კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონული მედიის პროტესტი - „მოგვეცით საჯარო ინფორმაცია!“

3 მაისი, 2010
გელა მთივლიშვილი

საქართველოს რეგიონებში მომუშავე მედიასაშუალებები საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების დარღვევას აპროტესტებენ. „ინფორმაციის შეზღუდვის პირობებში ვერ ვახერხებთ ჟურნალისტური საქმიანობის სრულად და შეუფერხებლად განხორციელებას. მედიისთვის საჯარო ინფორმაციის დაბლოკვით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას წაართვას უფლება - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 რეგიონული მედიასაშუალება აწერს.

„საქართველოს რეგიონებში დასაქმებული ჟურნალისტებისთვის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუდმივად ირღვევა აღნიშნული კანონით დადგენილი ნორმები. ამ მხრივ, საჯარო ინფორმაციის დამალვით, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები გამოირჩევიან: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო.

პრობლემებთანაა დაკავშირებული რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების სხვა ცენტრალურ უწყებებთან ურთიერთობაც. კერძოდ, აღნიშნული უწყებების პრეს-სამსახურებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების თანამშრომლები, ძირითადად, ინფორმაციის დამალვით არიან დაკავებულნი და ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას დამატებით ბარიერებს ქმნიან. უფრო მეტიც, ცენტრალური უწყებების პრეს-სამსახურები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არ თანამშრომლობენ რეგიონულ მედიასთან, ან შერჩევითი თანამშრომლობის ფორმებს იყენებენ - ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მათთვის „სასურველ“ ჟურნალისტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ხელისუფლებისგან მართვად ან კონტროლირებად მედია-ორგანიზაციებში.

იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო ინფორმაციის დამალვა წახალისებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ამას იგივე მონდომებით იყენებენ თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ადგილობრივ ჟურნალისტებთან ურთიერთობებისას.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, უზრუნველყონ საჯარო დაწესებულებების რეალური და არა ფასადური გამჭვირვალობა. დაუყოვნებლივ აღკვეთონ საჯარო მოხელეების თვითნებობა ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებისას და იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმებით“,- აღნიშნული განცხადებაში.

ელისო ჯანაშია, სამეგრელოს რეგიონული გაზეთის „თავისუფალი სიტყვა“ რედაქტორი: „მუშაობა პრაქტიკულად ბოიკოტის რეჟიმში გვიწევს. საჯარო მოხელეები კომენტარს არ გვაძლევენ. კომენტარზე უარს გვეუბნებიან საჯარო სამსახურების რიგითი თანამშრომლებიც, მათივე თქმით, ქალაქის მერის დავალებით. პრობლემაა მერიის საინფორმაციო სამსახურთან ურთიერთობაც. საინფორმაციო სამსახური დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ არასოდეს გვატყობინებს. არადა, ეს ადგილობრივი ხელისუფლების სწორედ ის სამსახურია, რომლის არსებობის ერთადერთი მიზანი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობაა. საჯარო ინფორმაციის მოსაწოდებლად უმეტესწილად მაქსიმალურ 10-დღიან ვადას იყენებენ, იმ ინფორმაციების გასაცემადაც კი, რომელიც დაუყოვნებლივ გაცემას ექვემდებარება. ხშირად, 10 დღის გასვლის შემდეგაც მიღებული პასუხები იმდენად არასრულია, რომ ინფორმაცია ხელახლა გამოსათხოვი ხდება. ეს კი დამატებით დროს მოითხოვს და მასალაზე მუშაობას ართულებს“.

საჯარო ინფორმაციის მიღება უჭირთ გურიაში მომუშავე ჟურნალისტებსაც.

შორენა ღლონტი, გაზეთ „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი: „მაგალითად, 2010 წლის 27 იანვარს მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან მოვითხოვე შემდეგი საჯარო ინფორმაცია: 2008-2009 წლის ბიუჯეტით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოებისთვის, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს მე-4 ქვეგანყოფილებისთვის, გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში გახორციელებული ყველა სახელმწიფო შესყიდვა; 2009 წლის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ასევე, თითოეული სამუშაოსთვის დადებული ხელშეკრულებების ასლები; მუშა-მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა ანაზღაურების ოდენობის მითითებით და ამავე მოსამსახურეთათვის 2008- 2009 წლების განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოწერილი მივლინებები, პრემიები, ჯილდოები და სატელეფონო ხარჯები“. ლანჩუთის მუნიციპალიტეტიდან 4 თებერვალს ანუ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვიდან მეცხრე დღეს ასეთი შინაარსის წერილი მივიღე: „...კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ხერხდება საჯარო ინფორმაციის გაცემა, თვეების მიხედვით პირველადი ბუღალტრული საქმეებიდან ხელშეკრულებების ამოღება, დოკუმენტაციის სიმრავლის გამო. აღნიშნული ინფორმაცია მოგეწოდებათ დამატებით ერთი თვის ვადაში“. წერილს ხელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოგუაძე აწერს. ამ წერილის მიღების შემდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მივმართე. პირველი პროცესი გადაიდო იმ მიზეზით, რომ მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ კიდევ ოთხი პროცესი გაიმართა, მაგრამ  გამგეობამ არ წარმოადგინა ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, რის გამოც მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ პროცესი კიდევ ათი დღით გადადო და ინფორმაციის წარმოსადგენად მოპასუხე მხარეს ათდღიანი ვადა მისცა. ბოლოს გამგეობის წარმომადგენელმა პროცესზე მოიტანა ასლები, რომელიც დამოწმებული არ იყო და არც პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ჰქონდა. მოსამართლე ზვიადაძემ ჩათვალა, რომ დავის საგანი აღარ არსებობს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მითხრა“.

აქციის ფარგლებში, მიმდინარე კვირას რეგიონული გაზეთების პირველ გვერდებზე აღნიშნული განცხადება დაიბეჭდება. საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით ჟურნალისტები სხვა სახის აქტივობების განხორციელებასაც გეგმავენ.

აქციას,  საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის გარდა, შეუერთდა სტუდია „მონიტორი“, „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ და ცენტრალური გაზეთებიდან -„რეზონანსი“.

ახალი ამბები