კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თბილისში პირველად აღნიშნა მუჰაჯირობის დღე

25 მაისი, 2010
ნინო გელაშვილი, ნინი თოფურიძე

21 მაისს აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები, რომლებიც მე-19 საუკუნეში რუსეთის სასტიკი იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ, მუჰაჯირობის დღეს აღნიშნავენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გადაწყვიტა, ეს დღე თბილისშიც აღინიშნოს და 21 მაისს ქართულ-აფხაზური ურთიერთობებით დაინტერესებული საზოგადოება ბიოლის ფონდში მიიწვია ნიკო წულაძის დოკუმენტური ფილმის - „სინანულის სანაპიროს“ ჩვენებასა და დისკუსიაზე.

რეჟისორმა ნიკო რეჟისორმა თავის ფილმში წარმოადგინა საზოგადოებისთვის უცნობი საარქივო-ისტორიული მასალა და დოკუმენტურად ასახა, როგორ მიზანმიმართულ გენოციდს უწყობდა რუსეთის იმპერია კავკასიის ხალხებს, მათ შორის - აფხაზებს. ფილმში ასევე ნაჩვენებია მუჰაჯირების შთამომავლების ყოფა თურქეთში, სადაც ქართველები და აფზახები ერთად მეგობრულად თანაცხოვრობენ.

ფილმის სათაურს რეჟისორი შემდეგნაირად ხსნის: „ჩვენ ყველანი ვიმკით მძიმე შედეგს იმისას, რომ რაღაცა ვერ გავთვალეთ, ემოციებს ავყევით, ისეთი დანაშაულიც კი ჩავიდინეთ, რომლის გამოსწორება ძალიან ძნელია. მე მგონი, კაცური ღირსების საქმეა, თუკი შენს ახლობელთან რაღაც შეგეშლება, იმდენი უნდა ვაჟკაცობა გეყოს, მოინანიო და თქვა, რომ შეგეშალა, ან გასაანალიზო, რაც მოხდა და მერე სწორი ნაბიჯები გადადგა“.

ფილმის დაწყებამდე სტუმრებს „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ირის კემპე მიესალმა: „ბიოლის ფონდი აქტიურად არის ჩართული მსგავს აქტივობებში. ჩვენ აქ ვმასპინძლობთ როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციას. მე ახლა დავბრუნდი კიევიდან, სადაც დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებმა. ჩვენ იქ ვმსჯელობდით სამხრეთ კავკასიის მომავალზე და იმ განწყობით ჩამოვედი, რომ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის გარეშე სამხრეთ კავკასია არ არის სამხრეთ კავკასია“.

შეხვედრის ორგანიზატორის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის თქმით, 1864 წლის 21 მაისი იყო დღე, როცა ათასობით ადამიანი შეეწირა ტრაგედიას ჩრდილოეთ კავკასიაში. მრავალი ხალხი, მათ შორის აფხაზები, ჩერქეზები, უბიხები და სხვები გადაასახლეს და გაანადგურეს. „ჩვენ გვინდა, რომ ამ დღეს საქართველოც აღნიშნავდეს, როგორც სოლიდარობისა და ტრაგედიის გახსენების დღეს“.

ბიოლოს ფონდში შეხვედრისა და დისკუსიის მეორე მიზეზია „კამპანია ბოდიში“, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2007 წლიდან დაიწყო. უჩა ნანუაშვილის თქმით, კამპანიის მიზანი ქართველი საზოგადოების მომხდარზე დაფიქრებაა. „კარგად უნდა დავინახოთ ჩვენი შეცდომები და ვაღიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ჩვენი წილი დანაშაული, რომ ვერ შევინარჩუნეთ მშვიდობა და დავიწყეთ ომი“.

ფილმის დასრულების შემდეგ მსურველებს აზრის გამოთქმის საშუალება ჰქონდათ. ერთ-ერთი დამსწრე, ეთნიკურად აფხაზი, რუსუდან მარშანია, მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, ფილმი ენახა აფხაზურ მხარესაც, რადგან „სინანულის სანაპირო“ ძალაინ რეალისტური ფილმია: „მუჰაჯირობა დიდი ტრაგედია აფხაზი ხალხისთვის. ფილმი კი აჩვენებს, რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე პოლიტიკოსები, როცა იღებენ გადაწყვეტილებას ხალხების გეოგრაფიულ გადასახლებაზე. ეს გადასახლებები ძალიან მტკივნეულია ერებისათვის. მე ვფიქრობ, ომი აფახაზეთში არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ისეთი წარსული, როგორიც მუჰაჯირობაა. ფილმი გვაფიქრებს მომხდარზე, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, როცა არსებობდა შერეული ოჯახების უდიდესი რაოდენობა. ალბათ, ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ უძველესი ტრადიციული ღირებულებები შევცვალეთ საბჭოთა ღირებულებებით და დავივიწყეთ წარსული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ კი დარჩა პატარა იმპერია საქართველო, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარ თავში დაეძლია საბჭოთა მენტალობა. ამან გამოიწვია სწორედ ეს კონფლიქტები. ავტორმა ძალიან კარგად შეძლო ეჩვენებინა აფხაზებისა და ქართველთა მეგობრობა თურქეთში. ჩვენ კი, საქართველოში მცხოვრებ აფხაზებსა და ქართველებს, არ გვეყო საიმისო სიბრძნე და სულგრძელობა“.

humanrights.ge-ს მთავარი რედაქტორი ალეკო ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ მუჰაჯირების რესურსის გამოყენება შესაძლებელია კონფლიქტის მოსაგვარებლად, თუმცა გარკვეული საფრთხე აქაც არსებობს: „ამ ფილმს როცა უყურებთ, ვხედავთ, როგორ ცხოვრობენ ქართველები და აფხაზები თურქეთში. ვხედავთ, რომ ისინი ერთნაირმა ბედმა, ერთმა ტრაგედიამ გააერთიანა და უკვე საუკუნეზე მეტია, ძმური ერთობით ცხოვრობენ, შერეული ოჯახები აქვთ და უყვართ ერთმანეთი. ეს მართლაც არის კარგი რესურსი იმისთვის, რომ აქ საქართველოშიც აღდგეს ურთიერთობები ქართველ და აფხაზ ხალხს შორის. ამავე დროს, ვფიქრობ, შეიძლება გვეშინოდეს კიდეც, რომ პირიქით, იქაც არავინ გააფუჭოს ეს ურთიერთობები აფხაზებსა და ქართველებს შორის, იმდენად არასწორი პოლიტიკით მუშაობენ როგორც ჩვენი ხელსუფლების წარმომადგენლები, ასევე სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ანუ ჩვენ ეს საფრთხეც უნდა გავითვალისწინოთ და თურქეთში შენარჩუნებულ ურთიერთობები დავიცვათ რაიმე ინსპირირებული ჩარევისაგან“.

ეთნიკურად აფხაზი სტუდენტი სალომე აჩბა მიიჩნევს, რომ მსგავსს ფილმებს კონფლიქტის მოგვარებაში დიდი საქმის გაკეთება შეუძლია: „ეს დღე აფხაზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის დიდი ტკივილი, რომელიც მათთვის მოუშუშებელ ტკივილად რჩება. მე მიხარია, რომ ენგურსგამოღმა საქართველოშიც გაახსენდათ ეს დღე. მხოლოდ ფილმის სათაურიც კი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ამგვარი პროექტები, ფილმები, შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დარეგულირდეს კონფლიქტი ორ ხალხს შორის.“

ფილმის ჩვენებას ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, საელჩოების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. „სინანულის სანაპიროს“ ქართული და ინგლისური ტიტრები აქვს. ფილმი აფხაზურ ენაზეც არის ნათარგმნი და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მას მალე წარმოუდგენს აფხაზ მოქალაქეებს.

ახალი ამბები