კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონსა და ჭიათურაში მუშების დიდი ვნებათაღელვა ადმინისტრაციასთან დროებითი ზავით დასრულდა

28 აპრილი, 2010
თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი

ზესტაფონსა და ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ 20 აპრილს დაწყებული მასობრივი გაფიცვა და საპროტესტო აქციები დასრულდა. ქარხნის ადმინისტრაციამ და საგაფიცვო კომიტეტში შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა 27 აპრილიდან დიალოგის რეჟიმში მოლაპარაკებები დაიწყეს.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, გოგა ბრეგვაძის განცხადებით, მოლაპარაკებები 15 ივნისამდე უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების შედეგები კი ყოველკვირეულად შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოებში დასაქმებულებს უნდა ეცნობოს.

„ამ ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა მათთვის მისაღები ადმინისტრაციასა და საინიციატიცო ჯგუფს შორის შეთანხმებული საკითხები. თუ ადმინისტრაციამ ხალხის სასარგებლოდ არ გადაჭრა ის პრობლემები, რასაც დასაქმებულები ითხოვენ, მაშინ ჩვენ კვლავ ვიტოვებთ გაფიცვის უფლებას“, –აცხადებს humanrights.ge-სთან საუბრისას გოგა ბრეგვაძე.

25 აპრილამდე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია ყოველგვარი მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგი იყო. განსაკუთრებით კი ამ მოლაპარაკებებში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ჩარევას ეწინააღმდეგებოდა. ხოლო გაფიცულების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნით, საგაფიცვო კომიტეტთან გამართულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, „იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირთან“ ერთად, ჩართული უნდა ყოფილიყო „საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირი“, ასევე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, როგორც დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დამცველი ორგანიზაციები.

მოლაპარაკებების დაწყებამდე, 24 აპრილს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ საგაფიცვო კომიტეტს ოფიციალური განცხადებით მიმართა. მასში აღნიშნული იყო, რომ საგაფიცვო კომიტეტის მოთხოვნები უსაფუძვლოა, დარღვეულია უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლი (შ.კ. 51-ე მუხლი პ-2), ზიანი ადგება საწარმოს და ქვეყნის ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, საწარმოს ეკონიმიკური და საწარმოო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მხრიდან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ადმინისტრაცია მიიღებდა გადაწყვეტილებას, საქართველოს შრომის კოდექსის 49-ე მუხლის გათვალისწინებით - უარს იტყოდა შრომითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და 2010 წლის 27 აპრილის 16 საათიდან 2010 წლის 28 აპრილის 16 საათამდე ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა საწარმოო ობიექტზე გამოაცხადებდა გამაფრთხილებელ ლოკაუტს, იმ შემთხვევაში თუ 2010 წლის 25 აპრილის 16 საათამდე არ იქნებოდა მიღებული ზომები და გაფიცვის მონაწილე საწარმოს თანამშრომლები არ შეუდგებოდნენ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.

ამასთანავე, როგორც ადმინისტრაცია აცხადებდა, მიუხედავად გამაფრთხილებელი ლოკაუტისა, თუკი საგაფიცვო კომიტეტი მაინც არ შეწყვეტდა საგაფიცვო პროცედურებს და არ განაახლებდა სამუშაო პროცესებს, იგი იძულებული გახდებოდა, გამაფრთხილებელი ლოკაუტის ვადის გასვლის შემდეგ გამოეცხადებინა ხანგრძლივი ლოკაუტი 3 თვის ვადით ანაზღაურების გარეშე. ამავე პერიოდში მიღებული იქნებოდა ენერგეტიკული, სახანძრო და ეკონომიკური უსაფრთხოების ზომები, უბედური შემთხვევებისა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრების ხელყოფის თავიდან აცილების მიზნით.

ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. კუპკოვი აწერდა ხელს.  თუმცა, ასეთი რადიკალური ზომების მიღება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას არ დასჭირვებია.

25 აპრილს საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებთან, მოლაპარაკების გამართვის წინადადებით, „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი აქციონერი გიორგი კაპანაძე ჩამოვიდა. თავიდან ისიც წინააღმდეგი იყო მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ჩარეულიყო. კაპანაძე მოითხოვდა, შექმნილიყო დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს. ამის შემდეგ ადმინისტრაცია დათანხმდებოდა მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ გაფიცულების დაჟინებული მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფში მაინც შევიდა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია და „იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე.

საინიციატივო ჯგუფი სულ 7 წევრისგან შედგება. ისინი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან დიალოგის რეჟიმში მოკლაპარაკებებს 27 აპრილიდან იწყებენ, ხოლო ამ მოლაპარაკებების შედეგები და უკვე შეთანხმებული საკითხები 15 ივნისისათვის გახდება ცნობილი.

ახალი ამბები