კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ზეწოლის ფაქტები კახეთში

6 მაისი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და სადამკვირვებლო მისიები ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად ასახელებდნენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ფინანსური, ინსტიტუციური და ხისტი რესურსების გამოყენებას. 2010 წლის 16 აპრილს საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩმა ოდრი გლოვერმა განაცხადა, რომ „ეუთო 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კოპენჰაგენის ვალდებულებების მიხედვით შეაფასებს“. კოპენჰაგენის დოკუმენტი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას კრძალავს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსებს მასობრივად იყენებს.

ადმინისტრაციული რესურსები წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის

2010 წელს კახეთში, 2007-2009 წლებთან შედარებით, თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების რაოდენობა 21 შტატით გაიზარდა, შრომის ანაზღაურების თანხა კი - 42 700 ლარით; გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას 3 შტატი დაემატა, თუმცა სახელფასო ფონდი 59 800 ლარით გაიზარდა; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების რაოდენობას 86 შტატი დაემატა, ძირითადად - ტერიტორიულ ორგანოებში, შრომის ანაზღაურება კი 99 500 ლარით გაიზარდა.

2010 წელს მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სოფლის რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებიც გაიზარდა. საშტატო რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც განხორციელდა. 2009 (არასაარჩევნო) წელს კი ამ კუთხით ზრდა, პრაქტიკულად არ ყოფილა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი ღონისძიება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ფინანსდება, არჩევნების შემდეგ კი დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ აღარ არის. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის ხარჯების 70% მარტ-ივნისში იხარჯება. ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 2 242 500 ლარიდან ამ თვეებზე 1 678 700 ლარი მოდის. ბინათმშენებლობის ხარჯები 62 500 ლარის ოდენობით, მხოლოდ მარტზეა გამოყოფილი. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების 58%, ანუ მთლიანი 300 500 ლარიდან 174 200 ლარი თებერვალ - მაისზე მოდის. შემდეგ თვეებში დაფინანსება მკვეთრად მცირდება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის პირველ და მეორე კვარტალებში მთლიანად 222 300 ლარია გამოყოფილი, მესამე და მეოთხე კვარტალებში კი 155 600 ლარი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 13 სხვადასხვა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ხორციელდება. ამდენივე განხორციელდა 2008 (საარჩევნო) წელს. 2007 და 2009 წლებში კი მხოლოდ 9 – 9 პროგრამა ხორციელდებოდა. 2010 წლის 1 მარტიდან თელავის მუნიციპალიტეტში ავტობუსით მგზავრობა უფასო გახდა, რისთვისაც 50 000 ლარია გამოყოფილი. წინა წელს ასეთი ან მსგავსი ინიციატივა არ განხორციელებულა. ამასთან, ტრანსპორტის ხარჯების დაფინანსება საერთოდარ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას.

კახეთის რაიონულ გამგეობებში საშვებულებო ეპიდემიაა

საარჩევნო კოდექსი საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციას არ უკრძალავს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი უშუალოდ სამსახურებრივ ფუნქციებს ასრულებენ. „უშუალოს“ განმარტება კოდექსში მოცემული არ არის, რის გამოც აღნიშნული საკითხი ხელისუფლებასა და არასამთავრობოებს შორის კამათის საგანი არაერთხელ გამხდარა. ამ მიზეზით, არასამთავრობოებს ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში რომ არ დაედანაშაულებინათ, არჩევნების თარიღის დანიშვნის შემდეგ საჯარო მოხელეები შვებულებაში მასობრივად გავიდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 16 თანამშრომელია შვებულებაში გასული, დედოფლისწყაროს გამგეობიდან - 31, ყვარლის გამგეობიდან - 37, ლაგოდეხის გამგეობიდან - 40, თელავის გამგეობიდან - 47 და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან - 50 თანამშრომელი. აქედან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს მხოლოდ რამდენიმე იყრის, დანარჩენები „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბებში მუშაობენ. სახელისუფლებო პარტიის რეგიონულ საარჩევნო შტაბს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც 30 აპრილიდან, ასევე, შვებულებაშია.

1 მაისიდან შვებულებაშია გასული ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. დაზუსტებული ინფორმაციით, ისინი  „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ სოფლებში მმართველი პარტიის აგიტაციას ეწევიან.

„გამგეობას სულ 11 რწმუნებული ჰყავს და 1 მაისიდან ყველა მათგანი კუთვნილ შვებულებაშია გასული. რატომ გავიდნენ მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ? ვერ გეტყვით. ალბათ ეხლა სჭირდებოდათ შვებულება და ამიტომ“, - აღნიშნავს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გია ცინცაძე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას გამგებლის პირველი მოადგილე გოგა პეტრუზაშვილი ასრულებს. გამგებლის მეორე მოადგილე შოთა უტიაშვილიც 3 მაისიდან შვებულებაში გავიდა. შვებულებაში არიან ასევე გამგეობის აპარატის უფროსი ვასილ უტიაშვილი და სოციალურ საკითხთა სამსახურის სპეციალისტი ეკა ნაქევხრიშვილი. პეტრუზაშვილი მოქალაქეთა მიღებას ვერ აუდის. გამგეობაში შემორჩენილი თანამშრომლები, მოქალაქეებს, რომლებიც გამგეობას სხვადასხვა საკითხზე, ძირითადად კი ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევის თხოვნით აკითხავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ოფისში ამისამართებენ. სახელისუფლებო პარტიის ოფისში მისულ მოქალაქეებს შვებულებაში მყოფი გამგეობის თანამშრომლები უსმენენ და დახმარებას პირდებიან, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე განცხადებას უწერენ და გამგეობაში აგზავნიან. მმართველი პარტიის ოფისში ყოფნისას აქტივისტები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და სანაცვლოდ პირდებიან, რომ არჩევნების შემდეგ გამგეობა მათ ფულად დახმარებას კიდევ გაუწევს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, მუნიციპალიტეტების გამგეობებში მუშაობა პრაქტიკულად პარალიზებულია. „საჯარო ინფორმაციას დროულად ვეღარ ვიღებთ და ამის მიზეზად გვისახელებენ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები შვებულებაში არიან გასულები. გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგად გავარკვიეთ, რომ გამგეობის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები, შვებულებაში გასულები და ისინიც, ვინც შვებულებაში არ გასულან, სოფლებში დადიან და ამომრჩევლების პირადობის მოწმობების მონაცემებს აგროვებენ. სოფლის გამგეობებში მისულ მოქალაქეებს კი არავინ ხვდებათ და საჭიროების შემთხვევაში ვერც ცნობებს იღებენ და ვერც სხვა დოკუმენტებს“, - აცხადებს ლია ხუროშვილი.

ინფორმაცია ზეწოლის ფაქტების შესახებ

ეროვნული საბჭო ყვარელში პარტიული სიის გარეშე დარჩა. საარჩევნო საკითხებში „ეროვნული საბჭოს“ კოორდინატორის ლადო ბოჟაძის განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკურმა ძალადობამ და რეპრესიებმა მათი კანდიდატების მისამართით მასობრივი ხასიათი მიიღო.

მისი ინფორმაციით, ზეწოლის შედეგად, ყვარლის რაიონში „ეროვნულ საბჭოს“ აღარ ეყოლება კანდიდატები და რეგისტრაციიდან მოიხსნება პროპორციული საარჩევნო სიაც. „რაიონის გამგებლის ლევან გამსახურდიას და პოლიციის უფროსის თემურ გურაშვილის მხრიდან ზეწოლის შედეგად, კანდიდატურები მოხსნეს ახალსოფლის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა მზია ხუტუაშვილმა და მთისძირის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ანეტა მღებრიშვილმა. აღსანიშნავია, რომ მთისძირში კენჭს იყრის იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მამა - შალვა ადეიშვილი, ხოლო ახალსოფელში - საჯარო რეესტრის რაიონული სამსახურის უფროსი და პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ახლო ნათესავი თამაზ გუგოშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უკვე საკრებულოს წევრები არიან და ოპოზიციიდან მათ ვერავინ დაუპირისპირდება“, - განაცხადა ბოჟაძემ.

საარჩევნო ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის“ თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ სანიორეს მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი დალი საქუაშვილი სანიორეს 29-ე  საუბნო - საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარეს ია ჭინჭარაშვილს და მის მოადგილეს ქეთევან სააკაშვილს მდივანზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

საქუაშვილის თქმით, კომისიის ხელმძღვანელობა მდივნისგან თანამდებობაზე  უარის თქმას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებით ემუქრებიან.

„მდივანი ლიდა სოლომნიშვილი რესპუბლიკელების  წარმომადგენელია და ამაზე  აქვთ პრობლემა. აიძულებენ, რომ მდივნის თანამდებობა  დატოვოს და მხოლოდ წევრად დარჩეს, რაზედაც უარს ამბობს, მაგრამ როდემდე გაუძლებს, არვიცი. ყველგან მრეწველების  და დავითაიას პარტიების კვოტით ჩასვეს მდივნები, რომლებიც სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან. ვერ აუტანიათ დამოუკიდებელი მდივანი და ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნებამდე მოიშორონ“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. ზეწოლის შესახებ ლიდა სოლომნიშვილი კომენტარს არ აკეთებს. 

თელავის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით მკლავიშვილის განცხადებით, სანიორეს საუბნო - საარჩევნო  კომისიის მდივანზე ზეწოლის  შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. „მდივანს მე რამდენჯერმე შევხვდი და ჩემთვის ასეთი რამ არ უთქვამს“, - აღნიშნა მკლავიშვილმა.

„ალიანსი  საქართველოსთვის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ცნობით,  „ნაციონალური მოძრაობის“ სოფელ ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი ბესო ყიზილაშვილი  საარჩევნო ხმის უფლების მქონე  მე-12 კლასელებზე ზეწოლას ახდენს.

„ბესო ყიზილაშვილი ახმეტის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტია. მართალია ის ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება, თუმცა თავის თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებს და ბავშვებზე ზეწოლას ახდენს. მათ ემუქრება, რომ თუ არჩევნებში ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ, ჯარში გაიწვევს და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ“, - აცხადებს ალიანსის წარმომადგენელი ზაზა ლაგაზიძე.

ყიზილაშვილის  მხრიდან ზეწოლის ფაქტი ჩვენთან საუბარში ზემო ალვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის რამდენიმე მოსწავლემაც დაუდასტურა. თავად ყიზილაშვილი  საარჩევნო ხმის უფლების  მქონე მოსწავლეებზე ზეწოლას  არ ადასტურებს. „ჩემთან ერთად  გადაამოწმეთ ეგ ამბავი და არცერთი მოსწავლე მაგას არ იტყვის. ჩემს გარეშე რას გეუბნებიან, არ მაინტერესებს“, - გვითხრა ყიზილაშვილმა.

მოსწავლეთა მშობლებზე ზეწოლაში პედაგოგებს ადანაშაულებს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ვანო გალახვარიძე.

„თელავის  მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლებში მასწავლებლები კრებებს იწვევენ, სადაც მოსწავლეების მშობლებს იბარებენ. კრებაზე მშობლებზე ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ ხმა „ნაციონალურ  მოძრაობას“ მისცენ. ასეთი  კრება სოფელ კონდოლის საჯარო სკოლაშიც ჩატარდა და ზუსტად ვიცი, რომ პედაგოგები, განსაკუთრებით კი სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მშობლებზე ზეწოლას ახდენენ“, - აღნიშნა გალახვარიძემ.

მისი თქმით, საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების და აგიტატორების უმრავლესობა მასწავლებელია, სკოლის დირექტორები კი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბებს ხელმძღვანელობენ.

თელავის საგანმანათლებლო  რესურს-ცენტრში ქრისტიან-დემოკრატების განცხადებები უარყვეს. 

უნდა აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი თინა ჯავახიშვილი  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის რიგით მე-2 ნომერია. მმართველი პარტიის პარტიულ სიაში რესურს-ცენტრის იურისტი ლევან ბაადაშვილიც

პირადობის მონაცემების შეგროვების ბუმი

თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ ყარაჯალას  გამგებელმა ამირან სულეიმანოვმა თანასოფლელებს  პირადობის მოწმობები  ჩამოართვა. როგორც ყარაჯალის მაცხოვრებლებმა გვითხრეს, სულეიმანოვმა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა სოფელში დახმარების შესაძლო დარიგებით ახსნა. 

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თელავის  რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზაზა აბაშიძის განცხადებით, სულეიმანოვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები დახმარების გასაცემად კი არა, საარჩევნო მანიპულაციებისთვის სჭირდება.

„თელაველი ქალი სოფელში ჰუმანიტარული ტანსაცმლის დარიგებას აპირებს და ხალხს მოწმობები ამიტომ ჩამოვართვით“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ყარაჯალის გამგებელმა ამირან სულეიმანოვმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორები პირადობის მონაცემებს აგროვებენ ყვარელშიც. „ისინი არ ამბობენ, რად უნდათ ეს მონაცემები, მაგრამ პირადობის მოწმობის და პირად ნომრებს ფურცლებზე ინიშნავენ. ამავე დროს, აგიტაციას ეწევიან“, - ამბობს „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნუგზარ ღონიაშვილი.

ყვარელში, ბესიკის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის  შეხლა - შემოხლაც მოხდა. ბესიკის  ქუჩის მაცხოვრებლებმა სახელისუფლებო  პარტიის აქტივისტებს ციალა კუჭუხიძესა და კიდევ ერთ  ქალბატონს, გვარად ბაღათრიშვილს პირადობის მოწმობების ჩვენებაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც აგიტატორებმა მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასად დაპირისპირება მოჰყვა

ახალი ამბები