კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კომისიებში „ნაციონალები“ აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან

14 მაისი, 2010
შორენა ღლონტი, გურია

30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, შესაძლოა, ხელისუფლებას გაურიგდა. ამ ეჭვის საბაბს ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილი #60 საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა იძლევა. თუმცა, არც ის ოპოზიციური პარტიები გამოირჩევიან დიდი აქტიურობით, ვისი კვოტებიც „ნაციონალებით“ არ არის დაკომპლექტებული.

ოზურგეთელი ლეიბორისტი დავით მამალაძე ირწმუნება, რომ 30 მაისს დანიშნული არჩევნები აუცილებლად გაყალბდება. მისი თქმით, ზუსტად ამ მოტივით არ მიიღო მისმა პარტიამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას თავისი პარტიის წევრებით იმით ხსნის, რომ მომავალი არჩევნებისთვის ისინი კვალიფიკაციას აიმაღლებენ.

„პარტია წევრებს ამზადებს მომავალი არჩევნებისთვის“, - გვითხრა მამალაძემ, რომელიც ამავე დროს ირწმუნება, რომ „მრეწველებმა“ და „ჩვენ თვითონ“ საარჩევნო კომისიებში თავიანთი კვოტები მმართველ პარტიას დაუთმეს.

„მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ გურიის მუნიციპალიტეტებში რაიონული თავმჯდომარეები არ ჰყავთ და წევრებს ნაცნობ-მეგობრების საშუალებით ნიშნავენ.

ჩვენს კითხვაზე, რატომ არის გურიის მუნიციპალიტეტების საარჩევნო კომისიებში „მრეწველების“ ქვოტით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, გვპასუხობს, რომ მან სხვების რეკომენდაციით დააკომპლექტა, როგორც საუბნო, ისევე საარჩევნო კომისიები და არ არის გამორიცხული, ვინმე ისეთი გამოჩნდეს, ვინც მიუღებელია საზოგადოებისთვის და „ნაციონალად“ მოიაზრება.

„თქვენ მე მითხარით და პრობლემა არ არის მაგასთან დაკავშირებით. მე გავარკვევ ყველაფერს, ვისი რეკომენდაციით არიან წარდგენილნი. 3700 კაცს ნამდვილად არ ვიცნობ და სათითაოდ მათ ბიოგრაფიას ვერ გავარკვევ“, - გვითხრა ტყემალაძემ.
 
„დამირეკეთ ხვალ დილით, ან მოგვიანებით, გამოვკითხავ იმ პიროვნებას, რომელიც რეგიონებს ხელმძღვანელობს“, - გვიპასუხა „მრეწველების“ ლიდერმა, როდესაც ვაცნობეთ, რომ #60 ოზურგეთის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მისი პარტიის სახელით წარდგენილი წევრების უმეტესობა „ნაციონალების“ მხარდამჭერია.

ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ ვინ წარმოადგენს პარტიას „ჩვენ თვითონ“ გურიაში. როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები  არაოფიციალურ გვეუბნებიან, თავადაც ცდილობენ გაარკვიონ მათი ვინაობა.

26 აპრილს გამართულ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებზე „ქრისტიან დემოკრატებისა“ და „მრწეველების“ 17-17, „რესპუბლიკელების“ - 6, „კონსერვატორებისა“ და „ჩვენ თვითონ“-ის 3-3 მდივანი აირჩიეს.

დღეს კი მათი შემადგენლობა ასე გამოიყურება: „ქრისტიან დემოკრატებს“ - 19 მდივანი ჰყავთ, ისევე როგორც პარტიას „ჩვენ თვითონ“, მათ მოსდევს „მრეწველები“ (17 მდივანი), „რესპუბლიკელები“ და „კონსერვატორები“ კი, შესაბამისად, 4 და 3 მდივნით არიან წარმოდგენილი.

როგორც „რესპუბლიკელი“ მარინე სუნგულია ამბობს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და მდივნების უმრავლესობა სახელისუფლებო გუნდის წევრები და მათი აქტიური მხარდამჭერებია. ამის თქმის საბაბს კი მათი ვინაობა აძლევს.

„მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების მოსაგებად რეალურად მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტია იბრძოლებს - „ალიანსი საქართველოსთვის“ და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, - გვითხრა მარინე სუნგულიამ.

ოპოზიცია ასევე შიშობს, რომ ხელისუფლება კომისიების ოპოზიციური წევრების მოსყიდვას შეეცდება. საუბნო საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს არჩევნების დღეს ლოიალურობის გამოჩენას შესთავაზებენ და ამ ლოიალურობისთვის გარკვეული თანხის გადახდას დაჰპირდებიან. ამ მხრივ, ოპოზიციის მტკიცებით, გარკვეული „გამოცდილება“ უკვე არსებობს - 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე ე.წ. „სტავკა“ 200 ამერიკული დოლარიდან 200 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

ახალი ამბები