კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი: „დიახ, ჩვენ არამიზნობრივად ვიყენებთ, მაგრამ მაინც ვაკეთებთ ამას“

13 მაისი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 2010 წლის 12 აპრილს საჯარო მოხელეები გააფრთხილა, რომ თუ საარჩევნო პროცესებში ჩარევას გაბედავენ, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, რეგიონებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებენ, ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და ამომრჩევლებს აშინებენ. ამასთან, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატები მასობრივად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს.
 
უარი არჩევნებში მონაწილეობაზე

არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინეს დედოფლისწყაროს რაიონის ყოფილ გამგებელს გელა იაკობიშვილს. იაკობიშვილს კენჭი სოფელ წითელწყაროში ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობიდან უნდა ეყარა. წითელწყაროს მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ საარჩევნო სიების გადამოწმებისას ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გელა იაკობიშვილი დაუსახელეს. ამ ინფორმაციას პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოდერძი აბულაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, გადაწყვეტილი იყო, რომ იაკობიშვილს კენჭი მათი პარტიიდან სოფელ წითელწყაროში უნდა ეყარა, თუმცა საბოლოოდ კანდიდატურის ოფიციალურად წამოყენებაზე უარი განაცხადა. „კენჭი უნდა მეყარა, მაგრამ გადავიფიქრე. რატომ? ასე გადავწყვიტე“, - განაცხადა  გელა იაკობიშვილმა. საგულისხმოა, რომ იაკობიშვილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, 2007 წელს სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა 5 წლის ვადით, საიდანაც მხოლოდ 3 წელი აქვს მოხდილი. საარჩევნო კოდექსი პირობით მსჯავრდებულებს არჩევნებში კენჭისყრას არ უკრძალავს, თუმცა როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ გახდა ცნობილი, იაკობიშვილი გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კენჭს იყრიდა, მას პრობლემები შეექმნებოდა. „კანდიდატურა თავისი სურვილით მოხსნა. მიზეზს არ მეუბნება. შეიძლება, რაღაც ზეწოლა იყო. გელა იაკობიშვილი რეალური კანდიდატი იყო“, - აღნიშნა ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოდერძი აბულაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ყვარლის რაიონის გამგებლისა და პოლიციის უფროსის მხრიდან ზეწოლის შედეგად, კანდიდატურები მოხსნეს ახალსოფლისა და მთისძირის საკრებულოს წევრობის „ეროვნული საბჭოს“ კანდიდატებმა. „ეროვნულ საბჭოს“ ყვარელში 11 კაციანი პარტიული სია ჰქონდა წარდგენილი. პარტიული სიიდან ორი კანდიდატურის მოხსნა საკმარისი იყო სიის არჩევნებიდან მოხსნისათვის. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 9-კაციანი პარტიული სიით არჩევნებში მონაწილეობა აკრძალულია. შესაბამისად, „ეროვნული საბჭო“ ყვარელში პარტიული სიით აღარ არის წარმოდგენილი.   

პარტიის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, შოთა ქავთარაშვილს პოლიტიკურ საქმიანობაზე უარის თქმა და „ნოღაიდელის პარტიის“ დატოვება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და სოფელ დუისის რწმუნებულმა მოსთხოვეს. ისინი ქავთარაშვილთან სახლში მივიდნენ და 30 წუთის განმავლობაში ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ქავთარაშვილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აპრილის მეორე ნახევრიდან ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანში საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე ზეწოლის რამდენიმე ფაქტი მოხდა. კერძოდ, ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის“ რაიონული ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სოფელ ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ბესო ყიზილაშვილს, საარჩევნო ხმის უფლების მქონე მე-12 კლასელებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ბესო ყიზილაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტია. „მართალია ის ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება, თუმცა თავის თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებს და ბავშვებზე ზეწოლას ახდენს, მათ ემუქრება, რომ თუ არჩევნებში ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ, ჯარში გაიწვევს და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ“, -  განაცხადა ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ზაზა ლაგაზიძემ.

ყიზილაშვილის მხრიდან მე-12 კლასელებზე ზეწოლის ფაქტი  ზემო ალვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის ერთმა მოსწავლემ ანონიმურად დაადასტურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბარში. მისი თქმით, ყიზილაშვილმა რამდენიმე მოსწავლე ერთად გაფრთხილა“.

პარტიული და სახელმწიფო რესურსების აღრევა

4 მაისს, გურჯაანის მოსახლეობა ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღებას გამგეობის შენობაში ელოდებოდა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გამგებლის პირველი მოადგილე გოგა პეტრუზაშვილი მოქალაქეთა მიღებას ვერ აუდიოდა. ამიტომ მათი ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ოფისში გაგზავნეს. ოფისში მისულებს შვებულებაში მყოფი გამგეობის თანამშრომლები ემსახურებოდნენ, კერძოდ, უსმენდნენ, დახმარებას ჰპირდებოდნენ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე განცხადებას აწერინებდნენ. როგორც რამდენიმე მათგანმა ანონიმურად განაცხადა, მმართველი პარტიის ოფისში ყოფნისას აქტივისტები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ და სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ გამგეობა მათ ფულად დახმარებას კიდევ გაუწევდა.

27 აპრილის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გია ჩალათაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გია გოზალაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ლევან ბაღაშვილი თანამდებობებიდან 15 აპრილს გადადგნენ, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი  - 26 აპრილს. პირველი სამი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, მეოთხე კი - შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, ოთხივე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით. მიუხედავად ამისა, 27 აპრილს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი იმყოფებოდა სოფელ მანავში, სადაც გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა და სახლები დააზიანა. იგი ამ დროს სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდა და იქ მყოფ გამგეობის თანამშრომლებს დავალებებსა და მითითებებს აძლევდა. 3 მაისის ინფორმაციით, დანარჩენი გადამდგარი გამგებლები ასევე განაგრძობდნენ გამგეობების კუთვნილი კორპორატიული ტელეფონებით სარგებლობას.

ტყუილი დაპირებები

საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით, სახელმწიფო დონეზე, უწყებათაშორისი და ინტერფრაქციული ჯგუფები მუშაობენ. უწყებათაშორისი ჯგუფი მთავრობის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ხოლო ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტის წევრებით. 8 მაისს უწყებათაშორისი ჯგუფი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რათა მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებს გაცნობოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის განცხადებით, ჯგუფის წევრებმა დარღვევებთან დაკავშირებული დეტალები ჩაინიშნეს და მათზე დაუყოვნებლივ რეაგირების პირობა დადეს.

12 მაისს უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრმა, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ „საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია და გუბერნატორებმა და გამგებლებმა ამ მიმართულებით შესაბამისი მითითებები მიიღეს.

„ჩვენი ძირითადი ყურადღება კონცენტრირებულია საჯარო მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არ დაშვებაზე. ამ მიმართულებით საარჩევნოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა საქართველოს მასშტაბით მითითებები უკვე მიიღეს. გუბერნატორები, გამგებლები და სხვა პირები, რომელთა  პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა კანონით დაშვებულია, მაგრამ არა სახელმწიფო რესურსის ხარჯზე, უნდა გადადგნენ თანამდებობებიდან ან გავიდნენ შვებულებაში. ამ პერიოდში მათ მიერ ადმინისტრაციული რესურსის, იქნება ეს სამუშაო ფართი, მანქანა და მით უმეტეს ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყენება მკაცრად კონტროლდება“, - აღნიშნა ზღულაძემ.

ოფიციალური მონაცემებით, 2010 წლის 12 აპრილიდან დღემდე, წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არცერთ ფაქტზე დასჯილი არავინ არ არის.

2010 წლის 15 აპრილს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დასმულ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: „...ჩვენ ვაპირებთ ყველა სახის რესურსის გამოყენებას, იმ მიზნით, რომ გავაუმჯობესოთ ხალხის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, იტყვიან თუ არა, რომ ჩვენ არამიზნობრივად ვიყენებთ ადმინისტრაციულ რესურსებს. დიახ, ჩვენ არამიზნობრივად ვიყენებთ, მაგრამ მაინც ვაკეთებთ ამას, და მე ვფიქრობ, რომ ეს კანონიერია“.

ახალი ამბები