კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების გაყალბების ყველაზე გავრცელებული მეთოდები საქართველოში

18 მაისი, 2010
ნინი თოფურიძე

არჩევნების გაყალბების რა ფორმებია პოპულარული საქართველოში და შესაძლებელია, თუ არა 30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება ისე, რომ შედეგებმა ობიექტურად აჩვენოს ხალხის არჩევნები? მსგავსი კითხვები სულ უფრო აქტუალურია წინასაარჩევნო პროცესში ჩაბმული პოლიტიკური პარტიებისათვის. humanrights.ge ესაუბრება „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარეს, კოტე კანდელაკს, რომელიც რამდენიმე წელია, აკვირდება და სწავლობს ქართული არჩევნების სპეციფიკას.

–    ბატონო კოტე, არჩევნების გაყალბების რა ფორმებია ყველაზე „პოპულარული“ საქართველოში?

-    გაყალბების ტრადიცული ფორმაა ე. წ. კარუსელები, რომლის აღმოჩენა დამკვირვებლისათვის ძალიან რთულია. „კარუსელის“ დროს სხვა მისამართზე მცხოვრები პიროვნება სხვა უბანზე აძლევს ხმას. ამისთვის ხშირად პასპორტებსაც იყენებენ, რადგან პასპორტში არაა მითითებული საცხოვრებელი მისამართი. უმეტესწილად, საარჩევნო უბანზე მომუშავე რეგისტრატორები შეკრულები არიან „კარუსელში“ მონაწილე ამომრჩევლებთან.  

არსებობს კარუსელის კიდევ ერთი სახეობა - „სომხური კარუსელი“, როცა დამკვირვებელი  წინდაწინვე შემოხაზულ ბიულეტენს აძლევს ამომრჩეველს და მის სანაცვლოდ სუფთა ბიულეტენს უკან აბრუნებს. ამომრჩეველი, წინდაწინ შემოხაზულ ბიულეტენს აგდებს ყუთში. ამ დროს გაყალბების გამოვლენა თითქმის წარმოუდგენელია, თუ თავად ფაქტის მონაწილე არ იტყვის, არჩევნები გავაყალბეო.

–    როგორ ხდება საერთშორისო დამკვირვებლებისთვი თვალის ახვევა?

–    საერთშორისო დამკვირვებელი არჩევნების პროცესში ისე არ ერევა, როგორც ქართველი დამკვირვებელი. ის შორიდან უყურებს პროცედურას და აკვირდება, როგორაა დაცული ხმის მიცემის პროცესი.  მთავარი პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ცოტა ხნით მიდიან უბანზე და იქ მთელი დღის მანძილზე არ რჩებიან.  ხშირია ისეთი ფაქტებიც, როცა უბანზე ოპოზიცია და სახელისუფლებო პარტიები ერთმანეთს ურიგდებიან და ერთხმად, თანაბრად აყალბებენ არჩევნებს. მაგალითისთვის, ხშირია ასეთი დიალოგები: „იცი რა, მე ჩემ საქმეს გავაკეთებ და თქვენც მოგიმატებთ ხმებს“, - ამით ამ „სხვა“ პარტიის წარმომადგენელს ავტორიტეტი ეწევა, და მერე შეუძლია, საკუთარ პიარზე იმუშაოს – აი, ჩვენ ამ უბანზე რამდენი ხმა ავიღეთო. ამიტომ, შეიძლება, კომისაში ცამეტივე ადამიანი ერთ აზრზე იყოს და ერთად მონაწილეობდნენ გაყალბებაშუ. შესაბამისად, საერთაშორისო დამკვირვებელს დარღვევაზე არავინ არაფერს ეტყვის.

–    ასეთ შემთხვევაში, დამკვირვებელი რამ უნდა დააეჭვოს?

–    ეჭვის მიტანა მაინც არც ისე ძნელია. ამისათვის უნდა დაიცვა ოქმის შევსების ნორმა. ასევე 12:00 საათზე და 17:00 საათზე თუ დააფიქსირებ მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას და მერე ნახავ, რომ ძალიან არის გაზრდილი ამომრჩეველთა აქტივობა, გაყალბება მაინც ადვილი შესამჩნევი იქნება. ისევ მაგალითი რომ მოვიხმოთ:  17:00–20:00 საათამდე  მთელი დღის ტოლფასი ამომრჩეველი ვერ მოვა. პრევენციის მიზნით, უნდა დაითვალო, ყველა რეგისტრატორთან რამდენმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია. თუ გაყალბება ხდება და ხელოვნურად ცდილობენ ხმის მიმცემთა სიის გაზრდას,  გამყალბებელი ვერ მოასწრებს ხელმოწერების დასმას ოქმში. ყუთის დალუქვის შემდგომ, კონვერტთა რაოდენობა უნდა დაემთხვას, მოსულ  ამომრჩეველთა რაოდენობას.

–    ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, რომ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კომისებში საკუთარი ადგილებს ყიდიან. თუ გაქვთ რაიმე უფრო ზუსტი ინფორმაცია?

–    ყველა პარტიამ უნდა თქვას, ვინ სად დანიშნა, სახელებით და გვარებით! 3615 საარჩევნო უბანია, ყველა პარტიას ამდენი წევრი რომ ყავდეს, მას 7 %-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. რეალურად საქართველოში პარტიებს ამ რაოდენობის ხალხი არც ჰყავთ! ამიტომ, რეგიონებში საუბნო საარჩევნო კომისიებში ნაცნობობით, რეკომენდაციით ნიშნავენ ისეთებს, რომლებსაც პრაქტიკულად, არ იცნობენ. მერე ეს ადამიანები ადგილებზე თვითონვე შედიან ამ პარტიების სახელით გარიგებაში. შეიძლება ვიღაცა ამაში ფინანსურ მოგებას ხედავს. ადრე, იყო ასეთი შემთხვევა - პარტიამ არ იცოდა, ვინ ყავდა დამკვირვებლად თბილისის გარეთ თითქმის არც ერთ უბანზე.  ხშირად ხდება, რომ დამკვირვებლები შეკრულები არიან კომისიის წევრებთან, თვით არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი შედიან გარიგებაში.

–    როგორ უნდა მოიქცნენ დამკვირვებლები და აღკვეთონ გაყალბება?

–    უპირველეს ყოვლისა, უნდა დითვალონ მოსული ამომრჩვლების რაოდენობა, ანუ უნდა აწარმოონ პირადი აღრიცხვა. თუ აწარმოებ აღრიცხვას და იცი, რამდენი ადამიანია მისული, მაქსიმუმ, გამოგეპაროს 20–30  ადამიანი.  ყუთი როცა გაიხსნება და ნახავ, რომ  დაანგარიშებულზე ბევრად მეტი, თითქმის 100–ით მეტი ამომრჩვეველია დაფიქსირებული უბანზე, ბუნებრივია, მიხვდები, რომ ბიულეტინები „ჩაყრილია“.  რაც მთავარია, მიუკერძოებულმა დამკვირვებელმა ერთი წუთითაც არ უდნა დატოვოს უბანი.

 გაყალბების მექანიზმები იგივეა, რაც გასულ წლებში იყო, მაგრამ  ახლა გაყალბება უხეში ხერხით აღარ ხდება. თუ კონკურენცია გაიზრდება პარტიებს შორის, ერთ უბანზე თუ რამდენიმე კანდიდატი იბრძოლებს, მაშინ, გაყალბების ისეთი დიდი მასშტაბები აღარ იარსებებს. კონკურენციისპირობებში პარტიები ძალიან აკონტროლებენ უბნებს. ეს მეტ შანსს იძლევა, რომ არჩევნებმა სამართლიანად ჩაიროს. კარგი იქნებოდა, ტელეკამერების არსებობა საარჩევნო უბნებზე, როგორც პრევენციის ერთ–ერთი ფორმა, მაგრამ იქ, კაბინაში, ვერავინ შეყვება ამომრჩველს.  

–    რამე ახალს და განსაკუთრებულს  ხომ არ უნდა ველოდოთ ამ არჩევნებზე?

–    არ ვიცი, წელს რას შემოგვთავზებენ. პრობლემას ქმნიან ის კადრებიც, რომლებიც დასპეცებულები არიან გაყალბებში. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისინი შეიცვალნენ, მაგრამ მერე ძალიან გაუჭირდათ და დააბრუნეს. კომისიის თავმჯდომარეებად წლებია, ერთი და იგივე ადამინები მუშაობენ - გაყალბების დიდოსტატები.

აქვე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გთავაზობთ არჩევნებზე შესაძლო დარღვევათა სახეებს, რომელთა სია კოტე კანდელაკმა მოგვაწოდა:

1.    ამომრჩეველთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, კონკრეტული პარტიის ან კანდიდატურის სასარგებლოდ (ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან მატერიალური ზეწოლა).
2.     საარჩევნო უბნების ადრე გაღება და გვიან დახურვა.
3.    საარჩევნო უბნების, დროებით, განზრახ დახურვა, როცა არ არსებობს ამის საჭიროება.
4.    საარჩევნო პროცედურის წესის თვითნებური შეცვლა კომისიის მიერ.
5.    არჩევნების ადმინისტრირებაში იმ პირების მონაწილეობა, რომელთაც ამის უფლება არა აქვთ.
6.    კენჭისყრის ფარულობის დარღვევა.
7.    ამომრჩევლისათვის დახმარების აღმოჩენა იმ პირების მხრიდან, რომელთაც ამის უფლება არა აქვს.  
8.    აგიტაციის წარმოება ან  სააგიტაციო საქმიანობის გატარება საარჩევნო უბანზე, ასევე - სააგიტაციო პლაკატების არსებობა უბანზე.
9.    დამკვირვებლების უბანზე არშეშვება. უბნიდან გაძევების მიზნით მათი ჩათრევა კამათში, ცრუ სატელეფონო ზარებით დამკვირვებელთა ყურადღების გადატანა.
10.    ბიულეტენების გაცემა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ან ხელმოწერის გარეშე.
11.    ერთი ამომრჩევლისათვის, ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენის მიცემა.
12.    რომელიმე პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ, დამატებითი ბიულეტენების ჩაყრა.
13.    ერთი ამომრჩევლის მიერ ერთზე მეტ უბანში ხმის მიცემა (კარუსელი).
14.    ხმების დათვლის პროცედურის გაჭიანურება ან შეფერხება.
15.    საარჩევნო ყუთების განადგურება ან მოპარვა.
16.    ხმის დათვილის პროცედურაში იმ ადამიანების მონაწილეობა, რომლებიც კომისიის წევრები არ არიან.
17.    არასასურველი პარტიის სასარგებლოდ შევსებული ბიულეტენის გაფუჭება.
18.    შემთხვევით შერჩეული  ბიულეტენის შეცვლა სასურველი პარტიის სასრგებლოდ შევსებული ბიულეტენებით.
19.    დათვლის დროს, ყუთიდან გადმოყრილი ბიულეტენებისთვის სასურველი პარტიის სასარგებლოდ შევსებული ბიულეტენების შერევა.
20.    ხმის მიცემის შედეგების შეცვლა, როდესაც ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ოქმში შეაქვთ,  როგორც მეორე პარტიის მიერ მიღებული ხმები, ხოლო მეორეს მიღებული ხმების რაოდენობას პირველს მიაწერენ.
21.     კომისიის წევრების ან ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სიაში ყალბი ხელმოწერების  გაკეთება, ამომრჩეველთა რაოდენობის როცხვის გასაზრდელად.
22.    თავდაპირველად გადასატანი საარჩევნო ყუთიდან გადმოყრილი კონვერტების დათვლა ან მათი შერევა ძირირად საარჩევნო ყუთიდან გადმოყრილ ბიულეტენებთან, როცა ამის საფუძველი არ არსებობს.
23.    ამორჩევლებისათვის ხელის შეშლა, საჩივრის წიგნში შეიტანონ ინფორმაცია დარღვევების შესახებ.
24.     წილისყრის პროცედურის დარღვევა - წილისყრაზე იმ ადამინების ყოფნით ან არ ყოფნით, რომელთაც ამის უფლება აქვთ.
25.    წლისყრის შემდგომი პროცედურების დარღვევა (დალუქვის პროცედურის შეუმოწმებლობა).
26.     მარკირების და მისი შემოწმების პროცედურების დარღვევა (განზრახ არშემოწმება, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება).
27.    ბიულეტენზე ხელის არმოწერა, ან სპეციალური ბეჭდით დაუმოწმებლობა.
28.    საარჩევნო ყუთის დაულუქაობა, როცა კენჭისყრა დასრულებულია.
29.    კენჭისყრის ჩატარებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის  გადაადგილების საფრთხის შექმნის საბაბით, პოლიციის თანამშრომელთა გამოძახება უბანზე.
30.    მეთვალყურეთა არდაშვება ხმის დათვლისა და ყველა საჭირო პროცედურაზე. 

ახალი ამბები