კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იორმუღანლოში არჩევნები მასობრივი დარღვევებით ჩატარდა

31 მაისი, 2010
ნინო გელაშვილი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ სოფელში, იორმუღანლოში არჩევნები მასობრივი გაყალბებით და უხეში დარღვევით ჩატარდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები არჩევნებს ამ სოფლის 12-ვე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ. დღის ბოლოს მათზე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა, რის გამოც ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, დამკვირვებლები უბნებიდან არჩევნების დასრულებამდე გამოეწვია. გთავაზობთ ჟურნალისტურ ანგარიშს, თუ რა ხდებოდა იორმუღანლოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #46 უბანზე, სოფელ იორმუღალოში არჩევნები მრავალი დარღვევით ჩატარდა. უბანი დილით 8 საათზე გაიხსნა. ამ დროისთვის ჩანაწერთა წიგნში მითითებული არ იყო წილისყრის შედეგად კომისიის წევრთა ფუნქციები, ასევე, არასრულად იყო შევსებული სადემონსტრაციო ოქმი, გამოკრული არ იყო ბიულეტენის შევსების ინსტრუქცია, ყუთიდან ამოღებულიც კი არ იყო ასლის გადამღები აპარატი, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საჩივარში დააფიქსირა.

უბანზე 800 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა მხოლოდ 700 მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი იყო მიღებული. ბიულეტენები ქართულ ენაზე იყო შედგენილი. ამ აზერბაიჯანული სოფლის მოსახლეობის უმეტესობა კი ქართულად ვერ კითხულობს. ამის მომიზეზებით ამომრჩევლებს კაბინაში უმეტესად სხვა პირები შეყავდათ, რომლებიც ხშირად თვითონ უთითებდნენ მათ, რომელი ნომერი შემოეხაზათ. იყო შემთხვევები, როცა კაბინაში ამომრჩეველს დამკვირვებელი შეყვა. ამორჩეველს ხშირად მიყვებოდა მეორე პირი იმ მიზეზით, რომ ცუდი მხედველობა ჰქონდა.  

უბანზე სულ 6 დამკვირვებელი იყო დაფიქსირებული ორგანიზაციებიდან: საზოგადოება „ბათუმელი“, ახალგაზრდული მოძრაობა „ჩვენი თაობა“, „საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი“, „დემოკრატიის ცენტრი“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ამათგან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გარდა, არც ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ გაჩერებულა საარჩევნო ოთახში და რეალურად არ დაკვირვებია არჩევნებს. ბუნებრივია, მათ არც დარღვევებზე გაუკეთებიათ შენიშვნები.      
უბანზე ამომრჩეველს მასობრივად მოუწოდებდნენ, შემოეხაზათ ხუთიანი, მათ შორის იყო შემთხვევა კომისიის წევრის მხრიდან. შენიშვნის შემდეგ, კომისიის წევრების მხრიდან მსგავსი აღარ განმეორებულა. 

ხუთიანის შემოხაზვის მოწოდებაზე შენიშვნები და პრეტენზია კომისიის წევრებს არ გასჩენიათ. კომისიის 13 წევრიდან 6 იყო ოპოზიციური პარტიებიდან, ერთი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენდნენ: „მრეწველები“, „ჩვენ თვითონ“, „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ლეიბორისტული პარტია“. როდესაც „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელს ვკითხე, რატომ არ ჰქონდა დარღვევებზე რეაქცია, მიპასუხა - თქვენ ხომ გაქვთ და მე რაღა ვთქვაო.  

იყო ძალიან ბევრი მცდელობა, რომ ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე მიეღო ბიულეტენი. ასევე დაფიქსირდა, პირადობის მოწმობის ასლით და საბჭოთა პასპორტით ხმის მიცემის მცდელობა. ჩვენი შენიშვნის შემდეგ ეს ბიულეტენები გაუქმდა. მათ კუთხეები მოაჭრა კომისიის მდივანმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დააფიქსირა, რომ კაბინაში სხვა პირის თანხლებით ხმა მისცა არასრულწლოვანმა მაჰირ გაჯიევმა. ამ ფაქტზე ცენტრმა საჩივარი დაწერა.
იყო შემთხვევა, როცა ახალგაზრდას, რომელმაც ბიულეტენები მიიღო, მოვთხოვეთ პირადობის მოწმობა. ის ამ მოთხოვნაზე დაიბნა, რეგისტრატორმა კი დაუწყო ყვირილი, რომ არ ეჩვენებინა პირადობა და გასულიყო ოთახიდან. ამას ხელი კომისიის წევრებმაც შეუწყეს. მან საარჩევნო სიაში ხელი მაჯით მელიქოვის (01.02.1988) სახელით მოაწერა.  

რეგისტრატორები ხშირად მარკირებას არ აკეთებდნენ, თუ ჩვენ არ მივცემდით შენიშვნას.

სულ უბანზე იყო 2 სარეგისტრაციო მაგიდა და 2 კაბინა, კომისიის რამდენიმე წევრი იყო სრულიად უფუნქციოდ კენჭისყრის მიმდინარეობისას.

უბანზე პირველი ამომრჩეველი გამოცხადდა 08:06 საათზე, 12 საათისათვის დაფიქსირდა 170 კაცი, ხოლო 17 საათისათვის 300-მდე ამომრჩეველი. ჩანაწერთა წიგნში გატარდა 1 საჩივარი („ადამიანის უფლებათა ცენტრის“).

ახალი ამბები