კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ ახალგორელების ხმები „ჯიბეში ჩაიდო“

2 ივნისი, 2010

მარი ოთარაშვილი

„რა ვქნა, რომ არ ჩავიდე წეროვანში „ხუთიანის“ შემოსახაზად, კოტეჯს წამართმევენ“,  - ჩიოდა ახალგორში მცხოვრები ამომრჩეველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. „თუ არ მოხვალ და ხუთიანს არ შემოხაზავ, რუსებთან გაგყრით“, –ესმოდათ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს „ნაციონალური მოძრაობისგან“. „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გოჩა გაბრიელაშვილი humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ მთვრალმა წევრმა მისი დამკვირვებელი უბნიდან ცემით გამოაგდო. მისივე თქმით, წეროვანში არჩევნებს, ფაქტობრივად, სოფლის რწმუნებულები და გამგებლები ატარებდნენ.

წეროვანში ჩასახლებულმა ახალგორელმა დევნილებმა ზუსტად არც იცოდნენ, 30 მაისს ვის ირჩევდნენ, რას ირჩევდნენ და, საერთოდ, მათი უმეტესება, ამომრჩევლად დარეგისტრირებულიც არ ყოფილა. ზოგიერთი არჩევნების წინა დღეს აპირებდა ამომრჩევლად დარეგისტრირებას და არჩევნებში გარკვევასაც.   

შოთა ბერიანიძე, წეროვანში მცხოვრები ახალგორელი დევნილი: „რა რეგისტრაცია?! სად უნდა გავიარო?! აზრზე არა ვართ წეროვანში მცხოვრებმა ახალგორელებმა რა უნდა ავირჩიოთ. ამომრჩევლად არ დავრეგისტრირდი და მივალ არჩევნებზე თუ არა, ესეც არ ვიცი“.

არჩევნებამდე

წეროვნელ დევნილთა შორის ისეთებიც ვნახეთ, ვინც 30 მაისის არჩევნებში მეტ-ნაკლებად გარკვეული იყო. ჩვენ ზოგიერთი ინფორმაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევაგროვეთ. ამ დროს ამომრჩეველი შედარებით გულახდილად გვესაუბრებოდა წეროვანში დაგეგმილ არჩევნებზე.

დათო თათარაშვილი, ამომრჩეველი ახალგორიდან: „დიახ, დავრეგისტრირდი და მოსაწვევიც მომივიდა. ზუსტად არ ვიცი, რას ვირჩევთ, მაგრამ როგორც ვხვდები, მცხეთის საკრებულო უნდა ავირჩიოთ. პარტიებიდან ვინ კანდიდატები არიან, არ ვიცი. არც ის ვიცი, ამომრჩევლად რამდენი დევნილი დარეგისტრირდა. ალბათ – ბევრი, რადგან აქ რაღაცა სიები დადიოდა, საკმაოდ დიდი ჩამონათვალით“.

დევნილებს ამომრჩველად რეგისტრაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უნდა გაევლოთ. თუმცა ეს მხოლოდ იმათ ეხება, ვისაც თავის დროზე სამინისტრომ დევნილის სტატუსი უბოძა.

ზურაბ მაგრაქველიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი: „როგორც მე ვიცი, დევნილების რეგისტრაციას ახდენს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ისინი იმ მხარის საკრებულოს აირჩევენ, სადაც არიან მიწერილები. არჩევნებზე, ალბათ, დიდი პრობლემა შეიქმნება იმ ახალგორელებთან დაკავშირებით, რომლებსაც არა აქვთ დევნილის სტატუსი. ვისაც დევნილის სტატუსი აქვს, შეუძლია, ხმა მისცეს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებსა და მერის არჩევნებს, მაჟორიტარის არჩევნებში კი ხმას ვერ მისცემენ. ამომრჩეველი რეგისტრირდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი (3000 მაინც) დევნილი გვყვავს ისეთი, რომლებსაც დევნილის სტატუსი არა აქვს - როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე აფხაზეთიდანაც. სტატუსის მქონე დევნილმა, წესით, უნდა გაიაროს რეგისტრაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მან არჩევნებზე მისვლისას უნდა წარადგინოს დევნილის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თუ საერთოდ არ არის სადმე რეგისტრირებული – ეს მართლაც პრობლემას შექმნის არჩევნების ობიექტურად ჩატარებისთვის. იმ დევნილთა ხმები, რომლებიც არ არიან ამომრჩევლად რეგისტრირებულნი, შესაძლოა, გასაყალბებლად გამოიყენონ. ამიტომაც საჭიროა, საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების სათანადო ყურადღება თუ მობილიზაცია“.

ოკუპირებულ ახალგორში დარჩენილი მოსახლეობა არჩევნებს თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ რამდენადაც ახალგორში ცხოვრობდნენ, წეროვანში წასვლა და არჩევნებში მონაწილეობა არ დასჭირდებოდათ. თუმცა, იმედი გაუცრუვდათ, რადგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებულ რეგიონში დარჩენილი ახალგორელი მოსახლეობის ხმებიც დასჭირდა. უფრო მეტიც, როგორც ჩვენთან საუბრისას ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, ახალგორელები იძულებულნიც კი იყვნენ, სპეციალურად არჩევნებისთვის წეროვანში ჩასულიყვნენ. 

თამარ მეარაყიშვილი: „ახალგორელების ბიულეტენები ხელისუფლების ურნაში რომ ჩაიყრებოდა, ეს თავიდანვე ყველამ ვიცოდით. ცხადია, ეს არის ხმების პროცენტულად გაზრდა ხელისუფლებისთვის. პრაქტიკულად „ნაცმოძრაობამ“ ახალგორიდან 2000 ხმა „ჯიბეში“ ჩაიდო. გაყალბდა არა მარტო დევნილად დარეგისტრირებულ ახალგორელთა ხმები, არამედ დევნილის სტატუსის არმქონეებისაც. საერთოდ, ახალგორის რაიონი ყოველთვის იყო მარნეულის ტოლფასი ხელისუფლების ხმების „მიმცემის“ თვალსაზრისით. კომისიის წევრებადაც ისინი ისხდნენ, რომლებიც არჩევნებს აგვისტოს ომამდე ატარებდნენ. ისედაც, როცა არ იცი, ვის ირჩევ, თვითონ გეტყვიან და შემოგახაზინებენ. ვინც იცის, რა არჩევნებიც არის, ისიც მმართველ პარტიას მოხაზავს იმ მოტივით, რომ სამსახური  ან კოტეჯი არ დაკარგოს. ჩემი მეზობელი მეუბნებოდა: წიწილები მყავს მისახედი, მაგრამ, რა ვქნა, უნდა ჩავიდე წეროვანში „ხუთიანის“ მოსახაზად, თორემ იქ კოტეჯს წამართმევენო. მეორეს კი უთხრეს, თუ არ მოხვალ და „ხუთს“ არ შემოხაზავ, რუსებთან გაგყრითო“.

არჩევნების შემდეგ

როგორ ჩატარდა არჩევნები წეროვანში, ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წეროვანში 39-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრს, ლელა თორელაშვილს ესაუბრა.

ლელა თორელაშვილი: „ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალური იყო და საერთო ჯამში, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში, დარღვევები არ ყოფილა. ჩემი აზრით, კანდიდატებს ამომრჩევლები შესაძლებელია, პიროვნულად არ ცნობდნენ, მაგრამ მეტ-ნაკლებად ინფორმირებულები იყვნენ. ხმის მიცემა მოახერხეს მათ, ვისაც დევნილის სტატუსი ჰქონდა. თუმცა, ახალგორიდანაც იყვნენ ჩამოსულები, ოსი ეროვნების მოსახლეობაც კი. დაშინება და იძულება მართლაც არ ყოფილა. უმეტესობა, ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას. მოგეხსნებათ, დევნილები ვართ და ამ ხელისფლების მეშვეობით რაღაცა ჭერი გაგვიჩნდა. მართალია, ბევრი რამ არ გვაქვს, მაგრამ...“

„ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, გოჩა გაბრიელაშვილი, რომელიც წროვანში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, ამბობს, რომ დევნილთა დასახლებაში ჩატარებული არჩევნები დარღვევების სრული კასკადი იყო.

გოჩა გაბრიელაშვილი: „თავიდან არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა. პირველი საათიდან კი ტოტალური გაყალბება დაიწყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ დაინახეს, ამომრჩეველი არჩევნებზე არ მოდიოდა. იყო ამომრჩევლებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლა - როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. არჩევნებს, ფაქტობრივად, ატარებდნენ სოფლის რწმუნებულები და სოფლის გამგებლები. ისინი პირდაპირ ეკითხებოდნენ ამომრჩეველს - ვის შემოხაზვას აპირებდნენ. განსხავებულ აზრს რომ გაიგებდნენ, უკმაყოფილებას გამოხატავდნენ - რატომო, ხმა „ნაცილონალებს“ უნდა მისცეთო. მათ დარღვევის სხვადასხვა მექანიზმები ჰქონდათ შემუშავებული. თუნდაც 24-ე საარჩევნო უბანზე მთვრალი ადამიანების მივარდნა. დღის მეორე ნახევარში უკვე წავიდა უპასპორტო ამომრჩევლების მთელი ჯგუფების მოყვანა და ხმის მიცემის პროცედურა. უბიდან ყრიდნენ შემოხაზულ ბიულეტენებს. ჩემი დამკვირვებელი საერთოდ გამოაძევეს საარჩევნო უბნიდან. ეს მოგვიანებით, უკვე 8 საათისკენ მოხდა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთვრალი წევრი და აყალ-მაყალი ატეხა. შემდეგ კი ჩემი დამკვირვებელი გამოაგდო“.       

გაბრიელაშვილის ინფორმაციით, ამ დარღვევებთან დაკავშირებით ალიანსმა კომისიაში საჩივარი შეიტანა. დარღვევები იმდენად აშკარა იყო, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიამ ამ უბანზე არჩევნების შედეგები გააუქმა.

ახალი ამბები