კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპით საქართველო პირველ ადგილზეა

31 მარტი, 2010

თაკო ხუციშვილი

გაეროს  ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2009 წლის ანგარიშით, საქართველო პირველად მოხვდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეები ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს. 2008 წელთან შედარებით, საქართველომ შვიდი საფეხურით უკან დაიწია. მანამდე იგი ამ მაჩვენებლით მე-17 ადგილზე იყო. თუკი 2008 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 5454 მოქალაქემ ითხოვა, 2009 წლს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 10 994 შეადგინა.

იმ ქვეყნების „შავ ათეულს“, რომლებიდანაც მოქალაქეები გარბიან, ავღანეთი ლიდერობს. 2009 წლის განმავლობაში თავშესაფარი ავღანეთის 26 800-მა მოქალაქემ მოითხოვა. ავღანეთს მოჰყებიან: ერაყი, სომალი, რუსეთი, ჩინეთი, სერბეთი, ნიგერია, ირანი, პაკისტანი, და საქართველო.

გაეროს ლტოლვილთა  უმაღლესი კომისრის, ანტონიო გუტერესის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპით პირველ ადგილს იკავებს. 

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი მაგდა ანიკაშვილი ფიქრობს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დასკვნა მოულოდნელი არავისთვის არ არის. მისი თქმით, ადამიანები ბოლო 20 წელიწადია, ტოვებენ საქართველოს.

მაგდა ანიკაშვილი: „ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დღეს არ დაწყებულა. დემოგრაფიული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ქვეყანა  მილიონი ადამიანით არის შემცირებული. ქვეყნიდან გასულია უამრავი დედა და ეს ჩვენს რეგიონებში მართლაც ტრაგიკულ სურათს ქმნის.  დედები შვილებს ვერ ნახულობენ, ვერ ზრდიან შვილებს. ქართველი ქალები, ფაქტობრივად, საბერძნეთსა და ესპანეთში მოსამსახურეებად არიან ქცეულნი. ამ ყველაფერს თავისი მიზეზები ჰქონდა  წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ, ბევრს ჰქონდა  იმედი,  რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ შეძლებდნენ სამშობლოში დაბრუნებას და ახალი ცხოვრების დაწყებას. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, ფაქტობრივად, არ შეცვლილა მდგომარეობა. ყველაზე სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების უფრო მეტი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას და საზღვარგარეთ ცდილობს საკუთარი თავის რეალიზებას“.

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების რაოდენობის გაორმაგებას 2008 წლის საომარ მოქმედებებს უკავშირებს.

ნუგზარ წიკლაური: „ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ამ მიმართულებით საკმაოდ ნორმალური პოზიცია ეკავა.  საზღვარგარეთ წასულთა რაოდენობის გაორმაგებას  მე პირდაპირ ვუკავშირებ რუსეთის აგრესიას, რის შედეგადაც ახალგორიდან და კოდორიდან ლტოლვილთა ახალ ნაკადი გაჩნდა. მათ გადაწყვიტეს, თავშესაფრისთვის უცხო ქვეყნებისთვის ეთხოვათ. 

მეორე ფაქტორია შარშან გაზაფხულზე შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც  დარწმუნებული ვარ, რუსეთისგან იყო ორგანიზებული. მკვდარი ქალაქისა და ჭექა-ქუხილის პოლიტიკამ, გადაკეტილმა ქუჩებმა ეკონომიკის შერყევა გამოიწვიეს. ეს ფაქტორი ბევრი მოქალაქის პირად მდგომარეობაზეც აისახა და ბევრმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. თუ კარგად დააკვირდებით სხვა ქვეყნების სტატისტიკას, ქვეყანაში მოსახლეობის გადინება იზრდება იმ შემთხვევაში, როცა იწყება საომარი მოქმედებები. ხოლო როცა არის მშვიდობა, იმ შემთხვევაში, უფრო ნაკლებად მიდიან ქვეყნიდან. თავისთავად ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე თავისი ნიჭისა და უნარის შესაბამისად საზღვარგარეთ უფრო მეტ ანაზღაურებას მიიღებს.  თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა კვალიფიციური თანამშრომლები აქ ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას და უცხო ქვეყანაში არაკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ. ასეთ შემთხვევებსაც აქვს ადგილი და ამაზე თვალის დახუჭვას არავინ აპირებს“.

პრეზიდენტი სააკაშვილი თავის გამოსვლებში ხშირად იმეორებდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში გაცილებით მეტი ხალხი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტს სატრაბახოდ საქმე აღარ აქვს. კარგი იქნება, იგი მარტო რუსეთს და მტერს თუ არ დააბრალებს იმ სავალალო ვითარებას, რაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა აღწერა. ამაში ხელისუფლებას და პრეზიდენტს თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია და თანაც საკმაოდ დიდი.

ახალი ამბები