კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თუკი ცოცხლები არ არიან, მოვითხოვთ ცხედრების გადმოცემას“ – ცხინვალი ევროკომისარს დახმარებას სთხოვს

7 მაისი, 2010
მარი ოთარაშვილი

„ჩვენ გვაქვს ყველანაირი დოკუმენტაცია დავამტკიცოთ, რომ ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი იმყოფებოდა ქართული ძალოვანი სტრუქტურების ხელში. ამ დროისთვის ისინი ან საქართველოს ტერიტორიაზე იზოლაციაში არიან, ან კიდევ, რაც ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული იქნება, ცოცხლები აღარ არიან. ასეთ შემთხვევაში, მოვითხოვთ მათი ცხედრების გადმოცემას. ვაიძულებთ ყველას, უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი მოქალაქეების ბედი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს. წითელი ჯვრის კომიტეტი ამ საკითხში დახმარებას შეგვპირდა. მე მაქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ კომიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური ორგანიზაციაა, არ შეუძლია, ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ იცის, რომ ჩვენ მართლები ვართ და მხარსაც გვიჭერენ“, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებაში, მერაბ ჩიგოევი.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი სწორედ ტყვეთა საკითხის გამო რამდენიმე დღის წინ ცხინვალში იმყოფებოდა.

„ვიზიტის ფარგლებში ჰამარბერგი მოისმენს ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხრეთ ოსეთის 7 მოქალაქის შესახებ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა. ოსური მხარის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის 7 მცხოვრები, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და ომის შემდგომ პერიოდში ქართული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

„საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ სამხრეთ ოსეთის ეს მოქალაქეები უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულნი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ვიდეომასალა, თუ როგორ სცემენ გატაცებულებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საბრძოლო მოქმედებისას საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლება გაიტაცეს, ზოგი კი ომის შემდეგ“, – აცხადებს ცხინვალელი უფლებადამცველი დავით სანაკოევი.

ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა უარყო. მან განაცხადა, რომ ოსური მხარის მიერ დასახელებული პირების შესახებ სამართალდამცავები ინფორმაციას არ ფლობენ. უტიაშვილის თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ორგანიზაციის და ქართული, ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენელთა მონაწილეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად ერთობლივი კომისია შეიქმნება. წითელი ჯვრის ორგანიზებით, რიგით მესამე შეხვედრა 29 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ კნოლევში გაიმართა. ამავე ფორმატით მხარეები თებერვალსა და მარტში ერთმანეთს შვეიცარიაში შეხვდნენ, რის შედეგადაც საერთო ჯამში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 47 ადამიანის სია შეადგინეს. 
 
კნოლევთან შეხვედრა ჰამარბერგის ცხინვალში ჩასვლამდე გაიმართა საქართველოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წარმომადგენელთა. მათთან ერთად იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის წარმომადგენლები. შეხვედრა ეძღვნებოდა სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებს.

თავად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი, თომას ჰამერბერგი ამბობს, რომ ცხინვალი მზადაა, კიდევ სამი დაკავებული ქართველი გაათავისუფლოს. ამის შესახებ ჰამერბერგმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ქართულმა მხარემ რამდენიმე დღის წინ 6 პირი გაათავისუფლა, ამის შემდეგ ჩემი ცხინვალში ყოფნის დროს სამი დაკავებულის გამოშვება მოხერხდა და კიდევ სამის გამოშვებას დაგვპირდნენ ადგილობრივები. მე ამ პროცესში ჩართული არა ვარ. მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი მევალება“, - განაცხადა ჰამერბერგმა და დასძინა, რომ
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეებში კიდევ 8 ქართველი რჩება.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი თბილისში 1 მაისს ჩამოვიდა. 2 მაისს იგი სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდა ქართველი ტყვეების - ლევან ბიგამიშვილის, ჯამლეტ ჯამრიშვილისა და გენადი წიკლაურის გათავისუფლების საკითხი.

ჰამარბერგისვე ცნობით, ამ დრომდე ტყვეობაში რჩება მათთან ერთდად დაკავებული კიდევ სამი ქართველი. ევროკომისარს მათ გათავისუფლებას ერთ კვირაში დაპირდნენ.

„სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პირობა მივიღეთ, რომ დანარჩენ სამ ქართველს ერთი კვირის ვადაში გაათავისუფლებენ", - განაცხადა ჰამარბერგმა.

მისივე განმარტებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება სხვადასხვა დროს დაკავებული დანარჩენი 8 ქართველის გათავისუფლების საკითხზეც. ზემოთ აღნიშნული 6 მოქალაქე (3 უკვე გათავისუფლებული და სამიც მალევე რომ უნდა გაათავისუფლონ) სოფელ ლამისყანიდან, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2009 წლის აგვისტოში დააკავეს.

ოსური მხარე აცხადებს, რომ ჰამარბერგის ამ ვიზიტს არც ერთი ოსი პატომრის გათავისუფლება რა მოჰყოლია და არც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი გარკვეულა.

„ჰამარბეგმა ისე დატოვა ცხინვალი, რომ ტყვეებზე, პატიმრებზე და უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე ჯერ არაფერი გარკვეულა. მერე რა იქნება, ვნახოთ“, - განაცხადა ვლადიმერ გაბარაევმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა.

ახალი ამბები