კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დღეს ჩვენგან ხმებს იგივე ხალხი ითხოვს, ვისაც გუშინ მხარი დავუჭირეთ და სავალალო შედეგი მივიღეთ“

25 მაისი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. შესაბამისად, იმატა აქტიურობამ პოლიტიკურ პარტიათა მხრიდან. 30 მაისს საზოგადოება ადგილობრივ ხელისუფლებას აირჩევს, მანამდე კი,  დაპირებების ტალღა კიდევ ერთხელ გადაუვლის არჩევნებით განებივრებულ ქვეყანას. ადგილობრივი ხელისუფლების კანდიდატები კიდევ ერთხელ, როგორც არასდროს, დადგებიან ახლოს ხალხთან და მათ მოთხოვნებს მოისმენენ.

გაუმჯობესებული ცხოვრების პირობები: დასაქმება, უფასო სამედიცინო მომსახურება, ხელმისაწვდომი ფასები კომუნალურ გადასახადებზე და ა. შ.  - ეს იმ დაპირებების მინიმალური ჩამონათვალია, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონებშიც, დედაქალაქის მსგავსად, უშურველად იძლევიან.

როგორი წინასაარჩევნო განწყობაა საზოგადოებაში, რას ფიქრობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ზოგადად, კანდიდატთა დაპირებებზე არჩევნების მთავარი მოქმედი გმირი - ხალხი, ამომრჩეველი - ამ შეკითხვებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  ქუთაისის მოსახლეობას მიმართა.

ლალი არეშიძე, პედაგოგი: „საერთოდ, წინასაარჩევნო პერიოდი, ეს ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა ხელისუფლებას (და სხვებსაც, მათ მსგავსად) ხალხი ახსენდება. ისე, როგორც არასდროს, ცდილობს ჩვენი გულის მოგებას და ამისთვის საკუთარ ძალებს არ იშურებს. ჩვენ კი, უკვე დავიღალეთ მათი მხრიდან გაუთავებელი მტკიცებით, რომ ხვალინდელი დღე ნათელი და მზიანი იქნება. მეც დავიღალე, თუმცა, არჩევნებზე წასვლას მაინც ვაპირებ. ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია“.

გოჩა გიორხელიძე, ინჟინერი: „გასაკეთებელი კიდევ ბევრი კი არა, ყველაფერი შესაცვლელი და გასაკეთებელია. ის, რაც ამ ქვეყანაში რევოლუციის შემდეგ კეთდება, უხარისხოა და თავიდანაა მისახედი. გზებს აგებენ და რამდენიმე თვეში ისევ დასაგებია, სამედიცინო რეფორმებით თავს იწონებენ და ხალხი სამედიცინო მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობის გამო კვდება. დასაქმებაო, იძახიან და უმუშევართა რიცხვი კატასტროფულად იზრდება... აღარ გავაგრძელებ, ალბათ, თქვენ უკეთესად იცით. დღეს ჩვენგან ხმებს იგივე ხალხი ითხოვს, ვისაც გუშინ მხარი დავუჭირეთ და სავალალო შედეგი მივიღეთ“.

მარინა ნიკოლაძე, დიასახლისი: „ყელში ამოვიდა უკვე მაგათი დაპირებები. ხელისუფლების უსირცხვილობას საზღვარი აღარ აქვს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამხელა ქვეყანაში მისი შემცვლელი ვერ მოინახა. ნუთუ უკეთესს არ ვიმსახურებთ?“

ნანა ჩაჩავა, გამყიდველი: „რასაც გვპირდებიან, მისი მეათედი რომ გაგვიკეთოს რომელიმემ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, მაგრამ ასე რომ არაა, ამას უკვე ვხვდები. წინა წლებმა და საერთოდ, ამდენმა არჩევნებმა დაგვანახა ის რეალობა, რომელიც, ალბათ, წლების მანძილზე არ შეიცვლება. ერთი წყალს გვპირდება უფასოდ, მეორე - დასაქმებას, მესამე გადასახადების გაუქმებას და ბრიყვი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, სინამდვილეში რისი გამკეთებლები არიან. წასვლით აუცილებლად წავალ არჩევნებზე, შემოხაზვით კი, მართლა არ ვიცი, ვის შემოვხაზავ. გამორიცხული არაა, ყველას ხაზი გადავუსვა“.

თენგიზ შვანგირაძე, ინჟინერი: „ეს დაპირებები ისეთივე რეალურია, როგორც რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიით გადაცემული ქუთაისის ავტოქარხნის ამოქმედება და ხალხის დასაქმება. გახსოვთ, ალბათ, პრეზიდენტის გაბადრული სახე და მოწოდება, რომ უმუშევრობის დრო ნელ-ნელა სრულდება საქართველოში და კერძოდ, ქუთაისში. ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე რიგში მდგომი დასაქმების მსურველი ათასობით ადამიანი მალევე მიხვდა, რომ მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა. ასეთი ტყუილები, ალბათ, კიდევ ბევრი გველოდება. ჩვენ კი, ვუძლებთ. სხვა რა გზა გვაქვს.“

ნელი ჭიჭინაძე, პენსიონერი: „უკვე რამდენი წელია, ერთიდაიგივე მეორდება - ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, ხმას ვაძლევთ ჩვენს რჩეულს და სამწუხაროდ, იმარჯვებს აბსოლუტურად სხვა... ამჯერადაც ასე მოხდება. ამის მიუხედავად, მაინც ღირს წასვლა. სხვა რომ არაფერი, ხელისუფლება დაინახავს, რომ ხალხი ბრბო არ არის და მას არჩევანის გაკეთება შეუძლია“.

გიორგი შვანგირაძე, სტუდენტი: „დაპირებები სერიოზულია. საკითხავია, რა გაკეთდება არჩევნების შემდეგ. რახან გვპირდებიან, ე.ი. შეასრულებენ (ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა)... მთავარია, წავიდე არჩევნებზე, არ დამეზაროს და მერე, როგორმე გავაკეთებ ჩემს არჩევანს...“

ახალი ამბები