კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საჩივარი ჩემს თვალწინ დახიეს და შემომაყარეს“

4 ივნისი, 2010

ელზა წიკლაური, გაზეთი „რეზონანსი“

„ძალიან რთულ ვითარებაში მომიწია მუშაობა. იყო ტერორი და იმის გამო, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დარღვევებზე განმარტებებს ვთხოვდი, ორი 500-ლარიანი საჯარიმო ოქმიც გამომიწერეს, რასაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებ“, - აცხადებს გაზეთ „რეზონანსთან საუბრისას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელსაც 30 მაისს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას, მთელი დღის განმავლობაში კახეთის თითქმის ყველა რაიონში მოუწია დამკვირვებლის სტატუსით მუშაობა.

რა სიტუაცია იყო საარჩევნო უბნებზე? რატომ გამოუწერეს საჯარიმო ოქმები და რატომ არ იღებდნენ საჩივრებს? ამ საკითხებზე „რეზონანსი“ გელა მთივლიშვილს ესაუბრა.

გელა მთივლიშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვაკვირდებოდი, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელი. ვიყავი გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლის, თელავის და ლაგოდეხის რაიონების საარჩევნო უბნებზე. ყველაზე რთული სიტუაცია ლაგოდეხში, კერძოდ, კაბალის საარჩევნო უბნებზე იყო, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს.

„რეზონანსი“:კერძოდ, რა ტიპის დარღვევები დააფიქსირეთ?

- კენჭისყრის პროცესი თავიდანვე საარჩევნო პროცედურების უხეში დარღვევით დაიწყო. მაგალითად, ლაგოდეხში ყარაჯალის 21-ე საარჩევნო უბანში კენჭისყრის შენობა ორ სხვადასხვა ოთახში იყო განთავსებული, ერთ ოთახში ისხდნენ რეგისტრატორები, რომლებიც ამომრჩევლების ბიულეტენებს ამოწმებდნენ და მეორე ოთახში იყო საარჩევნო კაბინები და ყუთი, სადაც ბიულეტენებს აგდებენენ. ასეთ ვითარებაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო დამკვირვებლის მიერ მონიტორინგის განხორციელება.

ამ  უბანში, დილით, 11 საათისთვის დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები რამდენჯერმე ჩაყარა. ამ დარღვევებზე დამკვირვებელმა მიუთითა საუბნო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, რომელმაც რეაგირება არც კი მოახდინა და დამკვირვებელს დაემუქრა, თუ კიდევ ერთხელ  ჩაერეოდა, კომისიის წევრთა ფუნქციებში, უბნიდან გააძევებდა და დააჯარიმებდა. ნებისმიერ დამკვირვებელს, რომელიც აქტიურობდა, ეუბნებოდნენ, რომ უბნიდან გააძევებდნენ.

„რეზონანსი“: პირადად თქვენ თუ დაგემუქრნენ?

-  რა თქმა უნდა, დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებას ვითხოვდი მეც, რის გამოც ორი საჯარიმო აქტი შემიდგინეს, ერთი ლაგოდეხის მე-18 საარჩევნო უბანზე და მეორე ლაგოდეხის 21-ე საარჩევნო უბანზე. ერთგან მოვითხოვე კანჭისყრის  პროცესის შეწყვეტა და შედეგების ბათილად ცნობა, მეორეგან კი საჩივარი დავწერე.

საჩივრის დაწერის შემდეგ, საარჩევნო უბანზე საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრები მოვიდნენ, რათა კონსულტაციები ჩაეტარებინათ. აქ კომისიის წევრებმა ქართულად წერა-კითხვა არ იცოდნენ და გვავალდებულებდნენ, საჩივარი აზერბაიჯანულ ენაზე დაგვეწერა და ამავე ენაზე მიგვემერთა მათთვის. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიყავით ვალდებულები, ეს გაგვეკეთებინა, რადგან აქ  ყველგან არჩევნები ქართულ ენაზე ტარდებოდა. ეს რომ გავაპროტესტე, შემიდგინეს აქტი, სადაც ჩაწერეს, რომ ვითხოვდი ახსნა-განმარტებებს, თუ რატომ ჩატარდა დარღვევებით კენჭისყრის პროცესი. ეს კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეშლაში ჩამითვალეს. რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გავასაჩივრებ.

„რეზონანსი“: თუ იყო ასეთივე მუქარა სხვა დამკვირვებლების მისამართით?

- მას შემდეგ, რაც საჯარიმო ოქმის შემიდგინეს, ყველა დამკვირვებელი  გააფრთხილეს და უბანში მოუზომეს ორმეტრიანი რადიუსი. დამკვირვებლებს საარჩევნო უბანში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ - ორი მეტრის იქით თუ გადაადგილდებოდნენ, დააჯარიმებდნენ. ყველა ამით დააშინეს, რადგან 500-ლარიანი ჯარიმის გამოწერა ბუნებრივია, არავის უნდოდა. თუ ვინმე მოახერხებდა საჩივრის დაწერას, მისი ჩაბარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ საოლქო-საარჩევნო კომისიიდან მოვიდოდა ვინმე და ჩაერეოდა საქმეში. მაგალითად, უზუნთალას უბანში საჩივარი დახიეს და ზედ შემომაყარეს.

„რეზონანსი“: რატომ არ იღებდნენ საჩივრებს, რას ასახელებდნენ ამის მიზეზად?

- ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ვკითხულობდით, მაგრამ ამაზე პასუხს არავინ გვაძლევდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ დილიდანვე ლაგოდეხის საარჩევნო უბანში დადიოდა პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გურამ კაკალაშვილი და საუბნო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარეებს აძლევდა მითითებებს, როგორ უნდა ემოქმედათ. როდესაც მოვითხოვე, წარმოედგინა უბანზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა, არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც დატოვა უბანი, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში თავისი ზონდერკამანდით დადიოდა უბნიდან უბანში და თავჯდომარეებს უთითებდა, როგორ უნდა მოეგვარებინათ სიტუაცია.

„რეზონანსი“: არჩევნებს თუ აკვირდებოდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია?

- მაგალითად, იყვნენ „დემოკრატიის ცენტრიდან“, „მშვიდობის აკადემიიდან“, რომლებიც, როგორც  მოგვიანებით გავარკვიე, „ნაცმოძრაობის“ წევრები აღმოჩნდნენ. ასე რომ, ძალიან რთულ ვითარებაში მომიწია მუშაობა. იყო ტერორი და დაშინება. არჩევნები სადაც არ გაყალბდა, იქ ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობა იყო. სადაც გაყალბდა, არჩევნებზე თითქმის 100% მივიდა.

„რეზონანსი“: ხმების დათვლის პროცესი როგორ ჩატარდა?

- რომელ უბანზეც ჩვენი დამკვირვებლები იყვნენ, ზოგიერთ უბანზე ხმის დათვლის პროცესი  ნორმალურად  და კანონის ფარგლებში წარიმართა, ზოგან საერთოდაც არ დაითვალა და შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ბალანსის გამოყვანაც ვერ მოახერხეს. ზოგან, განსაკუთრებით - აზერბაიჯანელებით დასახლებულ  სოფლებში, ხმები საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს  არ დაუთვლიათ, პროცესში საოლქო-საარჩევნო კომისიიდან არაოფიციალურად მივლინებული პირები მონაწილეობდნენ. უბანზე იმდენად არასწორად ჰქონდათ  ყველაფერი გაკეთებული, რომ ვეღარ ითვლიდნენ ხმებს და ამიტომაც „ეხმარებოდნენ“ საოლქოს თანამშრომლები.

ახალი ამბები