კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ავტოქარხანა - მითი და რეალობა

8 ივნისი, 2010
 შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წლის წინ ცენტრალური სატელევიზიო არხების საშუალებით, სრულიად საქართველოს სასიხარულო ამბავი აუწყა - „ქუთაისის საავტომობილო ქარხანა დაკარგულ ფუნქციას დაიბრუნებს. ამუშავდება საწარმოები, შეიქმნება ქართული პროდუქცია, და რაც მთავარია, დასაქმდება ათასობით მუშა-ხელი“. მეტი დამაჯერებლობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას  მუყაოს ყუთიც უჩვენა, წარწერით Made in Georgia და სამუშაოდ ქუდზე კაცი მოიხმო. ასე დაიწყო ქვეყნის პირველმა პირმა უმუშევრობის აღმოფხვრის პროცესი ქუთაისში. ზუსტად ერთი წლის თავზე პრეზიდენტის მიერ გაპიარებული ავტოქარხანა გაცილებით უსახურად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე.

ავტოქარხნის ტერიტორიიდან „ტრაილერები“ მთელი ღამის განმავლობაში ეზიდებიან ტვირთს, სავარაუდოდ - დაზგა-დანადგარებს. ქუთაისში ხუმრობენ - რაღა დარჩა იქიდან გასატანი? ალბათ, ახლა მიწას ჭრიან და ის გააქვთო.

იმედი, რომ ავტოქარხნის ამუშავება ქუთაისში უმუშევრობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა, ისევე გაქრა, როგორც ათასობით ადამიანისგან შექმნილი ერთდღიანი რიგები ქარხნის შესასვლელთან, რომელიც პრეზიდენტის განცხადებას რამდენიმე წუთშივე მოჰყვა.

„ძალიან კარგი მსახიობი უნდა იყო, რომ ისე ასახო ტყუილი, როგორც ეს მაშინ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა მოახერხა. არიქა, სასწრაფოდ განცხადებები დაწერეთ, ქარხანაში ხალხს იღებენო და როგორ გავვარდი, არც მახსოვს. მთელი დღე რიგში ვიდექით და მერე გვითხრეს, აქ რას ელოდებით, თუ საჭირო იქნებით, დაგიძახებენო. არც არავინ დაგვიძახა. ან რისთვის უნდა დაგვიძახონ და რაზე უნდა გვამუშაონ, დაზგა იქ აღარ დარჩა და ჩარხი“, - ამბობს გურამ გიორგაძე. იგი ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში 30 წელზე მეტხანს მუშაობდა. მერე, ერთ მშვენიერ დღეს „უფასო შვებულებაში“ გაუშვეს, რომელიც უკვე მე-5 წელია, გრძელდება.

მისი ბედი ათასობით ავტოქარხნელმა გაიზიარა. ქარხნის ტერიტორია საქართველოს მთავრობამ გასულ წელს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას გადასცა. ქარხნისგან ქალაქს მხოლოდ შენობა-ნაგებობების ნაშთი შემორჩა. ასობით კვადრატული მეტრის ტერიტორიას უცხოელები ფლობენ, რომლებიც სამუსაოდ თავიანთ თანამემამულეებს -  ეგვიპტელებს და ჩინელებს იწვევენ. ეს კი ქარხნიდან დათხოვილი და წლების განმავლობაში უმუშევარი ქუთაისელების უკმაყოფილებას იწვევს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქარხნის შიგა ტერიტორია სამ ნაწილადაა გაყოფილი. ერთის მფლობელი ეგვიპტური ფირმა „ფრეშია“, მეორე ჩინელების განკარგულებაშია, მესამეს კი ბეჟუაშვილის (ყოფილი მინისტრის ძმა) ხალხი განკარგავს. მე ბეჟუაშვილის ნაწილში ვმუშაობ. თუმცა, ეს არ არის სტაბილური სამსახური. ხან არის სამუშაო, ხან - არა. დეკემბრის და იანვრის ხელფასები დღესაც გაუცემელია. ჩვენი საწარმოს პასუხისმგებელ პირს სახელფასო დავალიანების შესახებ რომ ვკითხეთ, გვიპასუხა - მე არაფერი ვიცი, მარჩიელთან წადით და გაიგეთ, ხელფასი როდის იქნებაო. ასეთი დამოკიდებულება, ვფიქრობ, ყველაფრის მთქმელია. არ ვიცი, რა და როგორ ჩანს გარედან, სინამდვილეში კი, ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგვარადაა“, - ამბობს ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალბატონი, რომელსაც ვინაობის გამხელა, გარკვეული მიზეზების გამო, არ სურს.

იმის გარკვევა, თუ რა ხდება ყოფილი ავტოქარხნის და აწ უკვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ჟურნალისტისთვის შეუძლებელია. ქარხანას არც პრესცენტრი აქვს, არც ვებ-გვერდი და ვერც საკონტაქტო პირს მივაკვლიეთ. საგულდაგულოდ შემოღობილ ფართს გაძლიერებული დაცვა იცავს.

პრეზიდენტმა ერთი წლის წინ თავის შთამბეჭდავ გამოსვლაში აღნიშნა, რომ უცხოური ინვესტიციის შედეგად მალე ქარხნის ტერიტორია ადგილობრივი მუშა-ხელით გაივსებოდა და საწარმოები ქართულ პროდუქციას გამოუშვებდნენ. მართალია, ამჟამად ქარხანაში უცხოელები მუშაობენ, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ მათი შექმნილი პროდუქცია ქუთაისში ჯერჯერობით არავის უნახავს.

ავტოქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული ეგვიპტური ფირმა „ფრეში“ ამ დრომდე მხოლოდ 20-მდე ქართველის ეგვიპტეში გადამზადებითაა დაკავებული. ქარხნების მშენებლობა და ქართული პროდუქციის გამოშვება კი, როგორც ირკვევა, მომავალი 5 წლის გეგმაა. 

ახალი ამბები