კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - ექსტრემისტებმა ბარიერი გადალახეს

11 მაისი, 2010
 ნინო გელაშვილი

7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ წიგნის  - „საიდუმლო სირობის“ შესახებ გამართული დებატები  ჩხუბში გადაიზარდა. „კავკასიის“ ჟურნალისტის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, გადაცემიდან პროტესტის ნიშნად გასულ უფლებადამცველს, ბექა მინდიაშვილს და კინომცოდნე თეო ხატიაშვილს გარეთ  „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ (მმკ) და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ (სმმ) წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შენობის გარეთ დაწყებულ ხმაურზე გადაცემაში მონაწილე პირებიც გარეთ გავიდნენ და ჩხუბში ჩაერთნენ.

მოგვიანებით ხელჩართული ჩხუბი და აურზაური სტუდიაშიც გაგრძელდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელ დავით აქუბარდიასაც. მას კბილებიდან სისხლი სდიოდა.

როგორც მმკ-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მათ გააპტოტესტეს ის ფაქტი, რომ გადაცემაში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენლებს სიტყვიერი შელაპარაკება „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერ, გუბაზ სანიკიძესთანაც მოუხდათ. მათი თქმით, სანიკიძემ არაფერი გააკეთა, რათა გადაცემაში მონაწილეობა მმკ-ს წარმომადგენელსაც მიეღო.  თავად გუბაზ სანიკიძე „კავკასიაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღშფოთებულია და წუხს, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდა.

„კავკასიის“ შენობასთან სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ერეკლე დეისაძის წიგნს  აპროტესტებდნენ. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ინციდენტის შემდეგ „კავკასიაში“ მივიდნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები თინა ხიდაშელი და სოფიო ხორგუანი, „კონსერვატორები“ კახა კუკავა და ლაშა ჩხარტიშვილი. აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია. მათ „კავკასიის“ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ჭანტურიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით განაცხადა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, დისკუსია რა თემაზე მიმდინარეობს. მთავარია, ჟურნალისტები დაცულევი იყვნენ ზეწოლისაგან.

ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის თქმით, ინციდენტის დროს, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ყველას, „ვინც კი ტელეკომპანიის ეზოში იმყოფებოდა“. ნაცემები არიან ტელეკომპანიის ოპერატორები, ასევე, „კავკასიის“ ხელმძღვანელი დავით აქუბარდია.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადაცემის წამყვანის, ნინო ჯანგირაშვილის ძმისშვილს, „კავკასიის“ ოპერატორ ლუკა ჯანგირაშვილსაც. ჩხუბის დროს პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა, მაგრამ როცა გაარკვიეს, რომ იგი ტელევიზიის თანამშრომელი იყო, აღარ დააკავეს.

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა წასვლის წინ ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ოპერატორ ზაზა შუკვანს.  

ცოტა ხანში ინციდენტის ადგილზე მივიდა მთავარი პროკურორის მოადგილე, გირშელ ძებნიაური, პროკურორი დავით ზვიადაძე და გამომძიებლები. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც ტელეკომპანიაში შესვლის საშუალებას არავის აძლევდა. მანამდე სტუდიაში შესვლა მოახერხეს პარტიების წარმომადგენებმა.

„ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტი იმ ექსტრემიზმის მაგალითია, რასაც ხელისუფლება ექვსი წლის განმავლობაში აღვივებს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ძალადობა არ შეიძლება ლეგიტიმიზებული იყოს სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პავლე კუბლაშვილმა თინა ხიდაშელის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.  „განსაკუთრებით სამარცხვინოა იმ პოლიტიკოსების საქციელი, რომლებიც ცდილობენ, მომხდარი ხელისუფლებას გადააბრალონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. თინა ხიდაშელს არ დაზარებია იმის თქმა, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს და ახალისებს ხელისუფლება”, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთ ქმედებებს ახალისებენ ის უპასიხსმგებლო პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო კლიპებში ბასილ მკალავიშვილის დაჭერის ფაქტს  ხელისუფლების მხრიდან თითქოსდა მართლმადიდებლობაზე შეტევის დემონსტრირებისთვის იყენებდნენ.   

ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარ ფაქტთან სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გამოეხმაურა. გიორგი ტუღუშმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. „მინდა, მოვუწოდო მხარეებს,   შეეცადონ, დიალოგით და  მოლაპარაკებების საფუძველზე განმუხტონ ეს სიტუაცია. ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება გარკვეულ სიმპათიებს თუ ანტიპათიებს, მოაგვარონ დიალოგის ფარგლებში, რათა გამოირიცხოს დაპირისპირება მხარეებს შორის“, -  აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.  

ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ 18 ადამიანი დააკავეს. თუმცა პოლიციის სამმართველოში მხოლოდ 8 მათგანი დატოვეს - ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. დანარჩენები კი დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს.

პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებოდა „სახალხო მართლმდიდებლური მოძრაობის“ ლიდერი მალხაზ გულაშვილი, ორგანზიაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია, წმ. მარინეს სახელობის დეკანოზი, მამა დავით (ისაკაძე).

მამა დავითის (ისაკაძის) თქმით, წინა ღამით მას დაურეკეს ახალგაზრდებმა, რომ სტუდიის შენობაში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებს სცემდნენ. მისივე თქმით, სტუდიის ოპერატორმა 18 წლის ჯაბა გურჩიანს თავში შტატივი ჩაარტყა. გურჩიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და წოლითი რეჟიმი აქვს. მმკ-ს აქვს ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც. „დაკავებული არიან ის პირები, რომლებიც თავის პოზიციას გამოხატავდნენ. მათ არ დაურღვევიათ კანონმდებლობა“, - აცხადებს  მამა დავითი (ისაკაძე).
 
9 მაისს, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას გაათავისუფლეს კიდევ ერთი დაკავებული, ლევან ტურაშვილი, დანარჩენ შვიდს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ  წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ამირან ბურდულმა განაცხადა, პატიმრებს უდგებოდნენ თავდებად სასულიერო პირები,  მაგრამ მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღმკვეთ ღინისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

ისინი დაკავებულები არიან ორი ბრალდებით -  სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს და ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას. მეორე კი 239-ე, ხულიგნობის მუხლია, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას.

სასამართლოში მყოფი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები და სასულიერო პირები, ასევე, დაკავებულების ახლობლები აპრიტესტებენ მოსამართლის გადაყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება  არ არსებობს. ადვოკატ ამირან ბურდულის განცხადებით, „ბრალდების მხარეს აქვს მხოლოდ ტელეკომპანია „კავკასიის“ თანამშრომლებისა და აგენტების ჩვენებები, საიდანაც ცდილობენ დაამტკიცონ დაკავებულების ბრალეულობა, თუმცა ეს მტკიცებულებებად არ შეიძლება ჩაითვალოს“.
        
10 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი დაკავებულის - ზვიად ბლიაძის მამა, გივი ბლიაძე. მისი მეუღლის, მარინე ბარბაქაძის თქმით, გივი ბლიაძემ შვილის დაკავება ინერვიულა და 9 მაისს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ავტომანანაში ინფარქტით გარდაიცვალა. მისივე თქმით, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლეს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას  სთხოვდნენ, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებზე თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ ამგვარი თავდასხმები და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია.

„კავკასიაში“ მომხდარ  ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებულია აშშ-ს ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი. „საქართველოში ზოგიერთისთვის მიუღებელია თავისუფალი აზრის გამოხატვა, არადა, ეს მეტად მნიშვნელოვანია. საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ადამიანზე ძალადობა არ უნდა განხორციელდეს. მოხარული ვართ, რომ პოლიციის ჩარევა იყო დროული და ზომიერი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხალხი, ვისაც თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვა სურს, იყოს ანგარიშვალდებული“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საპატრიარქოს მოუწოდებს, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ გამოვლენილ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით ქართული ეკლესიის პოზიცია დააფიქსიროს.

„ეკლესიის დუმილი ამ სიტუაციაში წარმოუდგენელია. მართლდმადიდებლობის ღირსება უნდა დავიცვავთ. იმედია, თავად ეკლესია გააკეთებს შორსმჭვრეტელურ განცხადებას“, - განაცხადა ცისკარიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ფაქტის კომენტირებისას. მისი თქმით, „კავკასიის“ ინციდენტი არ არის ლოკალური და ეს ძალადობა გაგრძელდება, თუ მას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება.

7 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბა. სინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქისა და ეკლესიის ავტორიტეტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის არ გამოიყენონ. „ვინაიდან ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა, წმიდა სინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის“, - აცხადებს წმ. სინოდი.

საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე ასევე იმსჯელეს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც საზოგადოება დგას. აღინიშნა, რომ ქვეყანას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, ერის ერთიანობის დარღვევის მცდელობები, ნარკოტიკების გავრცელება, ურწმუნოების, უზნეობისა და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა. საპატრიარქოს

„ითქვა ისიც, რომ ყოველივე ამის დამკვეთნი და შემსრულებელნი საეკლესიო კანონმდებლობით თვითონ უწესებენ თავის თავს უმძიმეს სასჯელს - შეჩვენებას. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, რომელიც მოწოდებულია ნებისმიერი ადამიანის ცოდვათაგან მოქცევისა და ცხონებისათვის, ამიტომაც ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი და მოვუხმოთ სინანულისკენ“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს მოწოდება საზოგადოების ნაწილმა, რომელიც რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდის, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და მსგავსი ოდიოზური დაჯგუფებების მხარდაჭერად აღიქვა. ამას თან დაერთო საკვირაო ქადაგების დროს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მმკ-ს სულიერი ლიდერის, მამა დავითის (ისაკაძის) წახალისება. ილია მეორემ მას მიტრისა და დამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მისცა, რაც საეკლესიო მოღვაწესთვის ჯილდოდ და წახალისებად ითვლება.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ცნობები

ახალი ამბები