კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სიკვდილის ღირსი არიან პოლიციელები და მატყუარა ჟურნალისტები“

19 აპრილი, 2010

დაჩი კვიკვინია, ზუგდიდი

17 აპრილს, საღამოს 18:00 საათზე ზუგდიდში ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის, იროდიონ შელიას, ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად მოქალაქე ნუგზარ მანია მოკლეს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში პროგრამა „პოსტსკრიპტუმში“ მკვლელობის ფაქტს სპეციალური ჩართვა მიეძღვნა.

წამყვანმა გადაცემა საგანგებოდ შეწყვიტა და ეთერი დაუთმო ჟურნალისტს, რომელიც შსს-დან პირდაპირ ეთერში შეუდგა სიცრუის გავრცელებას:
„თოლორაიების ოჯახში დაიწყო ჩვეულებრივი ყოფითი კონფლიქტი მამასა და შვილს შორის. მოხდა ისე, რომ ეს კონფლიქტი შემდგომ ჩხუბში და კიდევ უფრო ფართო დაპირისპირებაში გადაიზარდა. მეზობლების ჩარევის გარდა, საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.

ხოლო, რა მოხდა საპატრულო სამსახურის ადგილზე მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დეტექტივმა გრიგოლ ბესელიამ გვიამბო: „პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს სიტუაციის განმუხტვა, რა დროსაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. გიორგი და თამაზ თოლორაიებისა და მათი მეზობლების პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს გარდაიცვალა გიორგი თოლორაიას ერთ-ერთი მეზობელი, ნუგზარ მანია“.

პაატა იაკობაშვილი: „ჩვენი ინფორმაციით ინსპექტორი იროდიონ შელია უკვე დაკავებულია, კითხვებზე რატომ დასჭირდა მას ბუდიდან იარაღის ამოღება, რატომ არ იყო იარაღზე დამცველი დაყენებული, გამოძიება გასცემს პასუხს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია“, – გვატყობინებდა ტელეკომპანია „რუსთავი2“ და შსს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც, რაგინდ საკვირველიც უნდა იყოს, სრულად ემთხვეოდა იმ ტექსტს, რომელიც ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში გაახმოვანა.

მოწმეების ნაამბობის მიხედვით, რომლებიც მომხდარიდან რამოდენიმე წუთში ჩავწერე, განსხვავებული სურათი იხატება. ირკვევა, რომ მოკლული არანაირ ოჯახურ კონფლიქტში არ ჩარეულა, მეტიც არც თოლორაიების ოჯახში ყოფილა 17 აპრილს ოჯახური კონფლიქტი. ეკლესიის მშენებლობაზე დასაქმებული 60 წლის ნუგზარ მანია სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. თოლორაიების სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში მან შემთხვევით შენიშნა, როგორ სცემდნენ მისთვის უცნობ პიროვნებას პოლიციის თანამშრომლები. ხოლო რა მოხდა შემდეგ, ამაზე მკვლელობის თვითმხილველი თამარ ქირია გვიამბობს.

„ქუჩიდან ხმაური შემომესმა. გარეთ გასულებმა დავინახეთ, ძალოვანები როგორ სცემდნენ ახალგაზრდა ბიჭს. ის შველას ითხოვდა და სამართალდამცავებს ეხვეწებოდა - ნუ მირტყამთ, თავი დამანებეთო. ამ დროს გამოიარა ჩვენმა მეზობელმა ნუგზარ მანიამ. მორწმუნე კაცი იყო და ბიჭს გამოექომაგა. პოლიციელებს ეუბნებოდა: „ნუ სცემთ, მხეცები ხომ არ ხართ, შეეშვით!“ ჩვენს საქმეში ჩარევა როგორ გაბედეო, და მასაც ცემა დაუწყეს. შემდეგ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა იარაღი ამოიღო. ეტყობოდა, რომ ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო... არ გამოვრიცხავ, ნარკოტიკული ნივთიერებაც ჰქონოდა მიღებული – არაადეკვატურად იქცეოდა, იარაღს ყველას უმიზნებდა, ბოლოს გამოაცხადა: ახლა მე შენ მოგკლავო და ნუგზარ მანიას ესროლა. 60 წლის მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა, ვხედავდით როგორ გაშავდა ადამიანი. საავადმყოფოში კი არ მიჰყავდათ. საპატრულო სამსახურში დავრეკე. იმედი მქონდა, რომ ისინი მაინც შეაჩერებდნენ რაიონული პოლიციის თანამშრომლებს. თუმცა, საერთოდ არ გამოცხადდნენ. სისხლისგან დაცლილი ცხედარი მანქანაში ჩააგდეს. ჯერ კიდევ ცოცხალი ეგონათ და ურტყამდნენ. ადამიანის მოკვლის მიზეზი მხოლოდ ის გახდა, რომ დაჩაგრულს გამოექომაგა. ბატონ ნუგზარს არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ ამბავს 15 მოწმე მაინც ჰყავს, რადგან ხმაურზე მთელი სამეზობლო შეიკრიბა“.

ნუგზარ მანია საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს. რამდენიმე წუთში ის ზუგდიდის პროზექტურაში გადაასვენეს, შუაღამის 2 საათისთვის კი – ოჯახში.

22:00 საათისთვის მოკლულის საცხოვრებელ სახლში მივედი. ცხედარი პროზექტურიდან ჯერაც არ იყო გადმოსვენებული. სახლთან შეკრებილი მეზობლები და ოჯახის წევრები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, ყველა ერთხმად დადებითად ახასიათებდა მოკლულს.

დალი მანია, მოკლულის და: „როგორ შეიძლება ასეთი რამ?! უდანაშაულო ძმა მომიკლეს. სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა მშიერი ადამიანი. ჩანთა მოჰქონდა, რომელშიც მუშის ტანსაცმელი ელაგა, დაუხიეს და ქუჩაში დაუყარეს. კვირას არ მუშაობდა და ოჯახთან უნდოდა უქმე დღის გატარება. ძაღლივით მოკლეს ადამიანი უსინდისო პოლიციელებმა. თურმე ნუგზარი ეხვეწებოდა - მეც გამიშვით და ამ ბიჭსაც თავი დაანებეთ, ნუ მოკლავთო, მაგრამ მაინც არ დაინდეს! ჩვენთვის უცნობია, ვინ იყო ის ახალგაზრდა... ჩვენთან მოვიდა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი. ამ ტელეკომპანიამ სრული სიცრუე გაავრცელა. პირობას ვდებ: სანამ ცოცხალი ვარ, არ გავახარებ იმ უსინდისოებს. სიკვდილის ღირსი არიან პოლიციელები და მატყუარა ჟურნალისტები. დაგვღუპეს შვილო, დაგვღუპეს!“

შინაგან საქმეთს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად სწორედ იმ ოჯახში მივედი, სადაც, ძალოვანი უწყების ინფორმაციით, თამაზ და გიორგი თოლორაიებს შორის ოჯახური კონფლიქტი მოხდა. სახლში ოჯახის უფროსი დამხვდა.

ნუგზარ თოლორაია: „რა სისულელეა! არანაირი კონფლიქტი არ გვქონია! ჩემი ვაჟიშვილი დღეს საერთოდ არ მინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩხუბი, შელაპარაკება ან სხვა სახის კონტაქტი ჩემს შვილთან არ მქონია. სახლში ვიყავი მთელი დღე. ამ ქუჩაზე არც პოლიციელი დამინახავს და არც ხმაური გამიგია. არ ვიცი, რატომ გამოაცხადა ტელევიზიამ ჩემი სახელი და გვარი. გაურკვევლობაში ვარ. საღამოს მითხრეს, მეზობელ ქუჩაზე ნუგზარ მაინა მოკლესო. ძალიან მეწყინა“.

თოლორაიების მეზობლები „რუსთავი2“-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში სიმშვიდე იყო. ოჯახური კონფლიქტი კი თოლორაიებს არ ჰქონიათ, შესაბამისად, საპატრულო პოლიციაც არავის გამოუძახია.

კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც პოლიციამ და ქართულმა ტელეკომპანიამ გაავრცელეს ის არის, რომ დამნაშავე თითქოს უკვე დაკავებულია. სინამდვილეში მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი, იროდიონ შელია ამ დრომდე თავისუფალია. იგი წუხელ, გვიან ღამით, 022-ის შენობიდან პოლიციის პიკაპით გამოვიდა და ქალაქის ცენტრის მიმართულებით დაძრა ავტომანქანა. რასაკვირველია შელია საჭეს თვითონ მართავდა...

წყარო: „ახალი 7 დღე“

ორიგინალი: http://7days.ge/index2.php?newsid=1069

ახალი ამბები