კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ხელისუფლებამ გაყალბების მეთოდები დახვეწა“

4 ივნისი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსჯის საგნად ხმის მიცემის პირველივე წუთებიდან იქცა. მიუხედავად ამისა, დღეს ქუთაისში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, ისევე, როგორც მის მიერ ჩატარებულ ყველა წინა არჩევნებს. განსხვავებული აზრი აქვს ამომრჩეველს (რომ არაფერი ვთქვათ ოპოზიციაზე), რომელიც ფიქრობს, რომ რეალობა სულ სხვაა - არჩევნებმა მთელ ქვეყანაში დარღვევების ფონზე ჩაიარა და გამონაკლისი არც ქუთაისი იყო.

საზოგადოების ამგვარ განწყობას ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების სიუხვეც ადასტურებს. საჩივრები საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესის დაწყების პირველივე წუთებიდან შევიდა. საჩივრების მიხედვით, რომელთა დიდი პროცენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნის, არჩევნებმა ქუთაისში არცთუ მშვიდობიან ვითარებაში (როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს), სხვადასხვა ტიპის დარღვევებით ჩატარდა.

საჩივრების მიხედვით, იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა შეურაცხყოფა საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან; საარჩევნო უბანზე არარეგისტრირებულ (სხვა უბანზე მცხოვრებ) პირთა მხრიდან ხმის მიცემის მცდელობა; ოთხი საარჩევნო ბიულეტენი ერთ კონვერტში; ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელი კონვერტების საოლქო-საარჩევნო კომისიაში წარდგენა; დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტები და ა.შ. მიუხედავად ყველაფრისა, 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში თვლიან, რომ არჩევნები ქუთაისში უმნიშვნელო დარღვევებით, თუმცა გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდა.

„საინტერესოა, ხელისუფლების წარმომადგენლები იგივე შეფასებას თუ მისცემდნენ აღნიშნულ პროცესს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში? რა თქმა უნდა, არა. 2003 წლის არჩევნებში (რასაც  დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო აქციები, მოგვიანებით კი, „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა) ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს მეტი არც არაფერი გაუკეთებია - ხელმოუწერელი კონვერტებითა და გაბერილი სიებით მოუგო არჩევნები ოპოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  „ბომბი დარღვევები“ არ ყოფილა, გაყალბებები მაინც იყო. არცაა გასაკვირი, ჩვენმა ხელისუფლებამ გაყალბების მეთოდები დახვეწა. მას ხომ ამდენწლიანი გამოცდილება აქვს“,  - ამბობს ქუთაისელი მარინა გორგაძე.

რიგითი ქუთაისელების პროტესტს ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები ადასტურებს, რომელთა მეტი წილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებზე მოდის. ქუთაისის თითქმის ყველა (მე-13, 102-ე, 89-ე, 125-ე და ა. შ.) საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ახალგაზრდა იურისტებმა გააპროტესტეს. საუბარი იყო ე. წ. კარუსელზეც, რაზეც მოგვიანებით ოპოზიციაც ალაპარაკდა.

„არჩევნების გაყალბების ნაცად მეთოდზე ხელისუფლებამ არც ამჯერად თქვა უარი და კარუსელი დაატრიალა“, - აცხადებენ „ალიანსი საქართველოსთვის“ ქუთაისის ორგანიზაციაში. მათივე განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მოისყიდა. 100 ლარად ავტობუსის და მიკროავტობუსის მძღოლებმა სამარშრუტო ხაზი დატოვეს და მთელი დღის განმავლობაში „ნაცმოძრაობას“ ემსახურნენ.

„30 მაისს ძალიან ცხელოდა და არჩევნებზე წასვლა ბევრ ადამიანს ეზარებოდა. მარშუტკებით რომ მიაკითხეს და მომსახურება შესთავაზეს, უარი აღარ თქვეს და ხმა იმ პარტიას მისცეს, ვინც იგივე ტრანსპორტით ისინი სახლამდე მიიყვანა. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როცა ჩემი მეზობელი მივიდა საარჩევნო უბანში და სიის გრაფაში მის მაგივრად ხელმოწერა უკვე გაკეთებული დახვდა. მან ხმა მაინც მისცა. ის კი, ვინც მანამდე ხელი მოაწერა, დარწმუნებული ვარ, ხმის მიცემის გარეშე შინ არ დაბრუნდებოდა. როგორც ითქვა, ასეთი ფაქტები სხვა უბანზეც ყოფილა, მაგრამ არ ვიცი, იქ როგორ განვითარდა მოვლენები“,  - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ქუთაისელმა მიხეილ შავლაყაძემ.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 55 466-მა ქუთაისელმა მიიღო მონაწილეობა. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემების  მიხედვით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის საერთო რაოდენობის მხოლოდ 34,35 პროცენტი გამოცხადდა. აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ ქუთაისში აქტივობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე ნაკლები იყო.

ახალი ამბები