კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიან

24 მაისი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიან. ყვარელში „ალიანსი საქართველოსთვის“ კუთვნილი საარჩევნო ბანერი გაანადგურეს, თელავში კი ალიანსის სააგიტაციო მასალას „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატები გადააკრეს. გურჯაანის საარჩევნო ოლქში „თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ლევან ჩოლოყაშვილი აცხადებს, რომ მას ექიმებთან და მასწავლებლებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.

დაუდგენელმა  პირებმა, ყვარელში, „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბის კუთვნილი ბანერი 21 მაისს ღამით გაანადგურეს. „კიბეს თუ არ გამოიყენებდნენ, ისე ბანერს ვერც ჩამოჭრიდნენ. შტაბის ოფისი ყვარლის ცენტრში მდებარეობს, ქუჩა განათებულია, ხალხი  ცხოვრობს. შეუძლებელია, ისე  ჩამოეჭრათ, რომ ვერავის  დაენახა“,- აღნიშნავს „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის საარჩევნო შტაბის უფროსი ნუგზარ ღონიაშვილი. მომხდართან დაკავშირებით შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე ქონების  დაზიანების მუხლით არის აღძრული.

21 მაისს, ღამით, თელავში, უნივერსიტეტის  და საავადმყოფოს ტერიტორიაზე  „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო პლაკატებს „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატები  გადააკრეს. „საარჩევნო პლაკატების დამზადება და მათი გაკვრა მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამინურ რესურსებს მოითხოვს. ჩვენს საარჩევნო ბლოკს შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს, რის გამოც პლაკატები დიდი რაოდენობით ისედაც ვერ დავბეჭდეთ. რაც დავბეჭდეთ და გავაკარით, მას კი აზიანებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს გვიშლიან“, - განაცხადა „ალიანსი საქართველოსთვის“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა ნიკა ვარდოშვილმა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევასთან დაკავშირებით „ალიანსი საქართველოსთვის“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა რეაგირებისათვის თელავის საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკო-ს საინფორმაციო საშუალებებით მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ოპოზიციური საარჩევნო ბლოკისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ზურაბ ბუცხრიკიძე. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, რომლებიც სააგიტაციო მასალებს ავრცელებენ, არანაირი მითითება არ მიუღიათ, რომ პლაკატები ოპოზიციური პარტიების სააგიტაციო მასალებს გადააკრან.

„ეს შეიძლება რომელიმე ახალგაზრდის პიროვნული ინიციატივაა. მეტსაც გეტყვით, დღემდე ჩვენ რაც გავაკარით საარჩევნო პლაკატები, აბსოლუტურად ყველა ჩამოხიეს, მაგრამ არ გვქონია პრეტენზია ოპოზიციონერებთან, რომ ეს მაინცდამაინც მათი გაკეთებულია“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს გურჯაანის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი ლევან ჩოლოყაშვილი. დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით,  გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა გელა ორველაშვილმა და პოლიკლინიკის დირექტორმა სოფიო  ქუმსიაშვილმა მას ექიმებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. ამასთან, ჩოლოყაშვილის თქმით, ის არც გურჯაანის გიმნაზიაში შეუშვეს.

„პროფესიით  ექიმი ვარ და განსაკუთრებით ჩემს კოლეგებთან გასაუბრება მაინტერესებდა. ექიმებთან შეხვედრა დაგეგმილი მქონდა არასამუშაო საათებში, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უარი განაცხადეს. თქვენ წახვალთ, ჩვენ დავრჩებით და პრობლემები არ გვინდაო. გურჯაანის გიმნაზიაში კი პედაგოგებთან შესახვედრად დიდ შესვენებაზე მივედი, მაგრამ მოვარდა დირექტორის მოადგილე ქალბატონი, ატეხა წიოკი და მასწავლებლებთან შეხვედრის საშუალება არ მომცა. ეს არის არანორმალური სიტუაცია“, - განაცხადა ლევან ჩოლოყაშვილმა, რომელიც 2010 წლის 30 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან“ იყრის.

ახალი ამბები