კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთი - კონფლიქტის ფასი

30 აპრილი, 2010
ანა მატვეევა, გარდიანი

საქართველოსთან დამანგრეველი დავიდან ორი წლის შემდეგ, რეგიონი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, შეშფოთებულია ახალ მეგობართან - რუსეთთან ურთიერთობით.

შესაძლოა, ოცი წლის წინ აფხაზეთი მმართველი საბჭოთა ელიტის დასვენების საყვარელი ადგილი იყო, მაგრამ ახლა, ზაფხულში მის სანაპიროზე ის საბიუჯეტო ტურისტები ირუჯებიან, რომლებსაც თურქეთში მოგზაურობის სახსრები არ გააჩნიათ და აქ გამეფებული ნგრევა არ აწუხებთ. თუმცა, მალე ისინი აღმოაჩენენ, რომ აფხაზეთში არც ისეთი მიმზიდველი ფასებია, კომფორტული სასტუმროები და ასატანი ინფრასტრუქტურა კი კვლავ არ არის.

ერთი შეხედვით, აფხაზებმა მიიღეს ის, რაც სურდათ - დაცულები არიან ქართული თავდასხმისგან, რისიც მათ 15 წლის განმავლობაში ეშინოდათ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთში თავისი არმია შეიყვანა, მისი დამოუკიდებლობა აღიარა და უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყო. ამისთვის მან საერთაშორისო არენაზე სერიოზული პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ერთ დროს აფხაზი პოლიტიკოსებისა და აფხაზეთის მოსახლეობისთვის მრისხანე „ქართველი მტერი“ უცბად უმნიშვნელო გახდა. თანამედროვე აფხაზეთის იდენტიფიკაციის ქვაკუთხედი, რასაც ისტორიულად „ყველაფრის მიუხედავად წინააღმდეგობა“ წარმოადგენდა, უფრო პროგრესულ პოზიციას მოითხოვს.

და როგორი შეიძლება იყოს ეს პოზიცია?

ვაკუუმი, რომელიც „ქართული საფრთხის“ გაქრობის შემდეგ გაჩნდა, რუსეთის ბატონობაზე შიშებმა შეავსო. რუსები, რომლებიც ინვესტიციებს დებენ სასტურმოებში, რესტორნებსა და ღამის კლუბებში, შეიძლება, საუკეთესო კურორტებს დაეპატრონონ. სანაპიროზე საზაფხულო რეზიდენციების ყიდვა მათ მესამე პირების საშუალებით შეუძლიათ. რუსეთიდან შემოდის საყოფაცხოვრებო პროდუქციის დიდი ნაწილი, რაც აფხაზეთის სოფლის მეურნეობას აზარალებს და იმ ფერმების დაცარიელებას იწვევს, საიდანაც 1992–93 წლებში ბევრი ქართველი გაიქცა.

რუსული არმიის ყოფნა რეგიონში მოსახლეობის დემოგრაფიულ ბალანსს ემუქრება, მით უფრო, რომ სამხედროები აფხაზეთში საცხოვრებლად რჩებიან, ოჯახებს ქმნიან და მრავლდებიან. რუსეთის მიერ დაფინანსებული განვითარების ობიექტები სეზონურ მუშათა ჯგუფებს იზიდავს და თუკი ამ ლოგიკას მივყვებით, დროთა განმავლობაში განდევნილ ქართველებს შეიძლება, მოლდოველები და ტაჯიკები ჩაენაცვლონ. საეჭვოა, ეს სასურველი შედეგი იყოს, თუკი მიზანი აფხაზური ჯგუფის პოლიტიკური ბატონობის შენარჩუნება იყო.

ბუნებრივია, ქართულ მხარეს ეს სიტუაცია არ ახარებს, მაგრამ მას არც სამხედრო მუქარებით და არც დიპლომატიური ზეწოლით არაფრის შეცვლა არ შეუძლია. თბილისს ჟენევის მოლაპარაკებებით დაკმაყოფილება უწევს, რაც დიდწილად სტაბილურობის და სტატუს–კვოს შენარჩუნების და არა მისი შეცვლის ფორუმია.

საქართველოს უუნარობა - მოძებნოს აფხაზური პრობლემის გადაწყვეტის გზები ან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის დაკარგვას შეეგუოს, საკუთარ სახლში და მის ფარგლებს გარეთ აგრესიული რიტორიკით ინიღბება. საეჭვოა ის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რაიმე სერიოზულ იმედს ამყარებდა აფხაზებთან მოლაპარაკებებზე. თუმცა მისმა საერთაშორისო იმიჯმა („რუსეთის აგრესიის მსხვერპლი“), რაც დასავლეთის სოლიდარობის უზრუნველყოფაზე იყო გათვლილი, 2008 წლის ომის შემდეგ საკმაოდ  რეალური შედეგები გამოიღო, აშშ–სა და ევროკავშირის ფინანსური დახმარების სახით. მომავალში, ქართულ ისტებლიშმენტს მოუწევს დაფიქრება, თუ რამდენ ხანს ღირს მსგავსი კურსის გატარება ისე, რომ ის დაუსრულებელ დისკურსად არ იქცეს. 

სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ქართული და აფხაზური მხარეების მდგომარეობაში საოცარი მსგავსებაა. დიდი ბიზნესი და პოლიტიკა – ეროვნული უმცირესობების ხვედრი არ არის.  უსაფრთხოებაზე საუბარი და ნაციონალისტური რიტორიკა – ჯერ კიდევ კარგად იყიდება. ასეთი აზროვნება ფუნდამენტურად არ იცვლება, ვიდრე ორივე სოციუმი რუსეთთთან ურთიერთობაში ერთსა და იმავე დილემას ებრძვის – რაზე დააფუძნოს საკუთარი პოლიტიკური განვითარება: ტიტულოვანი ჯგუფის პირველობასა თუ მრავალნაციონალურ საზოგადოებაზე. ძირითადი სხვაობა ისაა, რომ საქართველო საერთაშორისო დაკვირვებისთვის უფრო ღიაა.

მოსკოვის ინტერესები აფხაზეთში უპირატესად უსაფრთხოების პრობლემებზეა კონცენტრირებული, რადგან ამ ტერიტორიას,  საქართველოს ნატოში გაწევრიანების ან ამ ქვეყანაში არასტაბილურობის შემთხვევაში, ბუფერული ზონის როლის შესრულება შეუძლია. განვითარების ძირითადი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურაზეა კონცენტრირებული. უდავოა, რომ აფხაზეთს ინვესტიციების მოსაზიდად ძალიან საინტერესო შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ რუსი ბიზნესმენები დღეს უფრო მეტად სოჭის ოლიმპიადით (მთავრობისთვის პრიორიტეტული პროექტით) არიან დაკავებულები, რითაც მათ კრემლის მოწონება შეიძლება დაიმსახურონ. მოსკოვის პოზიცია პრაგმატულია და ადასტურებს, რომ ის აფხაზეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევისკენ განსაკუთრებით აღარ მიისწრაფვის და იქ პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება აღარ სურს. რუსებს დაღესტანი და ინგუშეთიც ჰყოფნით. მათ არა აქვთ ილუზია, რომ აფხაზები მოსკოვის ბატონობას დიდი სიხარულით შეხვდებიან.

ევროკავშირის პოლიტიკაა „არაღიარება, მაგრამ მონაწილეობა“. პრაქტიკაში რთულია იმის აღქმა, თუ რამდენად ხელშესახები  პოლიტიკური მიზნების მიღწევა შეუძლია მას, დესტაბილიზაციის პრევენციის და უსაფრთხოების შენარჩუნების გარდა. აფხაზეთის სურვილია, რომ ევროკავშირი რეგიონში დიდი ხნით დარჩეს, რადგან მას ერთადერთ მეგობარ რუსეთთან მარტო დარჩენა არ სურს; თუმცა გაურკვეველია, რა სტიმულები აქვს ამ სიტუაციაში ევროკავშირს რეგიონში უფრო დიდი ხნით დარჩენისთვის.

დღეს დიდი დილემა კონფლიქტის ფასია. ორივე საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი აფხაზებისთვის, ამ  კონფლიქტს მოჰყვა ის, რომ განვითარებისთვის უამრავი შესაძლებლობა ხელიდან გაშვებულია. შედეგი - ეკონომიკური და სოციალური სტაგნაცია. არჩევანში ეროვნულ თვითგამოხატვასა და განვითარებას შორის, პრიორიტეტი პირველს მიენიჭა. მშვიდობისკენ მისწრაფების წლებმა ამ მხრივ ვერაფერი შეცვალა. ცარიელ სიტყვებად იქცა არაერთხელ თქმული ფრაზა - „ჩვენ გვინდა მშვიდობა“. ის შეიძლება ნიშნავდეს - „ჩვენ გვსურს, რომ მათ ჩვენი მიღწევები აღიარონ და შეწყვიტონ აურზაური“ ან „ჩვენ გვსურს, რომ მათ უარი თქვან საკუთარ მიღწევებზე, არ შეგვიქმნან პრობლემები და ამისთვის არ გვაომონ“. მხოლოდ ასეთი აზროვნების შეცვლა მისცემს ამ  საზოგადოებებს წინსვლის შესაძლებლობას.

ახალი ამბები