კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიკროავტობუსების მასობრივი ტექდათვალიერება ოპოზიციის ვიზიტს საეჭვოდ დაემთხვა

29 მარტი, 2010

შორენა ღლონტი, გურია

„ეროვნული საბჭოს“  ღონისძიების ჩასაშლელად ოზურგეთში მიკროავტობუსები ტექნიკურ დათვალიერებაზე გაჰყარეს.

24 მარტს ოზურგეთში სოფლების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები ტექნიკური დათვალიერების მიზეზით არ მოძრაობდნენ. ამ ფაქტს „ეროვნული საბჭოს“ ლიდერები ოზურგეთში მათ ვიზიტს უკავშირებენ, რა დროსაც მათმა მხარდამჭერებმა მიკროავტობუსებით გადაადგილება ვერ მოახერხეს.

„აღსანიშნავია, რომ ჩოხატურშიც და ოზურგეთშიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა ზომას მიმართა „ეროვნული საბჭოს“ ღონისძიების ჩასაშლელად. „ნაცმოძრაობისა“ და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიკროავტობუსების მძღოლები აიძულეს, ოპოზიციის შეკრებაზე ხალხი არ მიეყვანა. ტექნიკური დათვალიერების საბაბით მათ ავტომანქანები „შემოწმებაზე“ წააყვანინეს. ჩოხატაურში კი შეხვედრის მონაწილეებს უთვალთვალებდნენ“, - აცხადებს „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლელა ნაცვალაძე. 

მისი ინფორმაციით, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამართველოს უფროსმა, შოთა ჭანუყვაძემ ავტოსატრანსპორტო საწარმოს უფროსს დაურეკა და მოსთხოვა, არც ერთი სოფლის მიმართულებით ავტობუსები არ გასულიყო. მათ შორის - მუნიციპალური ტრანსპორტი, რომლის „დაკავების“ უფლება არავის აქვს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციას მიკროავტობუსის მძღოლებთან ხელშეკრულება წინასწარ ჰქონდათ გაფორმებული.

ნაცვალაძემ სამი მძღოლი გურიის გუბერნატორთან მიიყვანა. მძღოლებმა უთხრეს ჩიტაიშვილს, მიეცათ გარანტია, რომ ოპოზიციის მომსახურებისთვის მათ პრობლემები არ შეექმნებოდათ. ამის გარანტიას გაძლევთ დღეს, ოღონდ თუ ხვალ რაიმე წესრიგში არ გექნებათ და პრობლემები შეგექმნებათ, ჩვენ ნუ დაგვაბრალებთო - მრავალმინიშვნელოვნად უაპასუხა გუბერნატორმა.

იყვნენ ისეთი მძღოლები, ვინც მუქარას არ დაემორჩილა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც უარი გვითხრა.

გურიის რწმუნებულ-გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ადასტურებს, რომ მასთან მართლაც იყო მისული ლელა ნაცვალაძე მძღოლებთან ერთად.

„ეს იყო კერძო მიკროავტობუსის მძღოლები. მოვთხოვე, დაესახელებინათ ის პიროვნებები, ვინც მათზე ზეწოლას ახორციელებდა. თუმცა მათ ვერავინ დამისახელეს“, - აცხადებს ჩიტაიშვილი.

მისივე თქმით, იგი ვერ მისცემს გარანტიას ვერავის, რომ არ დაისჯება, თუკი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მიუჯდება და კანონს დაარღვევს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს უფროსი შაკო ორაგველიძე ამბობს, რომ 24 მარტს სოფლების მიმართულებით მოძრავ 50 მიკროავტობუსს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარდა.

ოზურგეთის ავტოსადგურის დისპეჩერი ნუკრი აბაშმაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ 24 მარტს სოფლების მიმართულებით მიკროავტობუსები არ მოძრაობდნენ.

ახალი ამბები