კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნოდ თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხები უპრეცენდენტოდ გაიზარდა

31 მარტი, 2010

გელა მთივლიშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ცენტრალური ბიუჯეტიდან თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხები უპრეცენდენტოდ გაიზარდა, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხება. ანგარიშის მიხედვით, საგრძნობლად გაიზარდა თბილისის მერიის მუშა-მოსამსახურეთა რიცხოვნობა და რეგიონების გუბერნატორების ადმინისტრაციების აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობა.

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, 2009 წლის ბიუჯეტთან შედარებით მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა, თუმცა, საბიუჯეტო პრიორიტეტები არსებითად შეიცვალა: გაიზარდა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების, ეკონომიკური საქმიანობის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების ხარჯები და შემცირდა სხვა სფეროების დაფინანსება. 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკებისთვის და ადგილობრივი ვითმმართველობებისთვის, ტრანსფერების სახით, 836,9 მლნ. ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წლის ტრანსფერებს 214,4 მლნ. ლარით (34%-ით) აღემატება. ამ მოცულობის ტრანსფერები თვითმმართველობებს მთელი არსებობის მანძილზე არ მიუღიათ.

„ასევე უპრეცენდენტოა თბილისისთვის გამოყოფილი ტრანსფერი და მთლიანად თბილისის წლევანდელი ბიუჯეტი. თბილისმა, გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით, წელს 323 მლნ. ლარი მიიღო. ეს თანხა ყველა თვითმმართველობისათვის გათვალისწინებული გამოთანაბრებითი ტრანსფერების 61,8%-ს შეადგენს. საერთო ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტი 2010 წელს 570,8 მლნ. ლარია“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი.

მისივე თქმით, თბილისის 2010 წლის თავდაპირველი, 2009 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯები უფრო ნაკლები იყო. 2010 წლის 22 თებერვალს ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და ხარჯები 58,1 მლნ. ლარით გაიზარდა. ამ ცვლილებების საფუძველზე მერიის მუშა-მოსამსახურეთა რიცხოვნობა 410-ით გაიზარდა, ხოლო სახელფასო ფონდი - 5,5 მლნ. ლარით. ასევე გაიზარდა საქონლისა და მომსახურების შესაძენად გასაწევი ხარჯების მოცულობა 34,2 მლნ. ლარით და სოციალური უზრუნველყოფა - 63,1 მლნ. ლარით.

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა გუბერნატორების ადმინისტრაციების ხარჯები. ხარჯების ზრდა, ძირითადად, მხარეების რწმუნებულების აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების შექმნას უკავშირდება, რის გამოც სახელფასო ფონდის მოცულობამაც მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ სახანძრო და სხვა საგანგებო სიტუაციების მართვა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და მათ ამისთვის შესაბამისი სამსახურებიც ჰყავთ.

„ეს ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პრეზიდენტის მიერ არა ერთხელ გახმოვანებულ ინიციატივასთან ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირების შესახებ, რაც ადმინისტრაციული ხარჯების, მათ შორის, საშტატო რიცხოვნობისა და სახელფასო ფონდის ოპტიმიზაციას გულისხმობდა. შესაძლებელია, ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებით იმ დამატებითი ადამიანური რესურსის დასაქმებას ახდენს, რომელიც მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში იქნება ჩართული“, - აღნიშნავს ხატისკაცი.

კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს, ისეთი ღონისძიებების დაფინანსებაა, რაც არასაარჩევნო წლებში არ ფინანსდება.

„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2010 წლის პირველი მარტიდან დედაქალაქში რეგისტრირებული პენსიონერების პენსიები 10-ლარით გაიზარდა. ეს დანამატი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც მთლიანად 19,9 მლნ. ლარია გამოყოფილი. სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებში მსგავსი ინიციატივები არ გამოვლენილა. მერიის ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, რომლის საფუძველზეც საპენსიო პოლიტიკა თვითმმართველობის კომპეტენციას არ განეკუთვნება, და მეორე მხრივ, სხვა პენსიონერების მიმართ დისკრიმინაციულია. ანალოგიურად მოიქცა თბილისის მერია 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდშიც. მაშინ თბილისში რეგისტრირებული პენსიონერების პენსია, მერიის ინიციატივით და მისი ფინანსური მხარდაჭერით, 5 ლარით გაიზარდა.

თბილისის მერიის კიდევ ერთი ახალი დადგენილებით, დედაქალაქში მცხოვრებ 167 271 პენსიონერს სატრანსპორტო პერსონალური ბარათი დაურიგდება, რაც მათ საშუალებას მისცემს საზოგადოებრივი ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით, შეღავათიან ფასად იმგზავრონ. ბიუჯეტიდან ამისთვის 3,5 მლნ ლარი გამოიყოფა.

გარდა ამისა, მერიის ინიციატივით, ყველა კატეგორიის პენსიონერს მედიკამენტების შესაძენად 25 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა, რაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ. ლარი დაიხარჯება. მედიკამენტებისთვის ვაუჩერები პენსიონერებს 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინაც დაურიგდათ. 2007 და 2009 წლებში მსგავსი ვაუჩერები არ ყოფილა. ყველა პენსიონერისთვის, იმის მიუხედავად, თუ რა შემოსავალი აქვთ მათ ოჯახებს, ამ ტიპის სოციალური დახმარებების გაწევა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2006 წელს განხორციელებულ სოციალური დახმარების რეფორმას ეწინააღმდეგება. რეფორმის საფუძველზე სოციალური დახმარების გაცემის კრიტერიუმად არა ცალკეული კატეგორიები, მაგალითად, პენსიონერები, მარტოხელა დედები, უნარშეზღუდული პირები, ომის ვეტერანები და ა.შ. განისაზღვრა (როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო), არამედ ის, თუ რამდენად უჭირდათ ოჯახებს და რამდენად აუცილებელი იყო მათთვის სახელმწიფოს დახმარება (იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა მათ წევრებს შორის ომის ვეტერანები, პენსიონერები და ა.შ.). თბილისის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამებს, რომლებიც სოციალური დახმარების სახელმწიფო სისტემის ჩარჩოებში არ ჯდება. ამასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამების განხორციელებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

2010 წლის სახელმწიფო  ბიუჯეტში, წინა წელთან  შედარებით, სოფლის მხარდაჭერის  სახელმწიფო პროგრამის  დაფინანსებაც გაორმაგდა და შარშანდელი 20 მლნ. ლარის  ნაცვლად, 40 მლნ. ლარით განისაზღვრა.

ნანა ხატისკაცი: „2010 წლის 13 იანვარს  საქართველოს მთავრობამ  მიიღო #41 განკარგულება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის საფუძველზეც ეს თანხა სხვადასხვა რეგიონებზე განაწილდა. ამავე განკარგულებით, სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად, მთავრობამ ადგილობრივ თვითმმართველობებს დაუდგინა, რომ შესაბამისი სამუშაოები ერთ პირთან მოლაპარაკების წესით შეესყიდათ. ჩვეულებრივ, „სოფლის  მხარდაჭერის“ პროგრამით  ადგილობრივი ინფრასტრუქტურული და სოფლის სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარება ფინანსდება. ასეთი სამუშაოები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამდენად, მიზანშეწონილია, რომ სამუშაოების შესყიდვა უფრო კონკურენტული, ღია ტენდერების საფუძველზე ხდებოდეს. გასულ, არასაარჩევნო წელს მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელება არ დაუვალებია. აღნიშნული სამუშაოების ამ სახით განხორციელება საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ასეთი დაჩქარებული ღონისძიებები ამ სამუშაოების მაისის არჩევნებამდე მოსწრებასთან იყოს დაკავშირებული“.

დოკუმენტის  მიხედვით, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 91 მლნ. ლარის ოდენობით განისაზღვრა. საქართველოს  მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის მე-40 განკარგულებით, აღნიშნული ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველობებისთვის 66 მლნ. ლარი გამოიყო. გამოყოფილი დაფინანსება თვითმმართველობებში ისეთი ღონისძიებების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს, როგორიცაა: სოფლის გზების რეაბილიტაცია; გარე განათების და ტროტუარების მოწესრიგება; სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობა; წყლის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია; მრავალბინიანი სახლების სახურავების და ლიფტების შეკეთება; სპორტული მოედნების მოწყობა; სკოლისგარეშე დაწესებულებების რეაბილიტაცია; სხვა ადგილობრივი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.

„მსგავსი ღონისძიებების  უმეტესობის დაფინანსება, საქართველოს  კანონმდებლობით, ადგილობრივი  თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება და მათთვის ადგილობრივ თვითმმართველობებს  თავიანთ ბიუჯეტში უნდა გააჩნდეთ სახსრები“, - ნათქვამია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშთან დაკავშირებით, თბილისის მერიის აპარატის თანამშრომელმა კოკი იონათამიშვილმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, რომ „არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება იმ პროექტების ინტენსივობა, რომლებიც ასეული ათასობით თბილისელის კეთილდღეობისთვის არის შექმნილი და იმის გამო, რომ არჩევნები ახლოვდება, მერია ცხოვრებას ვერ შეწყვეტს“.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნას არ ეთანხმება ხელისუფლება. „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, რომელიც ამავე დროს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, „დაფინანსება კი არ გაზრდილა, არამედ ასე ჩანს“.

„ციფრების შეცვლა გამოთანაბრებითი ტრანსფერის ახალი ფორმულის მიღებით არის განპირობებული, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტის მიღებისას დამტკიცდა. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, მათ აქვთ თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილებები და თუ ბიუჯეტი საშუალებას აძლევთ, შეუძლიათ პენსიაც გაზარდონ და სამედიცინო პოლისებიც დაარიგონ“, - განაცხადა მელიქიშვილმა.

ახალი ამბები