარ გადამოწმებაზე მხოლოდ ოთხი დღე იმუშავეს. 21 მარტს კი საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვეს და პარტია დატოვეს. „დრო აღარ მაქვს. არ მინდა და მორჩა“, - ასე ხსნის მარიამ მჭედლიშვილი პარტიის დატოვების მიზეზს.

პარტიის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი მჭედლიშვილის განცხადებით, პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილეებს პოლიციის თანამშრომლები დაემუქრნენ, რომ თუ ისინი ნოღაიდელის პარტიაში მუშაობას დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდნენ, მათი ოჯახის წევრებს პრობლემები შეექმნებოდათ.

მისივე თქმით, მოძრაობის აქტივისტებზე ზეწოლა განხორციელდა სოფელ ცოდნისკარშიც. „დაშინების გამო „კარდაკარის“ კიდევ ორმა მონაწილემ მუშაობაზე უარი თქვა. ინტერვიუერების დაშინება სოფლის რწმუნებულის ბადურ კოპალიანის მიერ მოხდა“, - აცხადებს პარტიის ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მჭედლიშვილი.

პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილეებზე ზეწოლის ფაქტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. პარტიის აქტივისტის ნინო ქადაგიშვილის თქმით, სოფელ საბათლოს გამგებელმა დავით გუნდაძემ მას ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შეწყვეტა მოსთხოვა. „წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაგათავისუფლებენო, დამემუქრა“, - აღნიშნა ნინო ქადაგიშვილმა, რომელიც საბათლოს საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.

ნოღაიდელის პარტიის ბრალდებებთან დაკავშირებით შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში კომენტარი არ გააკეთეს. ცოდნისკარის და საბათლოს ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებმა კი ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს და ნოღაიდელის პარტიის წევრები ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულეს.

აქციები

16 თებერვალს ყოფილი  პრემიერ - მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ თელავში, ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. აქციაში სულ 130-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქედან რამდენიმე თელავის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. დანარჩენი მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტები იყვნენ.

აქცია ნაციონალური მოძრაობის  ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით  გაიმართა და მასში გამგეობის  ახალგაზრდული სექტორის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეებმა თელავში ნოღაიდელის რუსეთში ვიზიტები გააპროტესტეს და მას სამშობლოს მოღალატე უწოდეს. აქციის დასასრულს ახალგაზრდებმა ნოღაიდელის ფიტული შემაღლებული ადგილიდან დააგორეს.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ დაანონსებული  იყო, რომ იმ დღესვე სტუდენტებს ნოღაიდელის წინააღმდეგ 14:00 საათზე აქცია გურჯაანშიც უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ დაგეგმილ დროს აქცია არ შედგა. აქციის მონაწილე ახალგაზრდები აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის ორგანიზაციის ოფისში შეიკრიბნენ. მათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების თანამშრომელი თემურ ბუწაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ხევიაშვილი ხელმძღვანელობდათ. იმის მიუხედავად, რომ აქცია მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშროლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული, კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განაცხადა: „ეს პარტია კახეთში იმდენად სუსტია, რომ მის ოპონირებაზე დროსაც კი არ ვხარჯავთ“.

16 თებერვალს, საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „პირველმა არხმა“ გადასცეს, რომ ნოღაიდელის წინააღმდეგ სტუდენტებმა ამჯერად კახეთში გაილაშქრეს და გურჯაანსა და თელავში საპროტესტო აქციები გამართეს.

დევნა ახმეტაში

6 მარტს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ახმეტის ორგანიზაცია ოფისის გარეშე დარჩა.

„შენობის მეპატრონემ ლუხუმ მეშველიანმა 5 მარტს ოფისის დაცლა მოგვთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ვადა გასული არ იყო. მართალია, ახმეტაში მოსახლეობას ძალიან უჭირს და ბევრი თავის შენობას მიზერულ ფასადაც კი მოგვაქირავებდა, მაგრამ ოფისი ძლივს ვიქირავეთ. თუ სამუშაო ოთახს ვერ დავიქირავებდით, ქალაქის ცენტრში კარავის გაშლას და პარტიული საქმიანობის იქ გაგრძელებას ვგეგმავდით“, - განაცხადა პარტიის ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თენგიზ როსტიაშვილმა.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაცია ოფისის მეპატრონეს ლუხუმ მეშველიანს იჯარისათვის ყოველთვიურად 300 ლარს უხდიდა. მეშველიანი ოფისიდან ნოღაიდელის პარტიის წევრთა გაშვების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ოფისს უკვე აქირავებს.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 11 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯარაფ ხანგოშვილმა და სოფელ დუისის გამგებელმა მერაბ ქავთარაშვილმა პარტიის წევრი შოთა ქავთარაშვილი დააშინეს.

„11 მარტს ჯარაფ ხანგოშვილი და მერაბ ქავთარაშვილი შოთა ქავთარაშვილს სახლში ეწვივნენ და პოლიტიკურ საქმიანობაზე უარის თქმა და ზურაბ ნოღაიდელის პარტიის დატოვება მოსთხოვეს. ისინი შოთა ქავთარაშვილს დაემუქრნენ, რომ  თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მას და მისი ოჯახის წევრებს სხვადასხვა ხერხით გაამწარებდნენ. მუქარა დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა. მათი წასვლის შემდეგ, შოთა ქავთარაშვილი ავად გახდა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა“,- იტყობინება პარტიის პრესსამსახური.

ამავე წყაროს ცნობით, 12 მარტს, ახმეტაში მოძრაობის ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი იყო დაგეგმილი. „ამასთან დაკავშირებით, შოთა ქავთარაშვილი საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა. ჯარაფ ხანგოშვილი და მერაბ ქავთარაშვილი მას სახლში კიდევ ერთხელ ესტუმრნენ. მუქარის გამეორებასთან ერთად, მათ შოთა ქავთარაშვილს მოსთხოვეს, არ მისულიყო პარტიის ლიდერთან შეხვედრაზე. შოთა ქავთარაშვილი ავადმყოფობის მიზეზით 12 მარტს შეხვედრაზე ვერ მივიდა“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯარაფ ხანგოშვილი შოთა ქავთარაშვილის მიმართ მუქარის ფაქტს უარყოფს. „შოთა ჩემი ძმაკაცია. მეგობრულად ვუთხარი, რა გინდა მაგ პარტიაში, ჩვენი გზები გაიყოფა მეთქი, მაგრამ არ დავმუქრებივარ. რა უფლება მაქვს, მაგას ვინ მაპატიებს. ეგ პარტია რა ბრალდებებსაც ავრცელებს, მტკნარი სიცრუეა“, - აღნიშნა ჯარაფ ხანგოშვილმა.

12 მარტს, ახმეტაში, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი კახა კუკავა, ხალხის პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილი ჩავიდნენ და ოპოზიციის მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიმდინარეობას აკვირდებოდა შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი ალეკო ნინოშვილი (შავი „ნისანის“ ჯიპი, სახელმწიფო ნომრით AEQ-100); ამასთან, შეხვედრას სხვა მანქანებიდანაც აკვირდებოდნენ და იქ მყოფი ადამიანების აღრიცხვას აწარმოებდნენ: შავი „ბე-ემ-ვე“-დან (სახელმწიფო ნომერი WXW-683); თეთრი „ბე-ემ-ვე“-დან (სახელმწიფო ნომერი DBR-195); ვერცხლისფერი „მერსედესიდან“ (სახელმწიფო ნომერი IFI-171) და ვერცხლისფერი „ფოლკსვაგენიდან“ (სახელმწიფო ნომერი GDG-243)“.

ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გამგებელი ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტს გატაცებითაც კი დაემუქრა.

„ოპოზიციის მხარდამჭერებმა ჩვენს წარმომადგენელს, რომელიც მათთან შესახვედრად ახმეტაში ჩავიდა, განუცხადეს, რომ ახმეტის გამგებელმა მათ მოსთხოვათ, ან ხელისუფლების მხარეზე გადავიდნენ ან არცერთი პარტიის სასარგებლოდ არ იმუშაონ. გამგებელმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი მიიღო, რის შემდეგაც ის ოპოზიციის მხარდამჭერებს გატაცებით დაემუქრა. ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის ოჯახს, რამდენიმე დღის წინ წინ, საარსებო შემწეობა შეუწყვიტეს, მეორე აქტივისტის ოჯახის წევრს, კი რომელიც სკოლაში პედაგოგად მუშაობს, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ“, - აღნიშნეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიხედვით გადაწყდება. საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებსაც უთმობს. 

ახალი ამბები