კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ბავშვთა სახლებში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს

12 აპრილი, 2010

გელა მთივლიშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ბავშვთა სახლებში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ბენეფიციართა ინტერვიუირებისა და ფსიქოლოგიური შეფასების მიხედვით, სააღმზრდელო დაწესებულებებში ძალადობის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა.

სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი 5 პანსიონური ტიპის საჯარო სკოლასა და 16 სააღმზრდელო დაწესებულებაში განახორციელა.

„მონიტორინგის ჯგუფის სააღმზრდელო დაწესებულებებში ვიზიტებისას, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელები, ასევე აღმზრდელები, პირადი საუბრებისა და ინტერვიუების დროს უარყოფდნენ რაიმე სახის ძალადობის ფაქტებს. თუმცა საპირისპიროზე მეტყველებს რეალური სიტუაცია“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს წარმოადგენს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყურის აწევა, თმის მოწიწკვნა, ყვირილი, მუქარა, დაშინება, დამცირება, მაგალითად, კუთხეში ცალ ფეხზე დგომა, მუხლებზე დაყენება, ბუქნები, აზიდვები, იძულებითი შრომა, ოთახში ჩაკეტვა, იზოლაცია, საკვების არმიცემა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შეზღუდვა.

„მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რომელთა ნაწილიც შეიძლება, გაუტოლდეს არაჰუმანურ და ღირსებისშემლახველ მოპყრობას. ასევე გამოვლინდა რამდენიმე ფაქტი, როცა ბავშვები ესწრებოდნენ თანატოლების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და დასჯას“, - აცხადებს ტუღუში.

სახალხო დამცველის ანგარიშში დუშეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონში ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტიც მოხვდა.

„2010 წლის 3 თებერვალს პანსიონის პერსონალმა, ერთ-ერთი აღმზრდელის ჩანთიდან 100 ლარის დაკარგვის გამო პოლიცია გამოიძახა. პოლიციელებმა ერთ-ერთი ბავშვი მანქანაში ჩასვეს, სცემდნენ და აიძულებდნენ, ეთქვა, ფული სად წაიღო. ამის მერე დაბრუნდნენ პანსიონში და სხვა ბავშვებზეც განახორციელეს ძალადობა. აღნიშნულ ფაქტებს ესწრებოდნენ აღმზრდელებიც. ზოგიერთმა სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში დაადასტურა კიდეც მომხდარი. ერთ-ერთი აღსაზრდელის განცხადებით, მსგავსი ქმედებები პოლიციის მხრიდან ადრეც განხორციელებულა“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგად სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა აღსაზრდელების მიმართ აღმზრდელებისა და ძიძების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები კოჯრის ბავშვთა სახლშიც აღმოაჩინა. როგორც აღსაზრდელების ნათქვამიდან ჩანს, მათ დაწესებულებაში ბავშვის ფიზიკური დასჯა ჩვეულებრივი ამბავია. ზოგიერთ აღსაზრდელს სხვადასხვა ტიპის დაზიანება მონიტორინგის დროსაც ეტყობოდა.

ბავშვებზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა წყნეთის ბავშვთა სახლშიც. „მონიტორინგის ჯგუფის მიერ აღსაზრდელების გამოკითხვის დროს, გამოაშკარავდა მათზე განხორციელებული პერმანენტული ხასიათის არასათანადო მოპყრობის ფაქტები დაწესებულების პერსონალის, ასევე, ყოფილი აღსაზრდელის, ვინმე ვახტანგ კ.-ს მხრიდან. კერძოდ, აღნიშნულ დაწესებულებაში ხდებოდა და ამჟამადაც ხდება აღსაზრდელთა ცემა, დამცირება, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ოთახში გამოკეტვა, საკვების არმიცემა და ა. შ.“ - ამბობს სახალხო დამცველი.

ანგარიშში სხვა ტიპის დარღვევებზეც არის საუბარი. მაგალითად, კაჭრეთის სკოლა-პანსიონში საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი არ ჰქონდა ექიმს, რის გამოც მას არა აქვს უფლება, განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა. ამასთან, ამ სკოლა-პანსიონში გამოიყენებდნენ ვადაგასულ სამედიცინო პრეპარატებს.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ბავშვთა შრომის გამოყენებასაც. ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, „ბავშვი დაცული უნდა იყოს ყველა ფორმის ექსპლუატაციისა და ნებისმიერი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება, ემუქრებოდეს მის ჯანმრთელობას და ხელს უშლიდეს განათლების მიღებაში, ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ
განვითარებას“.

სახალხო დამცველის ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ „ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, თითქმის ყველგან, ხდება ბავშვის შრომის გამოყენება. ბავშვები ასრულებენ სხვადასხვა სახის და სხვადასხვა სიმძიმის სამუშაოებს: სააღმზრდელო ჯგუფებისა და საძინებლების დაგვა-დასუფთავება, ტუალეტების მორიგეობით დასუფთავება, ჭურჭლის დარეცხვა, სასადილოში მაგიდების გაშლა და ალაგება, სამზარეულოს იატაკის მოწმენდა, ფანჯრების დაწმენდა, დერეფნებისა და კიბეების დალაგება, სარეცხის გაფენა, თეთრეულის გაუთოება, როგორც საკუთარი, ასევე სხვების ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გასუფთავება, უმცროსი ჯგუფის ბავშვების დაბანა, მოწესრიგება, ეზოს დალაგება, შეშის დაჩეხვა და ჯგუფებში ატანა“.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის წევრების თქმით, აღსაზრდელები მიუთითებენ, რომ ამ საქმიანობებს აკეთებენ იძულებით, არანებაყოფლობით, აღმზრდელების დავალებით.

„ბავშვს არ შეუძლია, უარი განაცხადოს ასეთი სახის დავალებაზე, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ბავშვები ხშირად ცდილობენ, თავი აარიდონ „დაკისრებულ პასუხისმგებლობას“ სუსტი და მორჩილი ბავშვების ხარჯზე, რომლებიც ყოველგვარ დავალებას პროტესტის გარეშე ასრულებენ. კაჭრეთის სააღმზრდელო დაწესებულების ერთ-ერთი აღსაზრდელი, უფროსი ასაკის გოგონა, მუდმივად ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოებს: „გაყინულ წყალში რეცხავს“, ავადმყოფობის შემდეგაც კი (ფილტვების ანთება) ვერ აპროტესტებს „დაკისრებულ მოვალეობას“. მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის დროსაც ცივი წყლით რეცხავდა და ხელები გალურჯებული ჰქონდა. აღმზრდელთა გამოკითხვა და განმარტებები ადასტურებს, რომ ბავშვები მართლაც ასრულებენ ზემოაღნიშნულ საქმიანობებს, თუმცა აღმზრდელები ამას ამართლებენ იმ მოტივით, რომ „ასე შრომის ფასს სწავლობენ“.

ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ასევე სსიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს უფროსს, ბავშვთა სახლების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსახვრელად სასწრაფოდ გაატარონ საჭირო ღონისძიებები.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემულ ფაქტებს უსაფუძვლოს უწოდებს კაჭრეთის ბავშვთა სახლის დირექტორი ნინო ბეროშვილი. როგორც მან განაცხადა, ომბუდსმენის წარმომადგენლებს მონიტორინგის დროს ვადაგასული პრეპარატების გარდა სხვა დარღვევა არ აღმოუჩენიათ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დუშეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელების მიმართ დუშეთის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები