კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები გამოუძიებელია

6 მაისი, 2010
ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, 2004 წლიდან დღემდე, ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის რამდენ საქმეზეა გამოძიება დაწყებული. მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყება ასეთ სტატისტიკას არ აწარმოებს. კახეთში, ჟურნალისტებზე თავდასხმის ათზე მეტი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია გამოძიებული. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტზე თავდასხმაში მსჯავრდებული, ხელისუფლებამ დასჯის ნაცვლად, დააწინაურა.

2005 წლის 15 აპრილს კახეთის რეგიონული გაზეთ „იმედის“ ჟურნალისტს მარინა გოგოლაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ კაკალაშვილის ძმამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ კაკალაშვილმა. მომხდარზე გამოძიება არ დაიწყო.

2005 წლის 15 ივნისს დაუდგენელმა პირებმა კახეთის რეგიონული გაზეთ „იმედის“ ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა ააფეთქეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობით დაიწყო. შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2010 წლის 20 აპრილის ინფორმაციით, დანაშაულის გახსნის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

2005 წლის 22 ივნისს რედაქციიდან სახლში მიმავალ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს უცნობი პირი დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და ისევ გრძელდება.

2005 წლის 22 ნოემბერს, 22:35 საათზე, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის საცხოვრებელ სახლში დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა მეორედ ააფეთქეს. სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტზეც აღიძრა, მაგრამ დანაშაული ამ დრომდე გამოუძიებელია. პოლიციას ჟურნალისტი არ დაუკითხავს. შს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილემ საგამოძიებო დარგში გოჩა თედიაშვილმა, მთივლიშვილს ურჩია, ჟურნალისტური საქმიანობისთვის თავი დაენებებინა, რათა მის სიცოცხლეს კვლავ საფრთხე არ დამუქრებოდა.

2006 წლის 1 თებერვალს თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თელავის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ფარადაშვილმა. ამავე დღეს, თელავის გამგეობის შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს გამგებლის პირველმა მოადგილემ გია პაპუნაშვილმა. 2006 წლის 7 თებერვალს შს თელავის სამმართველოში სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ჟურნალისტების გელა მთივლიშვილისა და რომან ქევხიშვილის მიმართ. კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თელავის რაიონის გამგეობის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებმა 2006 წლის 1 თებერვალს თელავის რაიონის გამგეობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და იხულიგნეს. სს საქმე ამ დრომდე ძიებაშია.

2006 წლის 15 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, სოფელ ვაქირის საკრებულოს და სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს სიღნაღში მიმავალი ჟურნალისტები, რომლებსაც არასამთავრობოების მიერ ორგანიზებული თეატრალიზებული საპროტესტო აქცია უნდა გაეშუქებინათ. თავდამსხმელებმა ტელეკომპანიების „იმედის“, „მზის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „გურჯაანის“, „თანამგზავრის“ და სხვადასხვა გაზეთების კორესპონდენტებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუმტვრიეს ტექნიკა. ჟურნალისტებმა რომან ქევხიშვილმა, ზვიად რუაძემ და გელა ჯალიაშვილმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი დააკავა, თუმცა პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მალევე გაათავისუფლეს.

2006 წლის 9 ოქტომბერს რადიო „ჰერეთის“ დირექტორს რამაზ სამხარაძეს ქუჩაში თავს დაესხა ლაგოდეხის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი დავით კაპანაძე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმის გამოძიება თითქმის 2 წელი გაგრძელდა. 2008 წელს ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრი დავით კაპანაძე თავისუფალი აზრის დევნაში დამნაშავედ სცნო და პირობითი სასჯელი შეუფარდა. 2009 წლის თებერვალში კაპანაძე კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

2007 წლის 8 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან კორესპონდენტები ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყარეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა განცხადებით პროკურატურას მიმართეს, გამოძიება არ დაიწყო.

2008 წლის 21 მაისს, სიღნაღის საარჩევნო ოლქის სოფელ ქვემო მაღაროს 26-ე საარჩევნო უბანზე სცემეს გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ ამ დრომდე გამოუძიებელია.

2008 წლის 21 მაისს, საგარეჯოს საარჩევნო ოლქის სოფელ იორმუღანლოს 46-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტ ირაკლი გოგუაძეს ორჯერ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამავე დღეს, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის კაბალის საარჩევნო უბანზე, საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ადალათ სარდაროვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აკრედიტებულ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც უბანზე არსებულ დარღვევებს იღებდა.

2008 წლის 21 მაისს, საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 37-ე ქვემო ლამბალოს საარჩევნო უბანზე ვებ-პორტალ „პრესა.გე“-ს წარმომადგენელს კონსტანტინე სტალინსკს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება ამ ფაქტებზეც დაიწყო და დღემდე გრძელდება.

აღნიშნული ფაქტების გამოძიების რეკომენდაციით, პროკურატურას საქართველოს ყოფილმა და მოქმედმა სახალხო დამცველებმაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

ახალი ამბები