კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო ქართლი წინასაარჩევნოდ - დასერილი საარჩევნო ბანერები, სწრაფად ცვლადი ოპოზიციური განწყობები...

17 მაისი, 2010
                მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავის მე-7 მიკრორაიონში დამონტაჟებული საარჩევნო ბანერები ქრისტიან-დემოკრატებს მეორე დღეს ჩამოყრილი და დასერილი დახვდათ. „ბანერები, რომელზეც გამოსახული იყო ამ ოლქში ჩვენი მაჟორიტარი, გიორგი მელიქიძე, დილით უკვე ჩამოყრილი და დასერილი იყო. ეს არაცივილური ბრძოლაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ქალაქში ჩვენი რეიტინგი დაეცემა, ძალიან ცდება“, - ამბობს „ქრისტიან-დემოკრატების“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ალეკო ახვლედიანი.
     
„ქრისტიან-დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც საკუთარი სახსრებით შეძენილი ბანერი გაუფუჭეს, ჩივის, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

„იგივე მოხდა მე-8 მიკრორაიონში. იქ უშუალოდ ველაპარაკეთ იმ ადამიანს, ვინც ეს გააკეთა და გვითხრა, რომ ამას „ნაციონალების“ სასარგებლოდ აკეთებდა. ვთხოვეთ, ბანერი მაინც დაებრუნებინა, მაგრამ მოგვიგო - უკვე დავხიეთო“.

განსხვავებული პრობლემები აქვთ „ნოღაიდელის პარტიის“ ქვემო ქართლის წევრებს. „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ქვემო ქართლში ნუკრი შათირიშვილი ბოლნისში მათ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლაზე საუბრობს.

„ბოლნისის გამგებლის მოადგილე, რამინ ასადოვი ახორციელებს ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლას. მისი პირდაპირი მუქარის შედეგად ჩვენმა კანდიდატმა, ბაირამ თანირვერდიევმა საკრებულოს წევრობაზე ბოლო დღეს უარი გვითხრა. ის ბოლნისის რაიონში აკაურთას საკრებულოში იყო ჩვენი კანდიდატი. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ყოფილი პროკურორის, ბოლნისის ახლანდელი გამგებლის პირდაპირი დავალებით ხდება. ასეთივე მუქარა განხორციელდა ბოლნისში ჩვენს კიდევ ერთ წარმომადგენელზე - შაქრო ფრუიძეზე. ახლახან გამოვიდა მისი შვილი ციხიდან და უთხრეს - უკან შევაბრუნებთო“, - საუბრობს შათირიშვილი.

„რესპუბლიკელების“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ლომიძე საზოგადოებას სთხოვს, ყურადღება გაამახვილოს ამომრჩეველთა რაოდენობაზე.  

ლომიძე აღნიშნავს, რომ რუსთავში საოლქო-საარჩევნო კომისიის აპრილის მაჩვენებლებით, ამომრჩევლების რაოდენობა 98 786 იყო. ერთ თვეში კი რაოდენობა 105 990-მდე გაიზარდა. „ამომრჩეველთა რაოდენობა შვიდი ათასამდეა გაზრდილი. ეს რა ლოგიკაში ჯდება?!“

#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი სოსო შველიძე ამ ფაქტს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სიაში დატოვებით ხსნის. „თავიდან იყო საუბარი, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები სიიდან უნდა ამოგვეღო, მიუხედავად იმისა, რომ აქ იყვნენ რეგისტრირებულნი. საბოლოოდ ცესკომ მიიღო, ჩემი აზრით, სამართლიანი გადაწყვეტილება და ისინი დატოვა სიაში. ამის შედეგად მივიღეთ ასეთი რაოდენობის ამომრჩეველი“, – ამბობს შველიძე.

ცესკოს მონაცემებით, 12 მაისის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 37.000 ამომრჩეველი იმყოფება საზღვარგარეთ. თუ ჩავთვლით, რომ რუსთავში ამომრჩეველთა სია ასეთი კატეგორიის ხალხმა გაზარდა, გამოდის რომ 37 000 უცხოეთში გასული მოქალაქიდან 7204 რუსთაველია.

არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა პარტიები წინსასაარჩევნო დარღვევებზე ხშირად საუბრობენ. მათგან განსხვავებით, არაფერს ამბობს პარტია „ჩვენ თვითონ“. მეტიც, ეს პარტია, მიუხედავად თავისი ნაკლებად ხმაურიანი მუშაობისა, თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავში 14 მდივნით წარსდგება.

„აბსურდია საუბარი, რომ მდივნების თაობაზე ჩვენ „ნაციონალებს“ გავურიგდით და მათ სასრგებლოდ ვმოქმედებთ. თუმცა, ჩვენ არა ვართ რადიკალურად განწყობილი ხალხი. აბსოლუტურად ყველასთან - ოპოზიციასთანაც და სახელისუფლებო პარტიასთანაც ნორმალური ურთიერთობა გვაქვს“, – ამბობს პარტიის „ჩვენ თვითონ“ ქვემო ქართლის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ყალიჩავა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს რეგიონში ხელისუფლების მუშაობას, ყალიჩავა გვპასუხობს:  „შეიძლება იყოს რაღაც მინუსები, მაგრამ ყველაფერი შესრულებადი და გამოსწორებადია. ჩვენი მიზანია მოვხვდეთ მთავრობაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქმის კეთებაში“.

ახალი ამბები