კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თქვენი საჯიჯგნი არ არის სვანეთი, არა!“

21 მაისი, 2010
ნანა ფაჟავა, პრესა.გე

„თქვენი საჯიჯგნი არ არის სვანეთი, არა!“ - ეს ფრაზა ერთ-ერთი ამონარიდია იმ ვიდეო-მასალიდან, რომელიც 3 მაისს, მესტიაში ხელისუფლებისა და შსს-ს მხრიდან გამოვლენილ ძალადობას ასახავს და რომელიც სვანეთის ოპოზიციურმა ლიდერებმა „პრესა.გე“-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს.

მესტიაში განხორციელებული „სპეცოპერაციის“ შესახებ მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟში, სათაურით - „ხელისუფლების დემარში მესტიაში და რეპრესირებული სვანები“ ( http://presa.ge/index.php?text=news&i=10853 ) მოვლენათა ეპიცენტრში მყოფი კანდიდატები თუ საზოგადოების სხვა წევრები, მომხდარის შესახებ კომენტარს დაუფარავად აკეთებდნენ. მაშინ, „პრესა. გე“-სთვის ცნობილი იყო ვიდეო-ფირის არსებობისა და იმ ობიექტური მიზეზების შესახებაც, რის გამოც იგი ვერ გავრცელდა. ერთი სიტყვით, სვანებმა ჟურნალისტისთვის მიცემული პირობა შეასრულეს და რამდენიმე დღეში საზოგადოებას უტყუარი მტკიცებულება დაუდეს.

მაყურებელს საშუალება აქვს ნახოს, თუ რა ხდებოდა 3 მაისის ღამეს მესტიის რაიონში და შესაბამისი დასკვნაც თავად გააკეთოს. მოწოდებული ოცწუთიანი ვიდეო-მასალის ხანგრძლივობა ჩაბნელებული კადრების გამო 8 წუთამდე შემცირდა, მაგრამ ემოციური დატვირთვა მაინც არ დაუკარგავს.

კადრის დასაწყისში სწორედ ის ფაქტია ასახული, როდესაც ოპოზიციის ლიდერებმა გამგეობის შენობაში დატყვევებული პარტია „თავისუფლების“ კანდიდატის, ლერი ნაკანის გამოყვანა შეძლეს. იმ დროისათვის შენობაში კვლავ რჩებოდა დეპუტატობის კანდიდატი, ვახტანგ ნაკანი, რომელსაც ლერი ნაკანის მსგავსად „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აიძულებდნენ.

კადრებში ჩანს მესტიის გამგეობის შენობის წინ მობილიზებული შს სამინისტროს კბილებამდე შეიარაღებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ნაწილი, რადგან დანარჩენ ნაწილს უკვე მიღებული ჰქონდა ბრძანება სხვა ოპოზიციური კანდიდატების ჩამოყვანის თაობაზე და ისინი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდნენ.

ერთ-ერთი ეპიზოდი გამგეობის შენობაში განათებულ მხოლოდ სამ ოთახს ასახავს, სადაც პარლამენტის მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კვიციანი ფანჯარასთან ზურგით ზის.

ვიდეოკადრებში სასოწარკვეთილი ქალების ხმაც ისმის, რომლებიც ძალადობას შენობის გარეთ აპროტესტებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ვახტანგ ნაკანის მეუღლეა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება იქვე დასჭირდა. ისმის დედის მდგომარეობით შეწუხებული ქალიშვილის ხმაც.

„თქვენი დასასრულიც მოვა!.. რა ხდება?! ვინ არიან ესენი, ვინაა ეს გოროზია?!.. რას გვატყუებენ ეს ტელევიზიები?! ეს არის თქვენი დემოკრატია?!.. არ გავჩუმდებით, არა!.. ყველას გავაგებინებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავთ, კემერების წინ დავდგებით და ყველაფერს ვიტყვით, ამას არ შეგარჩენთ!.. თავისი ნებით მოვიდნენ კანდიდატები არა?! რატომ გამოიყვანეთ სახლებიდან?!.. სუნთქვა აღარ შეიძლება, უნდა გამოვიდეთ ხალხო!.. შეგნებულად დააზიანეს ძლივს გაკეთებული შუქი ციცხვარსა და ჯვარს შორის, მერე სიბნელეში რუხი მგლებივით რომ ამოსულიყვნენ აქ!“

ბნელ კადრებში სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, თენგიზ გუნავაც ჩანს, რომელიც შენობიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ოპოზიციის კანდიდატის მანქანის გაყვანის ბრძანებას იძლევა. თუმცა მას იქ შეკრებილი ადამიანების მხრიდან წინააღმდეგობა ხვდება. „ეს კარგად დაიმახსოვრეთ!“ - გუნავას ეს ფრაზა სავარაუდოდ, მაჟორიტარობის კანდიდატის, ნინო ჯაფარიძის მეუღლის, ნოდარ ნაკანის მისამართით გამოითქვა, რომელსაც მესტიის პოლიციის უფროსი, გია შედანია და გუნავა დაპირდა - შენ და შენს ოჯახს კარგი დღე არ დაგადგებათო!

ვიდეომასალაში კიდევ ერთი დიალოგი ისმის, რომელიც პოლიციელსა და ქალბატონებს შორის „შედგა“:

- შევარდნაძე სანატრებელი გახდა ამათ ხელში.

- ჰოდა, დაგისვამთ სახლში სუყველას.

- თქვენ მაინც გჯობიათ, ასე მგონია. ასე არ ვფიქრობდი აქამდე. ახლა დავრწმუნდი უკვე.

- ჩვენ ქვეყანას და ხალხს ვემსახურებით.

- რას ემსახურებით, სისხლს რომ ღვრით? იარაღით გვაშინებთ? მოდით და მოგვკალით! ყველას ეშინია, ყველა დატერორებული გყავთ!.. გამოვიდეს გუბერნატორი და დაგველაპარაკოს!

„პრესა.გე“ კონფიდენციალობას იცავს და არ ასახელებს იმ მამაკაცის ვინაობას, რომელმაც ვიდეო-კადრების გადაღება მოახერხა.

ვიდეოკადრები შეგიძლიათ, ნახოთ საიტზე www.presa.ge : http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10936

ახალი ამბები