კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის ელჩის კურიოზული მოგზაურობა გურიაში

20 აპრილი, 2010
                                        
შორენა ღლონტი, გურია

16 აპრილს გურიას ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ესტუმრა. იგი გურიის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს სამ საათზე სამაუწყებლო კომპანია „გურიაში“ უნდა შეხვედროდა. ელჩი სატელევიზიო გადაცემაში ჟურნალისტებთან ერთად იყო მიწვეული. გაზეთების - „ლანჩხუთი პლუსის“, „გურია ნიუსის“, „ალიონის“ და „ჰო და არას“ ჟურნალისტები ელჩს საათნახევარი ელოდნენ. შემდეგ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მოგვიანებით, ჯონ ბასი მხოლოდ ტელეკომპანია „გურიას“ და გაზეთ „გურიის მოამბეს“ თანამშრომლებს შეხვდა. როგორც ჟურნალისტი მამუკა ქანთარია ამბობს, მას ტელეფონით ტელეკომპანია „გურიას“ გენერალური დირექტორი ავთანდილ გველებიანი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ელჩთან შეხვედრაზე იყო მიწვეული.

„მითხრა, რომ ამ შეხვედრაზე შეკითხვების დასმის საშუალება მომეცემოდა. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ელჩის მედიასთან შეხვედრას აზრი არ ექნებოდა“, - ამბობს ქანთარია.

მისივე თქმით, ჟურნალისტებმა ადგილზე მისვლის შემდეგ გაიგეს, რომ შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცემოდათ: „მართალია, ადგილზე მისულმა ჟურნალისტებმა თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენით, რადგან ეს მინიმუმ არაკორექტული იყო. აღარაფერს ვამბობ ლანჩხუთიდან 60 კილომეტრის გამოვლაზე... მაგრამ რაღას ვიზამდით?!“

„ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს მისვლისთანავე მოგვიბოდიშა ელჩის სახელით, 15 წუთი დააგვიანდებაო, მაგრამ მას შემდეგ ერთი სრული საათი ისე გავიდა, რომ აღარავის მოუბოდიშებია“, - იხსენებენ ჟურნალისტები, რომლებმაც საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ პროსტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვეს.

„ჩნდება ეჭვი, რომ ჟურნალისტებს ცალკე ერთად მოგვიყარეს თავი და ამ დროს ელჩი, სავარაუდოდ, ორჯერ გახსნილ, მაგრამ გაჩერებულ ჩაის ფაბრიკაში მიიყვანეს. მას შემდეგ, რაც ცხემლისხიდში საკალანდოდ პრეზიდენტისა და დრამატული თეატრის მსახიობების ბუტაფორიული შეხვედრა გახმაურდა, ფრთხილად არიან. როგორც ჩანს, არ უნდოდათ, ბატონ ელჩს გაეგო, რომ ეს ჩაის ფაბრიკა ორჯერ გახსნეს და ახლაც არ მუშაობს“, - ამბობდა გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი ნუგზარ ასათიანი.

როგორც ცენტრალური ტელეარხებიდან შევიტყვეთ, ელჩს მართლაც დაათვალიერებინეს გასული საპარლამენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დიდი ზარ-ზეიმით გახსნილი და მერე კარგა ხნით დადუმებული  ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა „გეოპლანტ ოზურგეთი“. შემდეგ კი ჯონ ბასი გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის მშობლიურ სოფელში წაიყვანეს და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერებინეს. ამის შემდეგ კი ელჩი ტელეკომპანია „გურიას“ ოფისში ამავე ტელეკომპანიისა და „გურიის მოამბეს“ ჟურნალისტებს შეხვდა.  ეს ჟურნალისტები ცენტრალური არხის კორესპონდენტები არიან, რომლებსაც ელჩმა „ექსკლუზიური“ (როგორც თავად უწოდებენ) ინტერვიუ მისცა.

ამის შემდეგ ჯონ ბასი ასევე „ექსკლუზიურად“ შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. ხუთი ორგანიზაციიდან ერთ-ერთის ლიდერი „გეოპლანტ ოზურგეთის“ დირექტორი, ამავდროულად „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის თავმჯდომარე“ და შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გოჩა შანიძე იყო, მეორე კი  „გურიის აგრობიზნეს-ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო მამეშვილი. ეს უკანასკნელი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“სახელით იბრძოლებს. 

სტატიაზე გამოყენებულია „გურია ნიუსის“ ფოტო

ახალი ამბები