კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილების პრობლემები სამინისტრომ აქამდე ვერ მოაგვარა

8 ივნისი, 2010
შორენა ლათათია

ისნის რაიონში, ყოფილ რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც თავდაპირველად 1500 იძულებით გადაადგილებული პირი შეასახლეს, ამჟამად დაახლოებით 600 დევნილი  ცხოვრობს. აქედან 390 ე. წ. ახალი, 210 კი „ძველი“ დევნილია. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან წელიწადნახევარზე მეტია გასული, აქ მცხოვრებ დევნილთა უმრავლესობას ჯერ არც დევნილის სტატუსი მიუღიათ და  არც ერთჯერადი ფულადი დახმარება.

ჩასახლების მამასახლისი, დათო ტურაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარისას გულისტკივილით აღნიშნავს, რომ  80 წელს გადაცილებული რამოდენიმე დევნილი ისე გარდაიცვალა, ფულადი დახმარების აღება ვერ მოასწრეს. ამჟამად ჩასახლებაში სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული 5 მოხუცი ცხოვრობს, რომლებიც იმედს არ კარგავენ, რომ კუთვნილი კომპენსაციის აღებას მოესწრებიან.

თუმცა, კომპენსაციისა და სტატუსის მინიჭების საკითხი არაფერია იმ პრობლემებთან შედარებით, რაც თავად ყოფილი ჰოსპიტლის შენობას უკავშირდება. საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფომ სწორედ იმ შენობაში შეასახლა, სადაც ადრე ლაბორატორიები იყო და იქ შესვლა მხოლოდ სპეციალისტებს შეეძლოთ. ომგამოვლილ დევნილებს თავად მოუხდათ სრულიად დაბინძურებული ოთახების დალაგება და დაზიანებული კანალიზაციის მილის შეკეთება. როგორც მოსალოდნელი იყო, დევნილების მიერ შეგროვებული მინიმალური თანხით, კანალიზაციის მილის სრულყოფილი შეკეთება ვერ მოხერხდა. წელიწადზე მეტია, აქ ტუალეტი ნორმალურად არ ფუნქციონირებს. კანალიზაციის გაყვანილობა და ფეკალური მასა პირდაპირ შენობის სარდაფში ჩაედინება, რაც დევნილების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, აღარაფერი რომ არ ვთქვათ არასასიამოვნო სუნზე, რომელიც უკვე მთელს შენობას მოედო. ზაფხულში ჰოსპიტლის ტერიტორიაზე გამეფებული ანტისანიტარია კიდევ უფრო ზრდის დევნილებში სხვადასხვა ინფექციის გავრცელების რისკს.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნიკოლოზ ლეგაშვილი ისან-სამგორის გამგეობას დაუკავშირდა, რომელმაც პრობლემის მოგვარების პასუხისმგებლობა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დააკისრა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს  დეპარტამენტის უფროსმა, კობა გორგოძემ კი ნიკოლოზ ლეგაშვილთან საუბარში განმარტა, რომ სამინისტროს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით უკვე აქვს ინფორმაცია და პრობლემას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კოორდინაციის გარეშეც მოაგვარებს.  
  
სამწუხაროდ, ფაქტია - „სამინისტროს კოორდინაციით“ მოგვარებული პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს  დეპარტამენტის უფროსს კობა გორგოძეს კი უხეშად დაკიდებული ტელეფონის მეორედ აღება აღარ სურს.

ახალი ამბები