კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პატივცემულო დევნილო, თქვენ გელით სასამართლო...“

16 აპრილი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

„ენერგო პრო ჯორჯია“ ორ თვეზე მეტია, ხურვალეთის კოტეჯებში მცხოვრებლებისგან გახარჯული დენის ამოღებას ვერ ახერხებს. ჯერ კიდევ 7 იანვარს, შობის ღამეს მათ ელექტროენერგია შეუწყვიტეს. სადამსჯელო ღონისძიების მიუხედავად, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილები დავალიანებას ვერ ფარავენ. მოსახლეობა გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.

31 მარტს ენერგოკომპანიიდან ხურვალეთის კოტეჯებში წითელი ფერის ფურცლები დაარიგეს. აღნიშნულ ფურცელზე გამაფრთხილებები სიტყვებით, დევნილებს არწმუნებენ, რომ თუკი დენის საფასურს არ გადაიხდიან, პრობლემები შეექმნებათ. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქმედებებზე ხურვალეთში მცხოვრები დევნილები დღეს უკვე იუმორით ხვდებიან: „რითი გვემუქრებიან? რითი გვაშინებენ? დასაკარგი ჩვენ აღარაფერი გვაქვს და რა უნდა წაგვართვან?“

„პატივცემულო აბონენტო“ - ასე იწყება „ენერგო პრო ჯორჯიას“ წითელი ბარათი, რომელიც ხურვალეთის კოტეჯებში მცხოვრებ ნოდარ ხადურს მიუვიდა.

აბონენტი: ხადური ნოდარი
მისამართი გორი, ხურვალეთის კოტეჯებში, შენობა #133
31 მარტი, 2010

„გატყობინებთ, რომ 20 მარტის მდგომარეობით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ თქვენ გერიცხებათ დავალიანება 527.84 ლარის ოდენობით. გთხოვთ, მიმდინარე წლის 20 აპრილამდე მოახდინოთ აღნიშნული დავალიანებების დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დავალიანების გადახდის მიზნით, მიმართავს სასამართლო ორგანოებს. გაცნობებთ, რომ სასამართლო დავის წარმართვის შემთხვევაში, სადავო თანხას დაემატება სასამართლო და სააღსრულებლო წარმოების ხარჯები. აგრეთვე, განგიმარტავთ, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-10 მუხლის შესაბამისად, სს ენერგო-პრო ჯორჯიას უფლება აქვს აბონენტს დაარიცხოს დეპოზიტი“. - იტყობინება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

ხურვალეთის კოტეჯებში მცხოვრები მარინა ბეჟაშვილის ოჯახი რამდენიმე ხნის განმვალობაში  ახლობლებთან იმ მიზნით წავიდა საცხოვრებლად, რომ უკვე გაუსაძლისი იყო გაყინულ კოტეჯებში ცხოვრება. ამ გზას მიმართა რამდენიმე ოჯახმა. ორი დღის წინ ხურვალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა სოსო ხუროშვილმა საკუთარი ნაკვეთში დარგული ვაშლის ხეები მოსახლეობას მისცა.

„მოვიდა ხურვალეთის გამგებელი ხუროშვილი და გვითხრა - ვისაც შეშა არა გაქვთ, წამოდით ჩემს ვაშლის ბაღებში და თითო ოჯახმა თითო ხე მოჭერითო. უნდა გენახათ, როგორ შევესიეთ ამ ხეებს, თითქოს გასული საუკუნის 20-იანი წლები იყოს - კომუნისტებმა რომ მდიდარ გლეხებს მიწები ჩამოართვეს და ხალხს დაურიგეს. ასეთ ზომამდე ხალხის მიყვანა სამარცხვინოა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს?! მოვინიშნეთ ჩვენ-ჩვენი ხეები და მოვჭერით. თითო კოტეჯს თითო ხე შეგვხვდა. მეც აგერ ერთი პატარა ძირი მერგო“, - ამბობს მარინა ბეჟაშვილის მეუღლე. ისინი ახლახანს დაბრუნდნენ კახეთიდან, სადაც ახლობლებთან ცხოვრობდნენ რამდენიმე დღე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სოფელ ხურვალეთიდან სოსო ხუროშვილი აცხადებს, რომ მან ეს კეთილი ნების საფუძველზე გააკეთა: „ეს ნამდვილად არ უკავშირდება საარჩევნო პერიოდს. ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ეს დასახლება გაჩნდა და დევნილები დაასახლეს, ვუთხარი მათ, რომ ფრინველების გასაჩენად თითო ტომარა ხორბალს მივცემდი. ასეც გავაკეთე. ვისაც რა გაუჭირდა, აბსოლუტურად ყველას ვეხმარები. რაც შეეხება ვაშლის ხეებს, მაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც ერთი ჰა და 25 მეასედია. 35-წლიანი ნარგავებია და ამჟამად ამოსაძირკვია. ვუთხარი დევნილებს, რომ შეუძლიათ, თავადვე ამოძირკვონ ხეები და გამოიყენონ. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ერთნმანეთს მხარში ვუდგავართ. თუ მე დამჭირდება მათი თავი, მეც მეხმარებიან. ვაშლის ძირებისგან გათავისუფლების შემდეგ, ნაკვეთზე ვაპირებ მარცვლეულის დათესვას. მართლა არანაირად უკავშირდება ეს ამბავი არჩევნებს. წარმოიდგინეთ, მე უნდა დამექირავებინა მუშები, რომ ვაშლის ძირები ამომეძირკვა. დევნილები კი თავადვე გამოიყენებ იმ შეშას“, -ამბობს სოსო ხუროშვილი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას

ახალი ამბები