კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს „პატარა ომმა“ დიდი კითხვები გააჩინა

30 აპრილი, 2010
-რა იყო რუსულ-ქართული აგვისტოს ომი, ბრძოლა პატარა სეპარატისტული პროვინციების გამო, თუ  ის რაღაც უფრო დიდს წარმოადგენდა?

რონალდ ასმუსს, გერმან მარშალის ამერიკული ფონდის ტრანს-ატლანტიკური ცენტრის (ბრიუსელი) აღმასრულებელ დირექტორს და ახლად გამოსული წიგნის – „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შესძრა: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი“ მიაჩნია, რომ სწორი პასუხი მეორეა.

ასმუსი „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს ჯეიმს კირჩიკს ეუბნება, რომ ევროპისა და შეერთებული შტატების ლიდერები ჯერ კიდევ უნდა ჩასწვდნენ ამ ომის მნიშვნელობას.

-    რატომ აქვს მნიშვნელობა ამ პატარა ქვეყანას შეერთებული შტატებისთვის?

- ეს ომი ევროპის უსაფრთხოების თამაშის წესებს უკავშირდება. ჩემი აზრით, ამერიკელების უმეტესობა, შესაძლოა - ისეთებიც კი, როგორიც მე ვარ, ხუთი წლის წინ ფიქრობდა, რომ წარმატებით დავასრულეთ პოსტ-ცივი ომის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბება. ამ არქიტექტურამ ომი ევროპაში შეუძლებელი გახადა და შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, სტრატეგიული ინტერესები ევროპიდან ახლო-აღმოსავლეთის ცხელ წერტილებზე გადაეტანა.

საკვანძო იყო (2002 წლის ნატოს) პრაღის სამიტი, სადაც ჩვენ ერთგვარი „დიდი აფეთქება“ განვახორციელეთ -  დავასრულეთ ნატოს დიდი გაფართოება ცენტრალურ, აღმოსავლეთ-ევროპაში, ბალტიისა და შავი ზღვისკენ.

ჩემი აზრით, ომმა ის აჩვენა, რომ რუსეთს აღარ სჯერა თამაშის ამ წესების, რადგან  თამაშის ეს წესები, ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად, ეფუძნებოდა ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ გეზი და მოკავშირეები.

როგორც მე წიგნში ვამტკიცებ, ომის მთავარი მიზეზი არც ეთნიკური კუთვნილება იყო, არც აფხაზეთი და არც სამხრეთ-ოსეთი. ეს იყო ომი საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის გამო და იმის გამოც, რომ რუსეთს ამ სწრაფვის აღკვეთა უნდა.

-  საქართველოს რომ იმ დროს სხვა ლიდერი ჰყოლოდა, არა ვინმე ვინც ნაკლებად იქნებოდა დასავლეთზე ორიენტირებული, არამედ ნაკლებად „ფიცხი“,  მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა?

- მე ვფიქრობ, ეს ხალხი ზედმეტადაა კონცენტრირებული პერსონალიებზე და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პიროვნებაზე. რუსებს შევარდნაძე (საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი) სააკაშვილივით სძულდათ, თუ უფრო მეტად არა. შევარდნაძე გერმანიის გაერთიანების გამო დასავლეთში ჯერაც ბევრს უყვარს. ხუთი წლის წინ მიშა (სააკაშვილი) ნობელის მშვიდობის პრემიაზე ნომინირებული გმირი იყო.  ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მას თხად მიიჩნევს.

პრობლემა მასში არ იყო. ის რომ არ ყოფილიყო, მაგრამ ყოფილიყო სხვა ლიდერი, რომელიც დასავლეთისკენ სვლას განიზრახავდა, იგივე კონფლიქტი მოხდებოდა. ეს პიროვნებათა კონფლიქტი არ ყოფილა. ეს იყო მისწრაფებების, გეოპოლიტიკური ინტერესების კონფლიქტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანეს  პუტინისა და სააკაშვილის პერსონალურმა ურთიერთობებმა  მასში 10, 15, 20%-ით მეტი დრამატიზმი.

საქმე ამაში არაა. სააკაშვილიც რომ არ ყოფილიყო, ქართველების 80-75%-ს დასავლეთისკენ უნდა სვლა, ამიტომ კონფლიქტი საფუძველშივეა  გადაუწყვეტელი.

ევროკავშირისა და აშშ-ს განსხვავებული პოზიციები

- რას ეტყვით იმ ოპონენტებს, რომელთა თქმითაც საქართველო ნატო-სა  და შეერთებულ შტატებს რუსეთთან ომში ჩაითრევდა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით  რისკი უფრო მეტი იქნებოდა ვიდრე სარგებელი?

– იმავე არგუმენტს იყენებდნენ ბალტიის ქვეყნებთან, დასავლეთ ბერლინთან, დასავლეთ გერმანიასთან დაკავშირებით. ამ არგუმენტს უკვე 40-50 წელია ვისმენთ.

დიდი დებატები, რომელიც ჩვენს ზოგიერთ ევროპელ მოკავშირეებთან გვაქვს ამ პერიოდში, შემდეგ პრობლემას ეხება: უნდა მივიღოთ ქართველები, რათა მათ მეტი დაჯერებულობა და უსაფრთხოება შევთავაზოთ (რაც მათ მშვიდ, დაცულ და უფრო პროგნოზირებად აქტორებად აქცევს), თუ მათი მიღებით ჩვენ ქართველებს ისეთი ქმედებებისკენ წავაქეზებთ, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს.

მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული პირველში და ვფიქრობ,  რომ ისინი საკმარისად არ დავიახლოვეთ, მაგრამ სხვებს, მათ შორის ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს და ლიდერს მეორე მოსაზრების სჯერა  და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არა გავქვს ერთობლივი დასავლური მიდგომა საქართველოსა და რუსეთთან დაკავშირებით.

მოდი გავიხსენოთ: შესაძლოა ქართველებმა ისროლეს პირველად იმის საპასუხოდ, რაც მათი აზრით რუსეთის  ინტერვენცია იყო, მაგრამ ომი ქართულ მიწაზე წარიმართა.

- თქვენ ამტკიცებთ, რომ კავკასიაში ევროპელებსა და ამერიკელებს ნაკლები ინტერესი აქვთ, ვიდრე ბალკანეთში.  როგორ ფიქრობთ, რითაა ეს გამოწვეული?

- 90-იანი წლების დასაწყისში, ჩვენ - შეერთებულმა შტატებმა და  შვედებმა ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რომ ბალტიის ქვეყნებიდან რუსული ჯარი გასულიყო. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ბალტიის ქვეყნები  ვერაფრით შესძლებდნენ 10 წლის შემდეგ ნატო-ში გაწევრიანებას.

ჩვენ ასევე მკაცრად არ მოგვითხოვია საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანა, თუ ბოლომდე გულწრფელები ვიქნებით,  ამაზე ძალიან არ ვწუხდით, როდესაც საქმე გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტაზე მიდგა, ჩვენ იქ სუსტი მისიები გვყავდა, ეუთო-სა და გაერო-ს მიერ დასუსტებული და დაუძლურებული.

ბალკანეთში ჩვენი მისიები უფრო ძლიერი  იყო, მეტად ვზრუნავდით იქაურობაზე, იქ უკეთესი დიპლომატები, მომლაპარაკებლები და მრჩეველები გვყავდა, რადგან დასავლეთისთვის ომის აღკვეთა შეჩერება და მშვიდობის დამყარება სტრატეგიული პრიორიტეტი იყო.

რუსეთი ახლო საზღვარგარეთში ბრუნდება

- ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოსა და შეერთებულ შტატებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან, მისი ევროპული საზოგადოების წევრად ქცევასთან დაკავშირებით ნამდვილად განსხვავებული პოზიცია აქვთ. რამდენად შესაძლებელია ამ პოზიციების დაახლოვება?

– დღეს ძალიან შორს წასვლა არ დამჭირდება იმ ადამიანების საპოვნელად, რომლებიც აღიარებენ, რომ მზად არიან მიიღონ  სამხრეთ-კავკასიაში რუსეთის გავლენის სფეროს ახლებური ვერსია.  კეთილი, ჩვენ ახლა უნდა დავუბრუნდეთ იმას, რაც ევროპული უსაფრთხოების ბაზისს წარმოადგენდა და 1990 წლის ქარტიის ყველა ეს მშვენიერი პრინციპი (პარიზის)  გამოვიყენოთ  ცენტრალურ  და აღმოსავლეთ-ევროპაში, ბალკანეთში, მაგრამ არა სამხრეთ-კავკასიაში, ან იქნებ ისინი ეუთო-ს მთელ სივრცეზე გავავრცელოთ?

რა შემთხვევაში ვუერთგულებთ იმ პრინციპებს, რას ნიშნავს ისინი რეგიონში ჩვენი დღევანდელი პოლიტიკისთვის? მათ არა აქვთ უფლება შევიდნენ ნატო-ში, მაგრამ ჩვენ გვწამს რომ მათ აქვთ თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის უფლება, იმის უფლება რომ არ იქცნენ გავლენის სფეროდ.

და მე ყოველთვის ვახსენებ ადამიანებს რატომ დავწერეთ პარიზის ქარტია (ერთ-ერთი საკვანძო დოკუმენტი, რომელი პოსტ-ცივი ომის ევროპის უსაფრთხოებოს პრინციპებს ამკვიდრებდა) – იმიტომ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ იმდროინდელ რუსეთთან ერთად ერთ რამეზე შევთანხმდით – გავლენის სფეროებს მოაქვთ არა სტაბილურობა, არამედ დესტაბილიზაცია.


- ეს ყველაფერი რომ დავუკავშიროთ ყირგიზეთს, სადაც ხუთი წლის წინ „ფერადი“ რევოლუცია მოხდა, რომელიც ცუდად შემობრუნდა და სადაც ახლა რუსებს კარგი თვალით უყურებენ. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს მოვლენები რუსეთისთვის და მის „ახლო საზღვარგარეთის“ სივრცეში? იცვლება რუსეთის იმიჯი ყოფილ საბჭოთა სივრცეში?

- მე ვფიქრობ, რუსეთს თავისი კონცეფციის ცხადი აღქმა აქვს. ის შეტევაზეა გადასული და ჩვენ თავს ვიცავთ. თქვენ ეს ნახეთ უკრაინაში, საქართველოში და ყირგიზეთში.

ჩემი აზრით, უნდა გადავჯგუფდეთ, ვიკამათოთ იმაზე, თუ რა გვინდა რეალურად, რას ვფიქრობთ რეალურად იმ პრინციპებზე, რომელთა არტიკულირებასაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ვცდილობთ. გადავდოთ გვერდზე ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება, როგორც საკითხთა შემდეგი წყება, ახლა საქმე მართლა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ეხება – აქვთ თუ არა მათ უფლება, რომ დასავლეთზე აიღონ სწორება. ვკამათობთ, რამდენად არიან მზად ისინი და ჩვენ რამდენად გვინდა მათი მიღება.

ჩვენ საბაზისო საკითხებს ვუბრუნდებით. რაც უფრო ვუახლოვდებით რუსეთის საზღვრებს, მით უფრო სენსიტიურია მისი პოზიცია, მაგრამ ასე იცდება, რამდენად ერთგულები ვართ იმისი, რომ ეს ღირებულებები და პრინციპები თავისი არსით უნივერსალურია.

ახალი ამბები