კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს

20 მაისი, 2010
საიმონ შუსტერი, The Huffington Post

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფისამდე მისასვლელად ის ოთახი უნდა გაიარო, რომელიც ასობით ფოტოსურათით არის მოფენილი. აქ ბილ კლინტონიცაა და ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში. კართან, ცენტრალურ ადგილას, იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და მის ტერიერს, ბარნის ეფერება. ერთიანად კი ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის თვითდაჯერებულობის წყარო. მაგრამ ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარაა.

10 მაისს კონგრესისადმი მიმართულ განცხადებაში ობამამ ცხადყო, რომ  მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, ის საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა  სთხოვა და განაცხადა, რომ „სიტუაცია საქართველოში  აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვის“. 2008 წელს ბუშმა იგივე ხელშეკრულება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო შეაჩერა. ის, რომ ობამას განცხადებით, ვითარება განხილვას აღარ მოითხოვს, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ქართველებისთვის ვითარება მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რადგან რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაცია კიდევ უფრო განამტკიცა. როგორც ჩანს, ობამამ ჩათვალა, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს: საქართველოს გაცვლა რუსეთზე თეთრი სახლის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა.

იმის გავითვალისწინებთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ღალატს ნიშნავს, ობამას სასტიკი საპასუხო რეაქცია უნდა მიეღო და შაბათს პროცესი დაიწყო კიდეც. The Washington Post-მა  ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკის, ევროპასა და ევრაზიის საქმეების განმგებლის, დევიდ კრამერის წერილი გამოაქვეყნა.  ეს ის ბიჭია, რომელმაც ბუშის მმართველობისას სააკაშვილი თეთრი სახლის პროექტად აქცია. 15 მაისს კრამერი წერდა: „ადმინისტრაციამ არსებითად მიატოვა ქართველები და რუსეთს მათი საზღვრების გასწვრივ შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აუნთო“. ეს, ალბათ, მართლაც ასეა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს, მის მრჩევლებსა და ოპონენტებს ინტერვიუ ჩამოვართვი, ჩემთვის სავსებით გასაგები გახდა, რატომ გადაწყვიტა ობამამ, ზურგი შეექცია საქართველოს პრეზიდენტისთვის.

უპირველეს ყოვლისა, თბილისში იმისთვის ჩამოვედი, რომ ერთი რამ გამერკვია – რა როლი ითამაშა სააკაშვილმა 13 მარტის სკანდალში. ეს ის დღე იყო, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრ დასავლელ ლიდერს მოთმინება ამოეწურა. საღამოს 7 საათზე, ტელეკომპანია „იმედმა“, რომელსაც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, საინფორმაციო პროგრამის მეშვეობით მთელს ქვეყანას ამცნო,  რომ რუსეთი საქართველოში ისევ შემოიჭრა, რომ სააკაშვილი მოკლულია, ხოლო ქართული არმიის დიდი ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა. აღმოჩნდა, რომ  საინფორმაციო გამოშვება ინსცენირებულია და  ომის სიმულირებას ახდენს, რაც დიქტორმა ნახევარსაათიანი გადაცემის დასაწყისში და ბოლოს მოკლედ აღნიშნა. ეს გაფრთხილება ათასობით მაყურებელს გამორჩა და ისინი რუსული ტანკებისგან თავის დაღწევის მიზნით, დაპანიკებულნი ქუჩაში გამოცვივდნენ. თბილისში ქაოსმა დაისადგურა. მე ერთ ქალს ველაპარაკე, არმიის რეზერვისტის ცოლს, რომელსაც ამ გამოშვების შემდეგ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. დროთა განმავლობაში მოქალაქეთა უმეტესობამ გააცნობიერა, რომ ტანკები არსად ჩანს, რომ მთელი ამბავი გამოგონილია და „იმედის“ შენობასთან არეულობა დაიწყო. მეორე დღეს ბრალი სააკაშვილს დასდეს და ევროპის ლიდერებმა მისი დაგმობა იწყეს – გამანადგურებელი ომიდან ჯერ ორი წელიც კი არ გასულა, მან კი ეს ყველაფერი დაუშვა.

ორი კვირის შემდეგ, თავის ოფისში სააკაშვილმა დუნედ უარყო თავისი მონაწილეობა ამ ისტორიაში. მან მითხრა, რომ „იმედის“ ამ გადაცემამ  თავი მოაბეზრა. მაგრამ ამავე დროს დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქართველებს ეს უნდა ენახათ, რათა რუსეთის საფრთხე არ დავიწყებოდათ. „ხალხი ჩიოდა გადაცემაზე, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო დრამატულია, ვიდრე გადაცემა“, – განაცხადა მან.  როგორც ჩანს, უფრო დრამატული, ვიდრე მისი სიკვდილი და მისი  არმიის გახლეჩა. წინა დღეს, თბილისის ცენტრში, კაფეში სახელწოდებით „პურ-პური“ მისმა უახლოესმა მრჩეველმა საგარეო საქმეებსა და მედიის დარგში, რაფაელ გლუკსმანმა, ვითარების რამდენადმე უფრო სრული სურათი დამიხატა. მან მითხრა, რომ გადაცემამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, „იმედის“ მაუწყებლობაზე ტელეკომპანიის დირექტორთან იმსჯელა. გლუკსმანს უთქვამს, რომ ისინი: „უფრო პროვოკაციულები უნდა იყვნენ, უფრო სექსუალურები, ამერიკული ტელევიზიებივით… მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია, რომ ეს უნდა გაეკეთებინა“.

რეალურად, ყველას, ვისაც თბილისში ველაპარაკე, ამ უარყოფის არ სჯერა. სააკაშვილის გუნდი არ მალავს მისი და „იმედის“ შეფის, გიორგი არველაძის (რომელიც სხვათა შორის, ამის შემდეგ არ გადამდგარა) მეგობრობის ამბავს და ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მრჩეველი, მედიის დარგში, არველაძესთან ტელეკომპანიის პროგრამებს განიხილავდა, ცოტა არ იყოს, უცნაურია. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სააკაშვილი იმიჯის შექმნის დეტალებშიც ერევა. როდესაც მის ოფისში შევედი, ის ქალაქ ბათუმის რეკონსტრუქციის გეგმას განიხილავდა და თითოეული სახლის პროექტს აანალიზებდა. ასეთი პატარა ქვეყნის პრეზიდენტისთვისაც კი ეს რუტინული დეტალებით ზედმეტ გატაცებას წააგავს. ჩემთვის ძალიან უცნაური იქნებოდა, თუკი ასეთი შოკისმომგვრელი გადაცემის ეთერში გასვლამდე მას არაფერი ეცოდინებოდა, მით უფრო, მას მერე რაც აღიარა, რომ მისი აზრით, ქართველი ხალხისთვის ამ გადაცემის ნახვა სასარგებლო იყო. რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ინციდენტის გამო აღშფოთდა, ხოლო ობამასთვის ყველაფერს ამას გარკვეული მნიშვნელობა მიეცა.

პირველი –  თუ სააკაშვილმა „იმედს“ მწვანე შუქი აუნთო, ე.ი. მას სახიფათო სპექტაკლებით რუსეთის გახელება სურს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, რუსეთის აგრესიის იდეა ასაზრდოებს, რადგან თავს იმ ერთადერთ ადამიანად წარმოაჩენს, რომელსაც ძალუძს ამ საფრთხის მოგერიება დასავლეთთან თავისი კონტაქტების და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მის ოფისთან წარჩინებულთა დაფაზე არიან წარმოდგენილნი. აქედან იმის ვარაუდიც ჩნდება, რომ თუ პოლიტიკურ საფრთხეს იგრძნობს, ის თავის მოკავშირეებს რუსეთთან კონფრონტაციისკენ უბიძგებს. გასული წლის შემდეგ - მას მერე, რაც ევროკავშირის გამოძიებამ დაასკვნა, რომ 2008 წლის ომში პირველი გასროლა სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, ამ ვარაუდს სულ უფრო მეტი რამ ადასტურებს. ეს გიჟური რისკი იყო, მაგრამ სააკაშვილი ამაზე წავიდა და აშშ და მისი მოკავშირეები ბირთვულ სუპერსახელმწიფოსთან კონფრონტაციაში თითქმის ჩაითრია. როგორც თბილისის ერთმა მკვიდრმა მითხრა, „ომის დროს სულ ცას შევყურებდით და ვფიქრობდით - სად ჯანდაბაშია ნატოს თვითმფრინავები?!“ როგორც ჩანს, სააკაშვილიც იგივეს იმედოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის რაციონალური მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. ასეთი შეცდომის პატიება ძალიან ძნელია.

დენიელ კუნინი, იმ დროს სააკაშვილის უახლოესი მრჩველი იყო და ჩემი აზრით, ის ყველაზე ნიშნეული პერსონაჟია ამ ისტორიაში. ვერმონტის გუბერნატორის ვაჟი, სააკაშვილის გუნდს 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეურთდა და დემოკრატიით ინფიცირების, ნეოკონების იმჟამინდელი კრედოს ერთ-ერთ ჩემპიონად იქცა (შეიძლება უნებლიედაც). ის ძალიან წარმატებული იყო და სააკაშვილის ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ კუნინი საუკეთესო რამ იყო, რაც იმ დროს საქართველოში ხდებოდა. („ის ძალიან ნიჭიერი და საქმიანი ადამიანია. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი, ვისაც კი შევხვედრივარ“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე, სააკაშვილის პოლიტიკური მტერი).  მაგრამ რუსეთთან კატასტროფული ომის შემდეგ, კუნინმა ქართული პროექტისგან დისტანცირება იწყო. „ახლა ძირითადად არაოფიციალური მრჩველი ვარ“, – მითხრა მან მარტში და დასძინა, რომ თბილისს იმდენ ყურადღებას აღარ უთმობს. ამ ფაქტმა ჩამაფიქრა. თუ კუნინმა, დაახლოებულმა კაცმა, რომელმაც რამდენიმე წელიწადი საქართველოს მთვარობას შესწირა, სააკაშვილისგან გამიჯვნა გადაწყვიტა, რატომ უნდა უერთგულოს მას ობამამ? რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასაც რომ დავანებოთ თავი, რატომ არ უნდა გაეთვალისწინებინა ობამას ეს გამოცდილება?

ვერავინ იტყვის, რომ ობამას მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ არის ფარისევლური, ან პოლიტიკურად უხერხული შეერთებული შტატებისთვის. რა თქმა უნდა, არის. სულ რაღაც 5 მარტს, როდესაც ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან ინტერვიუს ვიღებდი, შეერთებული შტატები ღიად უცხადებდა თავის ერთგულებას საქართველოს და სხვა ექს-კომუნისტურ მოკავშირეებს. „ჩვენ გადატვირთვის ფასად არასდროს შევაგდებთ პოლონეთს ავტობუსის ქვეშ“, – მითხრა ოფიციალურმა პირმა. „ჩვენ არ გავწირავთ უკრაინას და საქართველოს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების გამო“. ახლა კი „იმედის“ სკანდალის შემდეგ, მათ რეალურად შეაგდეს საქართველო ავტობუსის ქვეშ და ჯერ არაა ცნობილი, დანამდვილებით დააჯილდოვებს თუ არა მათ რუსეთი გულითადი მეგობრობით. მაგრამ რუსეთის კონტექსტის გარეშეც,  ფაქტი ერთია – სააკაშვილმა დაადასტურა, რომ  ის შეერთებული შტატებისთვის იმპულსური, უფრო მეტიც, არაპროგნოზირებადი და  სახიფათო პარტნიორია. ობამა, როგორც ჩანს, ამას გულისხმობდა, როდესაც კონგრესს იმ განცხადებით მიმართავდა

ახალი ამბები