კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ სოფლებში არჩევნები უხეში დარღვევებით მიმდინარეობს

30 მაისი, 2010

ალეკო ცქიტიშვილი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონის ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უხეში დარღვევებით მიმდინარეობს.

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 46-ე უბანზე, სოფელ იორმუღანლოში არასრულწლოვანმა ნახირ გაჯიევმა (დაბადებული 17.01.94) კანონმდებლობის დარღვევით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩააგდო. ამავე დროს არასრულწლოვანი გაჯიევი საარჩევნო სიაში არ ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად, საუბნო-საარჩევნო კომისიამ იგი რეგისტრაციაში მაინც გაატარა.

ამავე უბანზე სხვა დროს საარჩევნო კაბინაში ორ-ორი ადამიანი შედიოდა. ამომრჩეველს კაბინაში ძირითადად კომისიის წევრები მიჰყვებოდნენ. კომისიის ერთ-ერთი წევრი, საარჩევნო ყუთთან იჯდა და კაბინისკენ მიმავალ ამომრჩევლებს მისძახოდა - „ბეშ! ბეშ!“ (ქართულად - „ხუთი! ხუთი!“).

ქვემო ლამბალოს 37-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრმა ბიულეტენი სხვა ამომრჩევლოს ნაცვლად ჩააგდო. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ეს დარღვევა დააფიქსირა, რის შემდეგაც კომისიის წევრი უბნიდან გაიქცა.

უჩა ნანუაშვილი ზემო ლამბალოს 47-ე საარჩევნო უბანზე პირადად შეესწრო, ერთი ამომრჩეველი როგორ აპირებდა ყუთში ერთბაშად ექვსი ბიულეტენის ჩაგდებას. დარღვევის დაფიქსირებისა და ბიულეტენების ჩამორთმევის შემდეგ საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ასან აბდულაევმა ბიულეტენები კანონის დარღევით დახია. ამავე უბანზე კანონდარღვევით ხმა მისცა არასრულწლოვანმა - 1993 წლის 8 მარტს დაბადებულმა ელხან ქაზუმოვმა, რომელიც საარჩევნო სიაში არ იყო. კომისიის წევრებმა იგი რეგისტრაციაში მაინც გაატარეს.

არასრულწლოვანმა ხმა მისცა სოფელ ქეშალოში, 45-ე საარჩევნო უბანზეც. ამ უბანზე მოსული პირველივე ამომრჩეველი კაბინაში მარკირების გარეშე შევიდა.

48-ე საარჩევნო უბანზე, სოფელ ჩულარში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის საჩივარი კომისიის წევრებმა არ ჩაიბარეს. „არ ჩავიბარებ! მაინც დავხევ!“ - პირდაპირ აცხადებს საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში 21-ე საარჩევნო უბანი დარღვევებით გაიხსნა. აქ ყველა ამომრჩეველს მარკირებას არ უკეთებენ. ხმას აძლევენ 16-17 წლის ბავშვები. სიებში მრავლადა არიან ადამიანები, რომლებიც წლებია, საზღვარგარეთ იმყოფებიან. კომისიის წევრები დამკირვებელს არ აძლევენ საშუალებას, გაასაჩივრონ დარღვევები და არ იღებენ საჩივარს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები აპირებენ, საოლქო-საარჩევნო კომისიისგან მოითხოვონ უზუნთალას 21-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტა და არჩევნების ბათილად ცნობა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებში, სადაც კი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები იმყოფებიან, არც ერთგან არ მუშაობს ქსეროქსის აპარატი, რის გამოც საჩივრების გადამრავლება ვერ ხერხდება. ბიულეტენები აზერბაიჯანულ ენაზე არ არის დაბეჭდილი, რის გამოც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ამომრჩეველი ვერ ახერხებს ქართულ ენაზე დაბეჭდილი ბიულეტენების წაკითხვას. ხშირია მარკირებისა და პირადობის მოწმობების გარეშე მოქალაქეთა ხმის მიცემის შემთხვევები.

უბნებზე ხშირად ჩნდებიან უცხო პირები. განსაკუთრებით აქტიურობს ხელისუფლებასთან ასოცირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები „ჩვენი თაობა“ და „ბათუმელები“.

ახალი ამბები