კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არ გვინდა, საავადმყოფოების ადგილზე რესტორნები აშენდეს“

23 აპრილი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ალბათ ქართველი ხალხი მადლიერი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ჩვენ გვექნება განახლებული საავადმყოფოები და მაქსიმალური პირობები, რათა როგორც ექიმებმა, ისე პაციენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ“, - ეს განცხადება ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა სამი წლის წინ, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა. ამ განცხადებას საქართველოში საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესის დაწყება მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით კრახით დასრულდა. 

ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საპრივატიზაციოდ 193 სამედიცინო დაწესებულება გაიტანა. აქედან 175 რეგიონში, ხოლო 18 დედაქალაქში არსებული საავადმყოფო იყო. სახელმწიფო ბალანსზე მყოფი საავადმყოფოები ინვესტორებს ლოტებად გადაეცათ. შეთანხმების თანახმად, მათ სამი წლის ვადაში უნდა შეესრულებინათ დაკისრებული ვალდებულება და შესაბამისად, შედეგიც დაედოთ. შეთანხმება არ შესრულდა. შედეგად დღეს სამედიცინო დაწესებულებებში (ერთეული საავადმყოფოების გარდა) კვლავ ძველებური ვითარებაა. საქართველოს მთავრობა კი, მათი გასხვისების ახალ გზებს ეძებს.

დანარჩენების მსგავსად, გასხვისების შესახებ ინფორმაცია ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშიც მიიღეს, რაც მაშინვე პანიკის მიზეზი გახდა. მედპერსონალის განმარტებით, აღნიშნულ დაწესებულებაში ბოლო წლებში არც ერთი თეთრი ინვესტირებული არაა. მიუხედავად იმისა, რომ ისიც, ქუთაისის სხვა საავადმყოფოებთან ერთად, 2007 წლიდან ქართულ-ჩეხურმა კომპანია „ბლოკ-ჯორჯიამ“ შეიძინა, დღეის მდგომარეობით გაურკვევლი ვითარებაა. საავადმყოფოს მედ-პერსონალი აცხადებს, რომ სამი წლის განმავლობაში სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან. მეტიც,  მთელი ამ ხნის მანძილზე საავადმყოფოს საკუთრების ფორმაც კი ვერ განისაზღვრა.

ნიკოლოზ ზივზივაძე, საავადმყოფოს თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი:  „ჯანდაცვის სფეროში შექმნილი მძიმე ვითარების გამო შეშფოთებული ვართ. მთელი ამ 3-4 წლის განმავლობაში ვერ გაირკვა ჩვენი საავადმყოფოს ბედი, თუ ვინაა პატრონი, რაა გასაკეთებელი და რა გაკეთებული. მთელი ამ ხნის მანძილზე, ელემენტარულად, საავადმყოფოს განვითარების გეგმა არავის დაუსახავს და არც არაფერი გაკეთებულა მისი განვითარებისთვის. ჩვენი შეხედულებები აქ არავის აინტერესებს. ამ განუკითხაობას ისიც დაემატა, რომ საავადმყოფო გასაყიდადაა გამზადებული. არავინ იცის ვინ იქნება ახალი პატრონი, ან რას მოიმოქმედებს მისი შეძენის შემდეგ“.

კლინიკური საავადმყოფოს გასხვისების ბედი მიმდინარე წლის 17 აპრილს უნდა გადაწყვეტილიყო. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო პროცესი გადაიდო. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ბლოკ-ჯორჯიას“ იგი დაკისრებული ვალდებულებების არშესრულების გამო ჩამოერთვა, რამაც ექიმების შეშფოთება გამოიწვია.

საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინფორმაცია მცდარია და მოსამსახურე პერსონალსაც სანერვიულო არაფერი აქვს.

„საავადმყოფო ჯერჯერობით რჩება „ბლოკ-ჯორჯიას“ დაქვემდებარებაში, რადგან ტენდერი, რომელიც 17 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თვის ბოლოსთვის გადაიდო. საბოლოოდ კი, ეკონომიკის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს გაიყიდება თუ არა იგი და ვინ გახდება მფლობელი. არ არის გამორიცხული, მხოლოდ ნაწილი გაიყიდოს“, - აცხადებს კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი კოტე ხელაძე.

საავადმყოფოს მედპერსონალი ინიციატივით გამოდის, თავად შეისყიდოს აღნიშნული დაწესებულება და ამით იგი განადგურებას გადაარჩინოს.

პაატა თუთბერიძე, საავადმყოფოს თანამშრომელი, ექიმი: „მთელი ეს წლები უსიტყვოდ ვითმენდით იმ გაურკვევლობით წარმოქმნილ ვითარებას, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ამ დღემდე მოგვიყვანა. მთელი კოლექტივი მუხლჩაუხრელად შრომობს, მაქსიმალურადაა მობილიზებული, ეს კი, საავადმყოფოს განვითარებაზე (და არც ჩვენს შრომით ანაზრაურებაზე) არანაირად არ აისახება. ბევრი ომი და უბედურება გადავიტანეთ და დღეს გვეუბნებიან, რომ საავადმყოფო უნდა გაიყიდოს. არ დავუშვებთ, რომ ასე მოხდეს, ხვალ ვინმე მოვიდეს და გვითხრას, სადაც გინდათ წადით, აქ რესტორანი უნდა გავხსნაო. არ გვინდა საავადმყოფოების ადგილზე რესტორნები აშენდეს. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, რომ შევისყიდოთ საავადმყოფო და ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. საავადმყოფოს კოლექტივი გამოთქვამს მზაობას, საავადმყოფო მფლობელობაში გადაეცეს კოლექტივს. გვინდა ეს მოხდეს იმ ფორმატით და იმგვარად, რაც ამ ხალხს, ჩემს კოლეგებს წაადგება. ნურავის დაავიწყდება, რომ ეს კოლექტივი აქ 1961 წლიდან მუშაობს და არცთუ ცუდად. უბრალოდ, არ შეიძლება ამხელა ტრადიციების მქონე საავადმყოფო ასე ერთი ხელის მოსმით დაიხუროს.“

აღნიშნული დაწესებულება ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელიც ურგენტულ ავადმყოფთა მომსახურებას ეწევა. თანამშრომლები თვლიან, რომ ქართულ-ჩეხურმა კომპანია „ბლოკ-ჯორჯიამ“ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და მთავრობის დაპირება - განახლებული საავადმყოფოები და მაქსიმალური პირობები - დაპირებად დარჩა.

„ვარდების ხელისუფლების“ პროგრამიდან „100 ახალი საავადმყოფო“ ქუთაისს წილად ერთადერთი ფეშენ-კლინიკა ხვდა. ქართულ-ჩეხური სამშენებლო კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ მეშვეობით მან ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი დაწესებულება მიიღო - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას თავის დროზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, გასაკეთებელი მაინც გაკეთდა და დღესდღეობითაც ეს კლინიკა არ უთმობს პირველობას არცერთ საავადმყოფოს საქართველოში. აქ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა, რომლის ჩატარება სხვა კლინიკაში უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ამ კლინიკის აშენება თავის დროზე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისის არარსებობამ გამოიწვია. დასავლეთ საქართველოში, რომელიც ღვთის ანაბარა იყი მიტოვებული, აუცილებლად უნდა შექმნილიყო ასეთი უნიკალური სამედიცინო ცენტრი“, - ამბობს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი კახა ნურალიძე.

დღეს დასავლეთ საქართველოს  ეს ცენტრი აქვს. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაცია ქუთაისში ამით დასრულდება. ან გაგრძელდება, მაგრამ ისევე უსახურად, როგორც სამი წლის წინ. ფაქტია,  მოლოდინი რომ ინვესტორები ქუთაისის დანარჩენ საავადმყოფოებს  გაარემონტებდნენ და   „ფუნქციურად დატვირთავდნენ“, არ გამართლდა.

ახალი ამბები