კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გადაყარეთ ეს დამკვირვებლები აქედან!“ - არჩევნების პაროდია განმუხურში

3 ივნისი, 2010
თეა თოფურია

განმუხური აფხაზეთის საზღვართან მდებარე ერთი ლამაზი სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ასე თუ ისე მშვიდად ჩატარდა, განმუხურში 30 მაისს დილიდანვე ყვირილი და აურზაური იყო.

მე განმუხურში #38 საარჩევნო უბნის მეთვალყურეობა მერგო წილად. უბანზე მისვლისასთანავე გაირკვა, რომ ოთახში სამის მაგივრად ორი კაბინა დგას, კაბინებში ბიულეტენის შევსების წესი გამოკრული არ არის. არ არსებობს სპეციალური სია, მიუხედავად იმისა, რომ გადასატანი ყუთის დანართში 44 კაცია ჩაწერილი. არჩევნები აქ ასე დაიწყო: „ამას რად უნდა პირადობის მოწმობა? ყველამ ვიცით, რომ განმუხურელია...“ „ამას ვიცნობთ, აქაურია, განმუხურელი“.

პირველი აღშფოთება სწორედ ჩემმა პროტესტმა გამოიწვია, როცა ვთქვი, რომ მართვის მოწმობით ხმის მიცემა არ შეიძლება-მეთქი, კომისიის წევრებმა განმიცხადეს, დაავიწყდა ადამიანს პირადობის მოწმობა და სახლში ხომ არ მივაბრუნებთო.

ამის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ერთი და იგივე შინაარსის დიალოგები ისმოდა: ,,რას ჰქვია, ამომრჩეველს ვეხმარები?! სათვალე თუ შევაწოდე კაბინაში, ეს დახმარებაა?“ „მე კი გაგატარებ, ბებო, მაგრამ აგერ, დამკვირვებელი არ შვრება“. მხოლოდ დღის თორმეტ საათზე აღმოაჩინეს რეგისტრატორებმა, რომ დევნილს პირადობის მოწმობასთან ერთად კიდევ დევნილის მოწმობაც უნდა წარმოედგინა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ დევნილი გიროგი ქავთარაძე ყველანაირი საბუთის გარეშე შეეშვათ კაბინაში.

92 წლის ქავთარაძე უბანზე თავად განმუხურის გამგებლის მოადგილემ თენგიზ შენგელიამ მოაცილა და მთელი ხმით იყვირა: „ეს კაცი აფხაზეთიდან არის გადმოსული, პასპორტი არა აქვს და ხმა არავინ ამოიღოთ, ისე გაატარეთ სიაში!“ „დამკვირვებელი არ გვანებებს“, – შესჩივლეს კომისიის წევრებმა, რასაც შენგელიას მხრიდან ვრცელი მოხსენება მოჰყვა, რომ მე არ მესმის, რა არის აფხაზეთი და იქიდან აქეთ გადმოსვლა. მას პარარელურად კომისიის წევრებიც უდასტურებდნენ: „აბა რა, ასაკოვანი კაცია, პოეტი. ხმას როგორ არ მივაცემინებთ“.
 
უკვე შუადღისთვის სიტუაცია კიდევ უფრო აირია. მარკირების შემოწმებაზე პასუხისმგებელი თოდუა კართან დგომის ნაცვლად აპარატიანად ფანჯარაზე იჯდა და თუ ორჯერ არ დაუძახებდი, არ ჩამოდიოდა. საერთოდ, არჩევნების განმავლობაში ეს აპარატი ვიღას აღარ ეკავა ხელში. ამომრჩევლებს ხან რეგისტრატორი ამოწმებდა, ხან - კომისიის თავმჯდომარე, ხან - დამკვირვებელი სახელისუფლებო პარტიიდან. პერიოდულად გვყავდნენ სტუმრებიც. მთელი დღის განმავლობაში არ მივუტოვებივართ გამგებლის მოადგილეს, გამგეობის სხვა წარმომადგენლებს და პოლიციას. ყველაზე მეტად შენგელია აქტიურობდა, მას და სხვებს ხან კომისიის თავჯდომარე გაჰყავდათ გარეთ, ხან სხვა წევრები. მათ ხან ეჩურჩულებოდნენ, ხან პირდაპირ ყვიროდნენ - რა უფლება აქვთ, ეს დამკვირვებლები ამდენს რომ ლაპარაკობენ, გადაყარეთ აქედანო: „უზრდელია და მეტი არაფერი, უფროსების პატივისცემა არა აქვს. ამხელა კაცი პასპორტის მოსატანად მიგვაბრუნებინა“.

შუადღისას აღმოჩნდა, რომ უბანზე დაბრუნებული გადასატანი ყუთი ორი საათი ბიულეტენების ჩასაყრელი ჭრილის დაულუქავად იდგა. კომისიის თავმჯდომარე მამუკა საჯაია გაოცდა: „რად უნდა დალუქვა? მაგის ლუქი საერთოდ არა მაქვს“. მას შემდეგ, რაც საჩივრის წერა დავიწყე, ერთ-ერთმა კომისიის წევრმა თავადაც დააპირა ჩემზე საჩივარი დაეწერა: „თუ დავარღვიეთ რამე, რატომ მაშინვე არ შეამჩნიე? ორი საათის მერე გაგახსენდა?!“

იყო სხვა კურიოზებიც: სამოცდაათს გადაცილებული მოხუცი, რომელიც პირადობის მოწმობის მოსატანად სახლში მივაბრუნეთ, ცოტა ხანში იქვე ნათხოვარი, სხვისი პასპორტით დაბრუნდა. მოხუცი თვალისდაუხამხამებლად მიმტკიცებდა, რომ ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა კაცი თავად იყო. აღსანიშნავია, რომ ლამის 40-წლიანი განსხვავება ვერც რეგისტრატორმა „შეამჩნია“, რომ აღარაფერი ვთქვათ განსხვავებულ სახელსა და გვარზე და პირადობის ნომერზე.

დამტვრეული სარჩევნო ყუთები

საბოლოოდ, 20:00 საათზე უბანი დაიხურა. „დაიხურა“ ამ შემთხვევაში ძალზე პირობითი ცნებაა, რადგან კარებს საკეტი არ ჰქონდა და რომ არ გაღებულიყო, ხელით უნდა დაგეჭირა. თუმცა, არც ამაზე შეწუხებულა ვინმე. კარი მოაღიავეს და ვისაც უნდოდა, ყველა წინ და უკან დადიოდა.

უბნის „დახურვის“ შემდეგ ნორმალურად მხოლოდ ორი პროცედურის ჩატარება მოესწრო. კენჭისყრით გამოვლინდა ორი მეთვალყურე (მათ შორის მეც) და მთვლელები. თუმცა, თავმჯდომარემ რატომღაც გადაწყვიტა, მეთვალყურეები პროცესს ორი მეტრის სიშორიდან დაკვირვებოდნენ. ვიდრე მე ვამტკიცებდი, რომ კანონი მაგიდასთან დგომას მავალდებულებს, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ემზარ ახალაიამ (საინიციატივო ჯგუფი) ყვირილი ატეხა, ორივე ყუთი ერთდროულად დალეწა და ბიულეტენები მაგიდაზე მოაპირქვავა. ამ მომენტის შემდეგ სიტუაცია უბანზე აბსოლუტურად უმართავი გახდა. ატყდა ყვირილი. ბიულეტენების დათვლა სამის ნაცვლად ერთდროულად რვა კაცმა დაიწყო. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო დალუქული რეგისტრაციის ბეჭდები, გაფუჭებული ბიულეტენები და სხვა ყველაფერი, რაც ყუთების გახსნამდე უნდა დაილუქოს. დათვლის შედეგად ყველაზე მეტი ხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო.

საოლქო-საარჩევნო კომისიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა

მიუხედავად ამდენი დარღვევებისა, #67 საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სარჩელი უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. პარარელურად ზეწოლა დაიწყო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრზე, ზვიად ახალაიაზე, რომელმაც შემაჯამებელ ოჯმში ჩაწერა, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და შედეგებს არ ეთანხმება. მას ურეკავდნენ თენგიზ შენგელია, სოფლის რწმუნებული ჯონი მეშველია და განმუხურის მაჟორიტარი კანდიდატი ჯონი საჯაია. ტელეფონის ზარებს თან მუქარაც ახლდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას  სასამართლოში ასაჩივრებს.

ახალი ამბები