კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიში ნთქავს სულს - მითიური და დამსხვრეული სააკაშვილი

6 აპრილი, 2010
დავით ბუხრიკიძე, „მთავარი.ინფო“

მისი პოზიტიური „ხმაური“ მხოლოდ უსუსურ „მძვინვარებად“ იქცა; ახალი ქვეყნის მშენებლობის სურვილი - უკვე გაცვეთილ პიარტექნოლოგიად; უზღვავი დაპირებები - დამსხვრეულ სურვილებად; ენერგიული ეკონომიკური რეფორმები - გაღატაკებულთა, უმუშევართა და ბანკების მევალეთა დეპრესიად... დაბოლოს, დავით აღმაშენებლის საფლავზე დადებული ფიცი - „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“, ახალგორში მიმდინარე პასპორტიზაციის კოშმარულ რეალიზმად. არადა, თითქმის უეკლო „ვარდების რევოლუცია“ მას „მაკბეტის“ კუდიანებივით მხოლოდ დიდ წარმატებას, მშვიდ მეფობას და უზრუნველ მომავალ უწინასწარმეტყველებდა...

მაშ ასე, პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ შეთხზული რევოლუციური მითი და რევოლუციის მიერვე დასხვრეული რეალობა.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ელექტორატის „მხურვალე“ პროცენტებმა, საკონსტიტუციო უმრავლესობამ პარლამენტში, მოქალაქეთა გადაჭარბებულმა ნდობამ, აღმშენებლობითმა ოპტიმიზმმა და სახელისუფლო შტოების მხადაჭერამ სააკაშვილს მხოლოდ დათვური სამსახური გაუწია. ტრიუმფი ძალიან მალე თვითკმაყოფილებამ შეცვალა. ჯერ საკუთარ თარგზე მოჭრილი კონტიტუცია მოირგო, შემდეგ ისედაც მორჩილ პარლამენტს უფლებები შეუკვეცა. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გავლენის ხარისხის შემცირებამ მას ჯერ უჩინარი და შემდეგ ხმაურაიანი პრობლემები შეუქმნა, რომელსაც მოთვინერებულ-მოშინაურებული მედია არ ახმაურებდა, ან ხელისუფლებასთან აშკარა კონფლიქტის გამო ამ ფაქტებს თავს არიდებდა.

2005 წლის თებერვალში ერთგული თანარევოლუციონერის თუ თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას „მისტიკური“ სიკვდილის იფიციალურმა მიზეზებმა ვერც მოწინააღმედგეები დააშოშმინა და ვერც საზოგადოება დააჯერა. სწორედ საზოგადოებისგან გაუცხოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ოპოციზიის იგნორირება და მისი მტრად გამოცხადებაც. ამ ყველაფრის ლოგიკური დაგვირგვინება კი 2007 წლის ნოემბერის აქციები და ოპოზოციური ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა გახდა. მმართველი ელიტისა და საზოგადოების გამყოფი ხაზები საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა, ამიტომ ცვლილებები საჩქარო და აუცილებელი იყო.

ნევროზითა და მხურვალე პოლიტიკური ვნებით გამორჩეული მეორე საპრეზიდენტო ვადა ისევ „ქუჩაში“ ნებით დარჩენილ ოპოზიციასთან დაუსრულებელი კინკლაობით დაიწყო. ოპოზიცია არც საპარლამეტო და არც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ აღიარებდა. და მაინც, სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე დიდი გამოცდა 2008 წლის აგვისტოს „პატარა ომი“ აღმოჩნდა. რუსეთის სამხედრო აგრესიას თან დაერთო თავად საქართველოს პრეზიდენტის ამაო მოლოდინი დასავლეთთან და აშშ-სთან მიმართებაში. თუმცა პიროვნულმა ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა არანაკლებ ნეგატიური როლი ომის დაწყებაშიც შეასრულა.

„ხუთდღიანმა ომმა“ არა მარტო სააკაშვილი, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ-გეოგრაფიული ლანდშაფტიც შეცვალა. საქართველოში დაახლოებით ასი ათასი ახელი დევნილით დასახლებული „გეტოები“ გაჩნდა, რომლებიც პრეზიდენტს ომის შედეგებს განუწყვეტლივ შეახსენებს. 2004 წელს დადებული ფიცი საქართველოს გაერთიანების შესახებ, სამწუხაროდ, ისევ საკაშვილის მითის ნაწილად რჩება.

სააკაშვილს ქვეყნის აღმშენებლობის ისეთი პირობები და განუმეორებელი შანსი ჰქონდა, როგორც არავის და არასდროს საქართველოს ისტორიაში. თუმცა ბრძოლებში, დაპირებებსა და ილუზიებში გამობრძმედილმა ლიდერმა ძალაუფლების ხიბლს ვერ გაუძლო და საკუთარი უტოპიური სურვილების, პირფერობით გამორჩეული გარემოცვისა და ნახევრად განუხორციელებელი რეფორმების მძევლად იქცა. ხოლო ომგადახდილი ქვეყნის მოუშუშებელი „ტრავმები“ ლამის მისი პოლიტიკური ამნეზიის მიზეზებად იქცა.

დღეს ერთდროულად ფრთხილი, დეპრესიული, მაგრამ მაინც აქტიური სააკაშვილი პატარა „ომისა“ და გაჭიანურებული „მშვიდობის“ შემდეგ არასანდო და „ეჭვიან“ დედაქალაქს განერიდა. ეკონომიკური აღმშენებლობის მცირე პროექტების მაუწყებელი წითელი ლენტები ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში გაჭრა. მაგრამ ეს ფანტომური ტკივილების დავიწყებას ჰგავს. სინამდვილეში იგი კვლავ ომის კოშმარული შედეგების გადაფარვას თუ დავიწყებას ცდილობს. ამჯერად უკვე ეკონომიკური პროექტებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმებსაც კი შესთავაზა. თუმცა ამის გაკეთება ჯერ კიდევ ომამდე შეიძლებოდა და ეს მათი ინტეგრაციის ლოგიკური საზომიც იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის თვალში.

პრეზიდენტის დაპირებები საზოგადოების გარკვეული იდეით გაერთიანების შესახებ გამუდმებით ეჯახება მთავრობის არასოციალურ პოლიტიკას და დაუნდობელ, ულტრალიბერალულ ეკონომიკას. ხალხი სულ უფრო გაუცხოებულია ხელისუფლებისგან, მიუხედავდ იმისა, რომ პრეზიდენტი ლამის ყოველ დღე ხსნის ავეჯის პატარა ცეხებსა თუ ბოსტნეულის ორანჟერეებს. ტელევიზია კი მას გადაჭარბებულად კომუნიკაბელურს, ბავშვებთან მომღიმარეს და პატრიოტულად აღტყინებულს წარმოაჩენს.

საგულისხმოა, რომ პრეზიდენტს, ფატობრივად, არ ჰყავს მრჩევლები. სხვათა შორის, არც ე. წ. სპიჩ-მრჩეველი. იგი არ კითხულობს წინასწარ დაწერილ და მომზადებულ ტექსტს. არც სატელევიზიო „ლაივ-ლაფსუსები“ ან შეცდომები აღელვებს. დროს აცდენილი, საკმაოდ პრიმიტიული და არცთუ მდიდარი ფანტაზიით გამორჩეული მისი ტექსტები, უფრო ზუსტად - მოწოდებები, უფრო იონესკოსა და არაგალის პიესების „გზასაცდენილ“ პერსონაჟთა აბსურდულ მონოლოგებს ჰგავს, სადაც განზრახვას, ქმედებას და შინაარსს შორის თითქმის არ არსებობს ლოგიკური კავშირი.

კრიტიკული აზროვნების უუნარობა და რეფლექსიის შეუძლებლობა ბოლო დროს ადგილს უთმობს სამხედრო-პატრიოტული აღზრდის შესახებ ჩატარებულ ლექციებს სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში. რაც ყველაზე უცნაურია, პრეზიდენტის ლექსიკაში გაჩნდა სწორედ ისეთი სიტყვები („ჩმორები“, „მოწანწალე ოპოზიცია“, „გლეჯვა ხუთოსანი“, „წკავწკავებდეს“), რითაც იგი თითქოს განსხვავდებოდა გაფლანგული პოლიტკრედიტებით „მდიდარი“ ოპოზიციისგან. ხელისუფლების დათმობით თუ დაკარგვით გამოხატული არაცნობიერი შიში ცნობიერად აისახება მის ქცევასა და მეტყველებაზეც.

ჰიპერაქტიული, დაუღალავი, მაგრამ მაინც იმედგაცრუებული პრეზიდენტი აშკარად გაურბის კრიტიკას, არ სურს მისთვის უსიამოვნო პოლიტიკური მოვლენებისა და წარსულის გახსენება. არც მოწინააღმდგეებთან კამათი და დებატები შეუძლია. სამაგიეროდ, სიამოვნებით პოზირებს კამერების წინ ღია საციგურაო მოედნებზე და ისევ მხარდამჭერთა გულწფელი თუ მამებლური შეძახილები - მიშა, მიშა! - გაცილებით უფრო ეძვირფასება, ვიდრე საქმიანი თუ კრიტიკული მოსაზრებების გაზიარება.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლამდე ძალიან შორია, ხელისუფლების დაკარგვით თუ დავიწყებით გამოხატული შიში უკვე დღეს იკითხება. და ამ ფონზე თბილისის „მოსალოდნელი“ მერის - გიგი უგულავას სააღმშენებლო პერსონა სააკაშვილისთვის მაკბეტის საბედისწერო მეგობრის, ბენქოს საპრეზიდენტო აჩრდილად იქცევა. და რადგან არაცნობიერი შიში სულ უფრო თვასაჩინოა, რომელიც ანგრევს ლოგიკასაც, ის ნელ-ნელა ანადგურებს მეგობრების ნდობას და „აჩმორებს“ მოწინააღმდეგეებს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებისთვის გაღებული სავალდებულო ხარკია _ ისევე როგორც რევოლუციამ შეჭამა თავისი ორი შვილი (ჟვანია და ბურჯანაძე) და თითქმის გაანადგურა მესამის (ჯერ კიდევ პრეზიდენტის) მორალური და ფსიქიკური მდგომარეობა.

„შიში ნთქავს სულს“ - ასე ჰქვია რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმს, რომელიც 70-იან წლებში გადაიღო გერმანელმა რეჟისორმა. სწორედ იმ დროს, როცა სააკაშვილი სოციალიზმის უწყინარ ხანაში პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა. ახალახან იგი სწორედ მშობლიურ სკოლას სტუმრობდა, სადაც გულმხურვალე შეხვედრა მოუწყვეს, მაგრამ სადაც ხელისუფლების მოპოვებისა და დაკარგვის გაკვეთილები არ ასწავლეს. თუმცა, ამგვარი რამ არც მაშინ ისწავლებოდა და არც ახლა. ამას მომწიფებული სამოქალაქო ცნობიერება სჭირდება. დაახლოებით ისეთი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი და მუდმივი დისიდენტი, ვაცლავ ჰაველი რომ აღწერს წიგნში „ძალა უძალოთა“.

ახალი ამბები