კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ხატისკაცი: „ხელისუფლებას ყველაზე მეტად აინტერესებს, რას იტყვის არჩევნებზე საერთაშორისო თანამეგობრობა და არა - ქართველი ამომრჩეველი“

14 მაისი, 2010
კობა ბენდელიანი, „ინტერპრესნიუსი“

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის სხვადასხვა ასპექტებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ნინო ხატისკაცს ესაუბრა.

- ქალბატონო ნინო, როგორ აფასებს „საერთაშორისი გამჭირვალობა - საქართველო“ 30 მაისს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას?
 
-  წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამ არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსისა და საბიუჯეტო თანხების გამოყენება გაცილებით ნაკლებია.  2008 წლის არჩევნებზე, ერთი თვით ადრე გაცილებით მეტი დარღვევა იყო, ვიდრე  - ახლა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ხელისუფლების მხრიდან არის  უფრო მეტი ძალისხმევა, კანონის ფარგლებში მოაქციონ საარჩევნო პროცესი და რაც შეიძლება ნაკლები იყოს დარღვევა. ამის მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს ადგილობრივი არჩევნების წონა, ანუ  -  თავისი მნნიშვნელობით ადგილობრივი არჩევნები ვერც საპარლამენტო და მითუმეტეს - საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ შეედრება. მეორე ფაქტორია ის გარემოება, რომ პოლიტიკური პარტიები აქტიურ საარჩევნო ფაზაში ახლა შედიან და მხოლოდ რამდენიმე პარტიაა წარმოდგენილი რეგიონში. საერთო სურათის შეფასებისას ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია. არსებული პრობლემები და დღეს არსებული სურათი არ იძლევა დადებითი შეფასების და იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი კარგად არის.

- რამდენად თანაბარ პირობებში არიან პარტიები? ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსსა და საბიუჯეტო თანხებს იყენებს. თქვენ თუ გაქვთ ამ დარღვევათა კონკრეტული მაგალითები, რაც შემაშფოთებელი შეიძლება იყოს საერთო სურათის შეფასებისთვის?

- როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ხდება თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არიან თუ არა თანაბარ პირობებში  სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, უნდა გავითვალისწინოდ ორი ტიპის კრიტერიუმი. ერთი - რამდენად ხდება საქართველოს კანომდებლობის დარღვევა და მეორე  - საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის ეუთო-ს დოკუმენტები, რომლებიც ასევე სავალდებულოა საქართველოსთვის და, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს და სახელმწიფოს შორის არ უნდა ხდებოდეს აღრევა, უნდა იყოს შეჯიბრებითობა და პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი პირობები. ჩვენთვის საერთაშორისო პრაქტიკის შესრულება ისეთივე სავალდეულოა, როგორც  - საქართველოს კანონმდებლობის.

ყველაზე შემაშფოთებელია, როცა ხდება ამომჩევლებზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე ზეწოლა. ზეწოლა და მუქარა ხორციელდება ტელეფონით ან პირდაპირ დიალოგის დროს. ეს, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის გათვალისწინებით, პარტიები, რა თქმა უნდა, არ არიან თანაბარ პირობებში.

პოლიტიკური სუბიექტების არათანაბარ პირობებში ყოფნა უკავშირდება, ასევე, მათ შემოსავლებს წინასაარჩევნო პერიოდში. ამაზე საუბარი სცილდება მხოლოდ საბიუჯეტო ფინანსების ხელისუფლების სასარგებლოდ გამოყენებას და უკავშირდება ბიზნესგარემოს პრობლემას.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო კამპანიისათვის 22 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა მხოლოდ  - 500 ათასი ლარის. ამ თანხების მობილიზება, ძირითადად, პარტიებისა და პარტიული აქტივისტების ხარჯზე მოხერხდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში თითქოს ბიზნესგარემო კანონით კარგად რეგულირდება, მაგრამ პრაქტიკაში ბიზნესშემოწმებები საკმაოდ სუბიექტურად ხორციელდება. ბიზნესწრეები საკუთარ თავს თვითცენზურას უწესებენ და ოპოზიციურ კანდიდატებს არ ეხმარებიან, რათა შემდგომ ბიზნესში პრობლემები არ შეექმნათ.  

ამის გარდა, პრობლემატურია საბიუჯეტო რესურსები, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტის პრეროგატივაა და ეს თანხები აშკარად მმართველი გუნდისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ გამოიყენება. 2010 წელს ძალიან ბევრ თვითმმართველობაში, ერთ მესამედზე მეტში, მათ შორის თბილისის მერიის შემთხვევაში, გაზრდილია ხელფასები და საშტატო ერთეულები. გარდა ამისა, არის სოციალური პროექტების ზრდა და ისეთი პროექტების განხორციელების ტენდენციები, რომლებიც არ ხორციელდებოდა არასაარჩევნო პერიოდში.

საქართველოში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა, ოფიციალურად რეგისტრირებულია 900 ათასზე  მეტი სოციალურად შეჭირვებული, დაახლოებით, ამდენივე ელოდება, რომ  მიიღოს დახმარება. ეს ფაქტორი, ისეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, სადაც ერთჯერადი სოციალური დახმარება წინასაარჩევნოდ დიდი ინტენსივობით გაიცემა, რა თქმა უნდა,  უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე;  ამას ცუდი შედეგები მოაქვს ოპოზიციისთვის და, ამავდროულად, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველაზე შემაშფოთებელი ამომრჩევლებსა და ოპოზიციაზე ზეწოლის ფაქტებია. თუ შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითების მოხმობა და როგორ რეაგირებს მათზე ხელისუფლება?

- მე დავასახელებ იმ ფაქტებს, რომლებიც გადამოწმებულია და ერთი წყაროს ინფორმაციას არ ეყრდნობა. ბოლო ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის 5 მაისს ყვარლის რაიონის გამგებლისა და პოლიციის უფროსის მხრიდან „ეროვნული საბჭოს“ კანდიდატებზე ზეწოლა. შედეგად, „ეროვნული საბჭოს“ პარტიული სიით არჩევნებში მონაწილოებაზე ორმა კანდიდატმა თქვა უარი და ამ რაიონში ეს ოპოზიციური გაერთიანება დეპუტატობის კანდიდატების სიის გარეშე დარჩა. ის კანდიდატები კი, რომლებმაც უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, უკვე აღარ ადასტურებენ ამ ინფორმაციას. ისინი აშკარად შეშინებულები არიან და აღარ ასახელებენ იმ ადამიანებს, ვინც მათზე ზეწოლა განახორციელა.

3 მაისის მესტიის შემთხვევა საკმაოდ გახმაურებული ისტორიაა. 40-მდე მანქანით რეგიონის გუბერნატორი, ზაზა გოროზია და სხვადასხვა ძალოვანი უწყებები სვანეთში ავიდნენ. 7 კანდიდატიდან ოთხს დააწერინეს განცხადება და სამმა უარი არ თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. მათ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დაეხმარნენ გამგეობის შენობიდან გამოსვლაში, სადაც მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ეს ყველაზე მასობრივი და  გახმაურებული შემთხვევა იყო. ეს საქმე დღემდე არ არის გამოკვლეული და ახლა ძიება მიმდინარეობს.

7 აპრილს ლანჩხუთში ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთ წევრზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა, ბუხუტი ჩხაიძემ ზეწოლა განახორციელა. მსგავსი შემთხვევა იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში, სადაც ქართული ენის პედაგოგს სოფლის რწმუნებული დავით გუნდაძე დაუკავშირდა და ოპოზიციასთან კავშირის შემთხვევაში სკოლიდან გაშვებით დაემუქრა. ასეთივე შემთხვევა იყო აპრილის დასაწყისში პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ კვოტით მონაწილე სიის პირველი ნომერ ვიქტორ ჯაფარიძეზე, რომელზეც სატელეფონო ზარის მეშვეობით პოლიციის უფროსმა ზეწოლა განახორციელა. ამის გამო სვანეთში დღესაც ვერ ადის და პრობლემებს  უქმნიან.  

ასეთივე შემთხვევა იყო „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ ახმეტის ოფისის ხელმძღვანელზეც, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხანგოშვილი და სოფელ დუისის რწმუნებული მერაბ ქავთარაშვილი 30 წუთი ემუქრებოდნენ. მას შემდგომში სამედიციო დახმარება დასჭირდა. როგორც ხედავთ, პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტები საკმაოდ ბევრია.

მნიშვნელოვანია, როგორ რეაგირებს მათზე ხელისუფლება. ცესკო ამგვარ ფაქტებზე რეაგირებისთვის საკმაოდ შეზღუდულია - საგამოძიებო პროცედურებს ვერ განახორციელებს. თუმცა, ყველაზე სწრაფი რეაგირების მექანიზმი აქვს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშია შექმნილი და მასში შედიან სხვადასხვა ძალოვანი უწყებების, მნიშვნელოვანი სამინიტროებისა და არჩევნებში მონაწილე უწყებების პირველი თუ არა მეორე პირები. მაგალითად, შშს-ის მოადგილე ეკა ზღულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. ჯგუფში, ასევე, წარმოდგენიალია პროკურატურა და სხვა მნიშვნელოვანი უწყებები. ამ სამუშაო ჯგუფმა დარღვევების ნაწილზე უკვე მოახდინეს შემდეგნაირი რეაგირება: 7 აპრილის ლანჩხუთის შემთხვევაში, ბუხუტი ჩხაიძე თანამდებობიდან არის ჩამოშორებული. თუ მას დაუდასტურდება ის სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მაშინ მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლება არ არის მისი დასჯის ადეკვატური ღონისძიება.

რაც შეეხება სამეგრელოს გუბერნატორის, ზაზა გოროზიას მესტიაში სტუმრობას, მას რეკომენდაცია აქვს მიცემული, გავიდეს შვებულებაში და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონიძიებებს ჩამოშორდეს. ერთი მხრივ, ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს სწრაფი რეაგირება გამოძიების დასრულებამდე. თუმცა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეაგირება არ იყოს მოკლევადიანი და მხოლოდ არჩევნების წინაპერიოდში არ ხორციელდებოდეს. მეორე მხრივ, ეს ფაქტები უნდა გახმაურდეს და  არ იყოს ცნობილი მხოლოდ და მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის. რეაგირებები ასეთი მოხელეების მიმართ უნდა გახდეს საჯარო, რომ სხვა ადამიანებს ჰქონდეთ პრეცედენტი და შიში, რომ მომამვლში პრობლემები მათაც შეექმნებათ.  

- როგორ რეაგირებთ დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე? მაგალითად, „ფორუმი“  ამტკიცებს, რომ საბურთალოს რაიონში ამომრჩეველთა რაოდენობა 25% გაიზარდა, „რესპუბლიკელები“ ამტკიცებენ, რომ საარჩევნო სიიდან ამოღებული 12 000 ამომრჩეველი ისევ სიაშია შეყვანილი; უგულავასა და დეპუტატ გიორგი მელაძის მონაწილეობით, ბაზალეთის ტბის კომპლექსზე მოეწყო თბილისის კორპუსის თავმჯდომარეების სემინარი, რომელზეც  კორპუსების 6 000 თავმჯდომარეს არჩევნებზე ხელისუფლების სასარგებლოდ კონკრეტული დავალებები მიეცათ...  და კიდევ ერთი, პარტიებმა სიების საზუსტებაზე კი იმუშავეს, მაგრამ როგორ მიმდინარეობს საერთო სიებში აღმოჩენილი დარღვევების შესწორების პროცესი?

- რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებას. აქ გვაქვს რამდენიმე ტიპის რეაგირება, ერთი, როგორც გითხარით, არის ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც რესურსია და კითხვადია არა მარტო ქართული ამომრჩევლისთვის, არამედ ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, ვინც დღეს საქართველოში არჩევნებს აკვირდება. მეორეა ცესკო-სთან და უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან აქტიურად მუშაობა. უწყებეთაშორისი სამუშაო ჯგუფი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც კი წინასარჩევნო პერიოდში შეიქმნა და, რომელსაც ყველაზე ეფექტურად შეუძლია მოქმედება და დარღვებებზე რეაგირება.

რაც შეეხება სიების გადამოწმებას, დადებითი ფაქტია რომ პოლიტიკურ პარტიებსაც მიეცათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაბმულიყვნენ ამ პროცესში. ასეულ ათასობით მისამართი დაზუსტდა და ცვლილება განხორციელება. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ტიპის სიების მონიტორინგი არ უნდა იწყებოდეს ორი, სამი თვით ადრე და წინასაარჩევნო პერიოდში. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ერთიანი თავსებადი ბადის შექმნა, რომელზეც ახლა არის მუშაობა დაწყებული. რაც შეეხება იმ დაზუსტებებს, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა გააკეთეს, ამ შემთხვევაში მე ვეთანხმები „რესპუბლიკელების“ განცხადებას 12 ათას ამომრჩეველთან დაკავშირებით. თუ უკვე სიიდან მოხსნილი 12 ათასი ამომრჩეველი, ისევ დარეგისტრირდება,  მათ შეუძლიათ, ფაქტობრივად, იმავე ოლქში არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რომელშიც ადრე იყვნენ რეგისტრირებული და იქ მართლა არ ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, შედეგი მაინც არის მიღწეული, მაგრამ არჩევნების შემდეგაც სიების თემა კვლავ აქტუალური უნდა გახდეს და სიების დაზუსტება მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა ხდებოდეს.

- რა ფორმით თანამშრომლობს თქვენი ორგანიზაცია  უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან, რომელსაც თქვენივე შეფასებით, ყველაზე ეფექტური და სწრაფი რეაგირება შეუძლია?

- თანამშრომლობასთან დაკავშირებით ამ არჩევნებს გამოვყოფდი წინა არჩევნებისგან. ამ არჩევნებზე თანამშრომლობის უფრო დიდი მასშტაბები შეიმჩნევა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის. ჩვენი პირველი ანგარიშის პასუხად, ორი გამოხმაურება მივიღეთ. ერთი თავად ქალაქის მერის, გიგი უგულავასგან, ხოლო მეორე -  უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისგან. საინტერესოა, რომ პასუხები ორივე შემთხვევაში ინგლისურ ენაზე იყო შედგენილი. ეს დამაფიქრებელი ფაქტია. შეიძლება, ვივარაუდოთ - ორივე წერილის ინგლისურ ენაზე შედგენა მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად აინტერესებს,  რას იტყვის არჩევნებზე საერთაშორისო თანამეგობრობა და არა - ქართველი ამომრჩეველი.

სხვა მხრივ, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაციის პრობლემა არა გვაქვს, მათ ელექტრონული ფოსტით რეგულარულად ვუკავშირდებით. მათ შემოგვთავაზეს, მიიღონ ჩვენგან დარღვევებთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებზეც ისინი კონკრეტულ უწყებებს მოთხოვენ რეაგირებასა და პასუხს. თანამშრომლობა რეალურად არის და მომავალშიც გვექნება, მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას - მთავარია, ეს თანამშრომლობა იქნება თუ არა გრძელვადიანი და რეაგირება არ იყოს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, მთავარია, საარჩევნო კანონის დამრღვევები სათანადოდ და რეალურად დაისაჯონ. საქართველოს რეალობაში არც ერთი ფაქტი არ ყოფილა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კანონის დარღვევისთვის დამრღვევი ადეკვატურად დასჯილიყო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნებზე ასეთი პრეცედენტები შეიქმნება.

ახალი ამბები