კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუჩინარება ეთნიკური ნიშნით

19 მაისი, 2010
ჟურნალისტური გამოძიება
თეა თოფურია

ბოლო წლებში ეთნიკურად ოსი პირების გაუჩინარების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა (ხათუნა ჩარაევა, ლავრენტი კაზიევი, იბრაგიმ ლალიევი, ვლადიმერ ელოევი). ახლობლებმა დაკარგულები, საბოლოოდ, ქართულ ციხეებში იპოვეს. მოგვიანებით სამართალდამცავებმა პატიმრები გაათავისუფლეს და ცხინვალის მხარეს გადასცეს. მათი საქმეების შესწავლის შედეგად, ჩნდება ეჭვი, რომ ქართული პოლიცია საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე  მცხოვრებ  ოსებს აპატიმრებს, მათი შპიონაჟში ჩართვის ან ტყვეებში გადაცვლის მიზნით.

ხათუნა ჩარაევა ახალგორში, ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. თავს მეურნეობით ირჩენს. მეზობლები და ნათესავები კარგად ახასიათებენ. რამე კანონდარღვევით საქმიანობაში შემჩნეული არასოდეს ყოფილა. პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში. ერთ-ერთი მისი ჩამოსვლა პატიმრობით დამთავრდა. 18 დეკემბერს პოლიციამ ის დიდუბის ავტოსადგურში აიყვანა.

საახალწლო საჩუქარი პოლიციისგან

ხათუნა ჩარაევას ბრალად ყალბი ფულის გასაღების მცდელობა წარედგინა (212-ე მუხლის პირველი ნაწილი და 19,212 მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი). ამის შესახებ ახლობლებმა მხოლოდ მეორე დღეს შეიტყვეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კარგა ხანს უშედეგოდ ცდილობდა, დაკავებული დაეცვა. პატიმარს ხელისუფლებამ თავიდანვე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ასოციაციას საქმეში ჩართვის საშუალება მხოლოდ მოგვიანებით მისცეს. თუმცა, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საზოგადოებასთან საქმის დეტალებზე მაინც ვერ საუბრობს, რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადო. შესაბამისად, საქმის მასალებზე ხელი არც ჟურნალისტებს მიუწვდებათ და არც ჩარაევას ახლობლებს.

მერაბ ჩარაევი, ხათუნა ჩარაევას მაზლი: „18 დეკემბერს, საახალწლოდ ნიგოზი ჩამოიტანეს გასაყიდად. ოთხნი დააკავეს: ხათუნა, მისი ბიჭი, ხათუნას მძახალი და მისი შვილი. ჩვენ 19-ში გავიგეთ ეს ამბავი. თავად ჩვენ არავინ დაგვკავშირებია, ხათუნას მძახალს დაუკავშირდნენ (გორის რაიონი, სოფელი სობისი). სამი დღის მერე ხათუნას გარდა ყველა გამოუშვეს. საქმეს გრიფი დაადეს. პროკურატურაში დაწერილი მქონდა განცხადება, რომ ეთქვათ, რატომ არის გასაიდუმლოებული და დღემდე პასუხი არ მიმიღია. ვითომ ჩანთაში უპოვეს 30 000 დოლარი. ხათუნას 30 000 დოლარი თვალითაც არ უნახავს“.

საქართველოს კანონმდებლობით, პიროვნების დაკავების შესახებ ინფორმაცია მის ახლობელებს ხუთი საათის განმავლობაში უნდა მიეწოდოს. ამასთან, დაპატიმრებულს აქვს ერთხელ დარეკვის უფლება, რათა ოჯახის წევრებს გაესაუბროს. ჩარაევას შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ახლობლებისთვის ადამიანი უბრალოდ გაქრა. მხოლოდ, ერთი დღის შემდეგ შეიტყვეს, რომ ის დაკავებული იყო.

თუ რა მოხდა დაპატიმრების პირველ დღეებში,  ამის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არავის აქვს, მათ შორის არც ადვოკატებსა.

გრიფი „საიდუმლო“

ჩარაევას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსი ეროვნების მოქალაქე რეალურად პოლიტიკური მიზეზით იყო დაკავებული. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს ნინო ხაინდრავას ეს ეჭვი საქმის მაქსიმალურად გასაიდუმლოების გამო გაუჩნდა. ხაინდრავა საქმის მასალებს თვის განმავლობაში ითხოვდა. ჩარაევას შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდათ მის ახლობლებსაც და ისინი თავდაპირველად ეჭვობდნენ კიდეც, რომ ჩარაევა ცოცხალი აღარ იყო. მოგვიანებით ის სასამართლო სხდომაზე გამოჩნდა, თუმცა, სხდომებზე ჟურნალისტები და ნათესავები არ დაუშვეს. გრიფის გამო მედიასთან საქმის დეტალების შესახებ ვერც ადვოკატები საუბრობდნენ.

ჟურნალისტებში გაჩნდა ეჭვი, რომ გრიფი საქმეზე მის მისაჩქმალად იყო დადებული და არა იმის გამო, რომ მართლაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. თუმცა, თავად გრიფის დადებისა და ახსნის პროცედურა მედიას სიმართლის გარკვევის შესაძლებლობას არ უტოვებს.  ამის უფლება ამ შემთხვევაში მხოლოდ თავად ხათუნა ჩარაევას ჰქონდა, მაგრამ მან მოგვიანებით აღიარებითი ჩვენება მისცა.

გაგი მოსიაშვილი, ხათუნა ჩარაევას ადვოკატი: „ჩარაევა წარდგენილ ბრალდებას არ აღაიარებდა, თუმცა, მოგვიანებით, როცა საპროცესო შეთანხმებაზე მიდგა საქმე, მაინც აღიარა“.
 
საპროცესო შეთანხმების შედეგად, 29 მარტს ჩარაევა სასამართლო სხდომიდან პირობითი სასჯელით (6 წლით გამოსაცდელი ვადა) გაათავისუფლეს.

საყურადღებოა, რომ, როგორც წესი, საპროცესო შეთანხმების საფუძველი ან ფულადი თანხის გადახდა ხდება ან სხვა უფრო სერიოზული დამნაშავის დასახელება. როგორც ადვოკატი ამბობს, ჩარაევას არც არაფერი გადაუხდია და არც არავინ დაუსახელებია. სახელმწიფომ მისი აღიარება გათავისუფლებისთვის საკმარის პირობად მიიჩნია.

„თავისუფლება არაფრის სანაცვლოდ“ - ქართულ სინამდვილეში ამგვარი რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. აღიარებით გათავისუფლება სახელმწიფოსთვის გარანტიაა, რომ გათავისუფებული პირი მას აღარ უჩივლებს. შეკითხვაზე, რამდენად საჭირო იყო საქმეზე გრიფის დადება, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მას ამაზე პასუხის გაცემის უფლება არა აქვს.

კიდევ ერთხელ დაკარგული

მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სანდოძემ ჩარაევა დარბაზიდან გაათავისუფლა, კიდევ ერთი უცნაური ამბავი მოხდა. ჩარაევა მეორედ „გააქრეს“. ბადრაგმა ის დარბაზის შიდა კარიდან გაიყვანა. ადვოკატი, ახლობლები და ჟურნალისტები ყოფილ პატიმარს დერეფანში ელოდნენ. შემდეგ ძებნა დაუწყეს. მხოლოდ ორი საათის შემდეგ გაირკვა, რომ ხათუნა ჩარაევა სასამართლოს შენობაში კი არა, უკვე ცხინვალში იყო. ის ოსურ მხარეს გადასცეს.

ეკა ქობესაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: „თუ პატიმარი დარბაზიდან თავისუფლდება, მას ბორკილები უნდა მოხსნან და შემოსასვლელი კარიდან გარეთ გაუშვან. ამისთვის თავად მოსამართლეს უნდა მიედევნებინა თვალყური. თუ გათავისფლებული ადამიანი დაცვას შიდა კარიდან გაჰყავს, ეს უკვე დარღვევაა და შეიძლება მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილიც ადასტურებს, რომ ჩარაევა ფაქტობრივად დარბაზიდან არ გათავისუფლებულა: „რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემთვისაც გაუგებარი იყო, სად იმყოფებოდა. შემდეგ მისი ნათესავებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის საზღვარზე გადაიყვანეს და დეფაქტო ხელისუფლებას გადასცეს“.

ამჟამად ჩარაევა თავის სახლშია. თუ რა სტატუსით და რატომ გადასცეს თავისუფალი ადამიანი ცხინვალის მხარეს, ამ კითხვებით ადამიანის უფლებათა ცენტრმა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსს ვლადიმერ ჯუღელს მიმართა:

ჟურნალისტი: რა სტატუსით მოხდა ჩარაევას გადაცემა?

ვლადიმერ ჯუღელი: ნამდვილად არაფერი ვიცი. მე სამინისტრომ გადმომიგზავნა და გადავეცი. რაღაც მოლაპარაკება ყოფილა ჟენევაში და იმის საფუძველზე. რა მოლაპარაკება იყო ნამდვილად არ ვიცი. მე ჩამომიყვანეს და ოთხი კაცი გადავეცი ოსურ მხარეს, ჩვენს მიერ ადრე დაკავებული ოსები.

ჟურნალისტი: რომელმა სამინისტრომ?

ვლადიმერ ჯუღელი: ჩვენმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ჟურნალისტი: კონკრეტულად ვინ დაგირეკათ?

ვლადიმერ ჯუღელი: შოთა უტიაშვილმა.

ჟურნალისტი: ისინი ვინ იყვნენ, ვინც ჩარაევასთან ერთად გადაეცით?

ვლადიმერ ჯუღელი: დანარჩენები ვინ იყვნენ, რა მახსოვს?! დღეში ხუთ კაცს ვიჭერ. ვინც იცის, იმას მიმართეთ. მე არც ციხეს ვეკუთვნი და არც პროკურატურას, მე შიდა ქართლის სამხარეოში ვარ, ის კიდევ თბილისში ჰყავდათ დაკავებული. როგორ ჰყავდათ, რატომ ჰყავდათ, საერთოდ არ ვიცი.

ჟურნალისტი: თქვენ გადაეცით როგორც ტყვეები თუ როგორ?

ვლადიმერ ჯუღელი: არა, ჩვეულებრივად გადავეცი თავიანთი მოქალაქეები. ჩვენი ყოფილი ტყვეები.  

აღსანიშნავია, რომ  საქართველო მიერთებულია ჟენევის 1950 წლის კონვენციას ტყვეების მოპყრობის შეახებ. კონვენციის  თანახმად, არასაომარ ვითარებაში ადამიანის  ტყვედ აყვანა დანაშაულია. ხელისუფლება დღემდე აცხადებს, რომ  საქართველოში ტყვეები არ არსებობენ, მხოლოდ პატიმრები. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი უაყოფს, რომ ცხინვალის მხარისთვის ყოფილი პატიმრების გადაცემის რეალური მიზეზი ტყვეთა გაცვლა იყო.
რადიო ,,თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მკვლელებს მშვიდობიან მოქალაქეებში არ გაცვლიან.

ასევე, გაუგებარია, რა იგულისხმება ტერმინში - „თავიანთი მოქალაქეები“. საქართველო ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას არ ცნობს და ჩარაევაც დღემდე საქართველოს მოქალაქეა. მით უფრო გაუგებარია, რატომ დაევალა სამხარეო პოლიციას უკვე თავისუფალი ადამიანი „ცხინვალისთვის“ პატიმარივით გადაეცა.

იმის გასარკვევად, თუ კანონის რომელი მუხლით ან რომელი შეთანხმებით ხელმძღვანელობდა შსს ხათუნა ჩარაევას ცხინვალის მხარისთვის გადაცემისას, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შსს ოფიციალური წერილით მიმართა. შოთა უტიაშვილის ოფიციალური პასუხი ასეთი იყო: ,,ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ პროკურატურას“. თუმცა, გაურკვეველია, რა შუაში იყო პროკურატურა, როდესაც  ჩარაევა ,,ცხინვალს“ შსს-მ გადასცა. ასევე, ვერ მოხერხდა შსს-ს პრესსამსახურთან დაკავშირებაც. რამდენჯერმე დარეკვის მიუხედავად ტელეფონს არავინ პასუხობდა.  

გაუჩინარებული ოსები

როგორც უკვე ითქვა, ხათუნა ჩარაევა ერთადერთი არ ყოფილა, ვინც 29 მარტს ცხინვალს გადასცეს. მასთან ერთად იყვნენ ცხინვალელი გენადი პლიევი და სოფელ დიდმუხას მცხოვრები ვადიმ თადაევი.  მოგვიანებით ცხინვალში მდებარე სააგენტო „რეს“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა ძალოვანებმა თადაევს, ჩარაევასა და პლიევს აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს, რათა მომავალში ამნისტიით გაეშვათ. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ თადაევი და პლიევი 2009 წელს გაიტაცა.
 
ინტერნეტით ასევე გავრცელდა ჩარაევას კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ქართულმა მხარემ შესთავაზა, ახალგორის მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. უარის თქმის მერე კი მის წინააღმდეგ საქმე ,,შეკერეს“.

გაზეთ ,,რეზონანსის“ ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი, რომელიც ჩარაევას საქმეს პერმანენტულად აშუქებდა, ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია.

მარი ოთარაშვილი: „ჩემთვის ცნობილია, რომ ქართულ-ოსურ ადმინისტრაციულ საზღვარზე ხალხს ხშირად აკავებენ. ჩარაევა ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, თავს მეურნეობით ირჩენდა და თითქოს არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური დევნის ობიექტი. ვფიქრობ, უფრო ეთნიკური ნიშნით დააკავეს. ბოლო დროს ხშირია ასეთი ფაქტები“.

საბოლოოდ, სულ რაღაც ორ დღეში  (29 და 30 მარტი) ცხინვალს 6 ადამიანი გადასცეს - ჩარაევა, პლიევი, ამზოევი, ხისტანოვი, თადაევი და ტოროშელიძე. მათი ერგნეთის საგუშაგოზე გადაყვანა ნაწილ-ნაწილ მოხდა. იმავე პერიოდში ოსურმა მხარემ გაათავისუფლა სოფელ კირბალის მცხოვრები მამუკა სამხარაძე, რომელიც, ფიჩხის მოსაგროვებლად წასული, სოფლის მიმდებარე ტყეში რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

ჟენევის მოლაპარაკებების მეათე რაუნდის წინ ოსური მხარე კატეგორიულად ითხოვდა, ქართველებს გაეთავისუფლებინათ ყველა დაკავებული, პრინციპით – ყველა ყველაზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეში ექვსი ოსი და ერთი ქართველი გათავისუფლდა, ქართული მხარე არ აღიარებს, რომ ეს მართლაც გაცვლა იყო.
 
თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, როდესაც ქართული მხარე ცხინვალის რეჟიმთან ერთად ჩართულია ტყვეთა გადაცვლის უკანონო პროცესში. ცხინვალის მხარეს ჰყავს ეთნიკური ქართველები, რომლებიც ტყვეობაში არიან საზღვრის გადაკვეთის გამო. ამ ხალხის გასათავისუფლებლად ქართულ მხარეს, თავის მხრივ, მძევლად აჰყავს ოსი ეროვნების მოქალაქეები. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ ამიტომ ხდება. ჯერჯერობით გამოვრიცხავ დისკრიმინაციას ერთნიკური ნიშნით, მაგრამ თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდა, მაშინ უკვე ამაზეც შეიძლება ლაპარაკი“.

თამარ ხიდაშელის თქმით, ასოციაციას მანამდეც ჰქონდა სამი საქმე, რომელიც ოსების გაუჩინარებას ეხებოდა. ახლობლები მათ თვის განმავლობაში ეძებდნენ. ხელწერა იგივეა, ლავრენტი კაზიევი და იბრაგიმ ლალიევი 2008 წლის ოქტომბერში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით  გორის რაიონის სოფელ დიცში დააკავეს. ვლადიმერ ელოევი, 2009 წლის აპრილში - საზღვრის უკანონო გადაკვეთის, იარაღის ტარებისა და პოლიციელის ტყვედ აყვანის ბრალდებით.

მოგვიანებით სამივე მათგანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, აქედან თანხის გადახდა მხოლოდ ერთს (იბრაგიმ ლალიევი) დაეკისრა, დანარჩენი ორის (ლავრენტი კაზიევი და ვლადიმერ ელოევი) შემთხევეაში კი სახელმწოფოს აღიარებითი ჩვენებაც ეყო. სწორედ ისე, როგორც ჩარაევას შემთხვევაში.

ფაქტები ერთი-ერთზე მეორდება შემდეგაც. სამივე დაკავებული 2009 წლის 4 აგვისტოს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ გაუჩინარდა.

ამ ადამიანების მოსაძებნად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს მიმართა. პასუხი არც ერთისგან არ მოსულა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ახალგაზრდა იურისტებმა უკვე ევროსასამართლოს გაუგზავნეს წერილი, ისინი ამ ადამიანების ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დაუყოვნებლივ დადგენას ითხოვდნენ.
 
სექტემბრის ბოლოს ევროსასამართლომ, თავის მხრივ, ქართულ მხარეს მოსთხოვა ინფორმაცია აღნიშნული პირების შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლენმა ევროსასამართლოს მისწერეს, რომ გაუჩინარებულები მართლაც იმყოფებოდნენ ქართული მხარის კონტროლქვეშ. თუმცა, აღნიშნავდნენ, რომ ისინი პოლიციის განყოფილებაში კი არა, ცალკე სახლში ჰყავდათ მოთავსებული და პოლიციელები დარაჯობდნენ.
 
თამარ ხიდაშელის თქმით, უცნაური პატიმრები მხოლოდ  დეკემბერში გათავისუფლდენენ, როდესაც ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, თომას ჰამერბერგი თბილისში ჩამოვიდა. თამარ ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ქართველ სამართალდამცავებთან სწორედ მან მიაღწია შეთანხმებას.

კაზიევი, ლალიევი და ელოევი, რომლებსაც ახლობლები თვენახევარი ეძებდნენ, ქართველებმა, ხათუნა ჩარაევას მსგავსად,  ცხინვალის მხარეს გადასცეს.

მოცემული მასალებიდან  იკვეთება ტენდენცია, რომ გაუჩინარების ფაქტებს საქართველოს ხელისუფლება იყენებს, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი ინტერესების გასატარებლად, ამ შემთხვევაში ტყვეების გასაცვლელად. ამაზე მეტყველებს წინამდებარე ფაქტები, რომელშიც  ერთი და იგივე ხაზი ვითარდება:
1. დაპატიმრებულები არიან ეთნიკურად ოსები, საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან;
2. ძირითადად, მათ ათავისუფლებენ  აღიარების საფუძველზე;
3. გათავისუფლების შემდეგ ფიქსირდება  ყოფილი პატიმრების გაუჩინარების ფაქტები;
4. პოლიცია მათ გადასცემს ცხინვალის მხარეს.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“, - რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ახალი ამბები