კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხათუნა ჩარაევას ტყვეობა – პრიმიტიული ქართული პოლიტიკის მორიგი სირცხვილი

31 მარტი, 2010

მარი ოთარაშვილი

„ხათუნა ჩარაევას რეალურად რომ ჰქონოდა ჩადენილი ის დანაშაული, რისთვისაც დაიჭირეს, მას არც გაუშვებდნენ“, – ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ ეთნიკურად ოსი მოქალაქის ტყუილუბრალოდ დაპატიმრება პრიმიტიული და სამარცხვინო ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია.

29 მარტს ახალგორელი ხათუნა ჩარაევა, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვის რიგით მესამე სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პირობითი სასჯელით გაათავისუფლა. თუმცა, პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩარაევა რამდენიმე საათით თვალსა და ხელს შუა დაიკარგა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გათავისუფლების შემდეგ, ახალგორელი მოქალაქე მანქანაში ჩასვეს და  პირდაპირ ცხინვალს გადასცეს. თანაც - ისე, რომ პროცესზე მყოფი მისი ადვოკატისთვის და ნათესავებისათვის არაფერი უცნობებიათ.    

ახალგორელი ხათუნა ჩარაევა ქართველმა სამართალდამცავებმა ყალბი ფულის გავრცელების ბრალდებით, გასული წლის 19 დეკემბერს დააკავეს. ჩარაევას ნათესავები ამ ბრალდებას შეთითხნილს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და სხვა არაფერი. იმავეს ფიქრობს ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაც და მოსახლეობის უმრავლესობა. როგორც ისინი ამბობენ, ჩარაევას, რომელიც რაიონში საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს, 30 000 დოლარი ავტოსადგურ „დიდუბეში“ (სადაც მისი დაკავება მოხდა) პოლიციამ ძალით ჩაუდო. საგულისხმოა, რომ დაკავებიდან 1 თვის განმავლობაში ჩარაევასთან შეეხვედრის უფლებას მის ადვოკატს არ აძლევდნენ. შემდეგ კი მის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო და ნათესავებმა კარგა ხანს არ იცოდნენ, სად და რა ვითარებაში იყო პატიმარი.          

29 მარტს სასამართლო პროცესი განსაზღვრული დროის (14:00 საათი) ნაცვლად 20 წუთით ადრე დაიწყო. პროცესი დახურული იყო, შესაბამისად მას მხოლოდ მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატები და განსასჯელი ესწრებოდნენ. დერეფანში განსასჯელს, როგორც ყოველთვის, ერთადერთი ნათესავი - მაზლი მერაბ ჩარაევი ელოდა.

დაახლოებით ერთ საათში სასამართლო დარბაზის (#11) წინ, დერეფანში 5-მდე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი მოვიდა და ჩარაევას პროცესის დამთავრებამდე იქ იდგნენ. მათგან ერთ-ერთი პროცესიდან გამოსულმა პროკურორმა კოჭლამაზაშვილმა ცალკე გაიყვანა და როგორც ჩანდა, რაღაც მითითებები მისცა. დაახლოებითU15:00 საათზე დარბაზის კარი გაიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსურველს შესვლა-დასწრება შეეძლო. შევიდა მერაბ ჩარაევი. მომლოდინე 5 მოქალაქე კი გარეთ დარჩა. სასამართლო დარბაზში მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა, რომლის მიხედვით, ჩარაევას ხუთწლიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს და გამოუცხადეს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულს შეეძლო, სასამართლო დარბაზი დატოვებინა. ჩარაევა სასამართლო დარბაზიდან შიდა კარით (საიდანაც შემოყავთ ხოლმე პატიმრები) გაიყვანეს.  

ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და იმედა ქარქაშაძემ მერაბ ჩარაევს ნათესავის გათავისუფლება მიულოცეს. განაჩენის წაკითხვიდან რამდენიმე წამში ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მოიკითხა გათავისუფლებული პატიმარი, მაგრამ მის კვალსა და ასავალ-დასავალს ვეღარსად მიაგნო. თავდაპირველად მას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს, ხათუნა ჩარაევას იქვე, რომელიღაც ოთახში პოლიციელები ესაუბრებოდნენ და მალე გაუშვებდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ ხათუნა ჩარაევა საერთოდ საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაყვანილი იყო. სად, როგორ და რისთვის, ადვოკატ გაგი მოსიაშვილისთვის გაურკვეველი ოყო. იგი ამბობდა იმასაც, რომ გათავისუფლებული პატიმრის ასე გაქრობა აბსოლუტური კანონდარღევაა და სამართლის ნორმებს სცილდება.
 
გაგი მოსიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ხათუნა ჩარაევას ადვოკატი:  „სახელმწიფო მბრალდებელსა და განსასჯელს შორის გაფორმდა საპროცესო გარიგება, რომელიც ითვალისწინებდა მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას. პირობითი მსჯავრი კი, თავისთავად, გულისხმობს, რომ გათავისუფლდეს პიროვნება სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და აბსოლუტურად გაურკვეველია, სად გადაიყვანეს ქალბატონი ჩარაევა. საბადრაგო სამსახურმა პატიმარი კი გაათავისუფლა, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ საბადრაგო სამსახურმა გაიყვანა იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რის შემდეგაც აღარავის უნახავს. ეს აბსოლუტური კანონდარღევავაა და არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს არ შეესაბამება. ვერც კი ვვარაუდობ, სად შეიძლება, ამჟამად ეს ადამიანი  იყოს. რაკი იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს (რაც განაჩენშიც არის მითითებული) შეუძლებელია, საპატიმროში დაებრუნებინათ. მას ხომ წინასწარი პატიმრობა სასამართლოს განაჩენით გაუუქმდა“.

მერაბ ჩარაევი, რომელიც გათავისუფლებული რძლის წასაყვანად ემზადებოდა, გაოგნებული შეჰყურებდა ასევე საგონებელში ჩავარდნილ ადვოკატებს, რომლებიც ამაოდ ელოდნენ ხათუნა ჩარაევაზე რაიმე ინფორმაციის გაგებას. ასეთ ვითარებაში დაახლოებით 17:00 საათისთვის მერაბ ჩარაევმა და ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა (იმედა ქარქაშაძემ უფრო ადრე) საქალაქო სასამართლოს შენობა დატოვეს.    

მოგვიანებით, დაახლოებით საღამოს 20:21 საათზე ადვოკატმა შეიტყო, რომ ხათუნა ჩარაევა ცხინვალს გადასცეს.      

humanrights.ge მერაბ ჩარაევს დაუკავშირდა.

მერაბ ჩარაევი: „ხათუნა მე არ მინახავს. როგორც გავიგე, იქეთ მხარეს - ცხინვალშია გადაყვანილი. სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ თვალწინ რომ აგვაცალეს და გააქრეს, მაშინ გადაუყვანიათ, თურმე, ცხინვალისკენ. მე პირადად არ მილაპარაკია ხათუნასთან, ცხინვალში მყოფი მისი შვილები და მეუღლე (ჩემი ძმა) მელაპარაკნენ და მითხრეს, რომ ცხინვალში, მათთან არის. პირდაპირ ცხინვალში რატომ გადაიყვანეს, არ ვიცი, აზრზე არა ვარ“.

30 მარტს უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ ხათუნა ჩარაევა ქართულმა მხარემ ცხინვალს გადასცა. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა. ჯუღელის თქმით, ქართულმა მხარემ კეთილი ნება გამოიჩინა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გადასცა 6 ოსი მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებებით ქართულ ციხეებში იმყოფებოდნენ. იმავე დღეს ცხინვალის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისმა არა 6, არამედ 3 ტყვე დააბრუნა. დანარჩენი 3 პატიმარი ვინ იყო და სად გაქრა, ამის თაობაზე ინფორმაციას არც ერთი მხარე აღარ ავრცელებდა.

როგორც გაირკვა, 3 პატიმარი ქართულმა მხარემ ცხინვალს ერთი დღით დაგვიანებით გადასცა. „სულ ექვსი მოქალაქე გათავისუფლდა. სამი მათგანი 29 მარტს, სამი კი 30 მარტს გადავეცით ოსურ მხარეს. ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს“, - აღნიშნა ვოვა ჯუღელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, 30 მარტს ოსურ მხარეს სოფელ ერგნეთთან გადასცეს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ზაურბეკ ხესტანოვი, ნიჟეგოროდის ოლქის მცხოვრები თემურ ამზოევი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, სოფელ არცევის მკვიდრი გონერი ტოროშელიძე. 29 მარტს კი ქართულმა მხარემ გაათვისუფლა ცხინვალელი გენადი პლიევი, სოფელ დიდმუხას მცხოვრები ვადიმ ტადტაევი და ახალგორელი ხათუნა ჩარაევა.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ხათუნა ჩარაევა ქართველმა სამართალდამცველებმა სრულიად უდანაშაულოდ დაიჭირეს.

პაატა ზაქარეიშვილი: „ხათუნა ჩარაევამ  დანაშაული „აღიარა“ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. მას უთხრეს, რომ ასე აჯობებდა და ასეც უნდა მოქცეულიყო. ისე მას ციხიდან ვერ გაუშვებდნენ. თუ გაუშვებდნენ, მას ექნებოდა უფლება, ეჩივლა. ამიტომაც შედგა ასეთი გარიგება - გიშვებთ, ოღონდ აღიარე დანაშაული! ხათუნა ჩარაევას რელურად ჩადენილი რომ ჰქონოდა ის დანაშაული, რისთვისაც დაიჭირეს, მას არც გაუშვებდნენ. რატომ უნდა გაუშვან ადამიანი პატიმრობიდან, თუ მას ჰქონდა ყალბი დოლარები?! აბსოლუტურად უსაფუძვლოა ასეთი ადამიანის გაშვება. პირიქით, ხელისუფლებას პასუხი უნდა მოვთხოვოთ კიდეც იმაზე: რატომ გაუშვა, თუ მართლა დამნაშავეა?! გამოდის, დამნაშავე არ არის და ამიტომაც აღიარებინეს, რომ მერე ჩარაევას არ ეჩივლა – უდანაშაულოდ დამაკავესო. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი პრიმიტიული ქართული პოლიტიკა“.

ზაქარეიშვილი ოსი ტყვეების გათავისუფლებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის დამსახურებად თვლის. ჰამარბერგის ექსპერტები ამჟამადაც ცხინვალში იმყოფებიან და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ასავალ-დასავალს იკვლევენ. ცხინვალის რეჟიმმა კი თბილისის გადაწყვეტილებას პიარ-აქცია უწოდა - 30 მარტს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ.

ახალი ამბები