კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერია საზოგადოებას სისულელეებში დახარჯულ თანხებს უმალავს

8 ივნისი, 2010
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი თბილისის მერის „ავაზაკური“ საქმიანობებისთვის პასუხისმგებლობას იმ ადამიანებსაც აკისრებს, ვინც 30 მაისის არჩევნებზე ხმა გიგი უგულავას მისცა.

ამის შესახებ გიორგი ცაგარეიშვილმა 8 ივნისს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ჟურნალისტებს დედაქალაქის მერიიდან მის კითხვებზე მიღებული პასუხები გააცნო. კერძოდ, გიორგი ცაგარეიშვილი ითხოვდა 2005-2007 წლებში დედაქალაქის სარეზერვო ფონდიდან დახარჯული 35 მლნ ლარის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციას. პასუხად კი დედაქალაქის მერიიდან მიიღო, რომ ეს თანხა სოციალური პროგრამებისთვის, დედაქალაქის კეთილმოწყობისთვის და კულტურული ღონისძიებებისთვის დაიხარჯა.

„ვიცი, რომ 35 მილიონს მტკვარს არ გაატანთ, მაგრამ მაინტერესებს, კონკრეტულად, რა მიზნით და რომელ ღონისძიებებს მოხმარდა ეს თანხა“, – მიმართა გიორგი ცაგარეიშვილმა დედაქალაქის მერიას.

დეპუტატი ითხოვდა თბილისში თამარის ხიდთან პრომეთეს ძეგლის მონტაჟისა და დემონტაჟის, ასევე, გმირთა მოედანზე ცნობილი შადრევნის მონტაჟისა და დემონტაჟის და რიყეზე ატრაქციონ პანორამული კოშკურის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის გახარჯულ თანხებს.

დედაქალაქის მერიიდან გიორგი ცაგარეიშვილს უპასუხეს, რომ პანორამული კოშკურა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მასზე დახარჯულ თანხებზე ინფორმაციას ვერ მიაწვდიდნენ. რაც შეეხება პრომეთეს ძეგლსა და გმირთა მოედანზე ცნობილი შადრევნის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯებს, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა. გიორგი ცაგარეიშვილს ეს პასუხები ცინიკურად მიაჩნია და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიას პრომეთეს ძეგლსა და შადრევანთან მიმართებაში წყარო მაინც უნდა დაესახელებინა და უნდა დაეკონკრეტებინა, თუ ვინ დახარჯა თანხები ამ ობიექტების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის.

რაც შეეხება პანორამული კოშკურის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებას, „ვიცი, რომ ამ ატრაქციონზე 800 000 ევრო დაიხარჯა და მისი სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნება არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს“, – აცხადებს ცაგარეიშვილი და დედაქალაქის მერიის ამ ქმედებებს ავაზაკობად მიიჩნევს და იქვე ხაზს უსვამს, რომ დედაქალაქის მერის გიგი უგულავას ქმედებებზე პასუხისგება იმ ადამიანებსაც ეკისრებათ, ვინც 30 მაისის არჩევნებზე მხარი გიგი უგულავას დაუჭირა და ავაზაკური ქმედებების საშუალება მისცა.

ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ იგი ელოდება კონტროლის პალატიდან ინფორმაციას 2005-2006-2007 წლებში დედაქალაქის მერიის სამსახურების შემოწმებასთან დაკავშირებით და პასუხის მიღებისთანავე საზოგადოებას გააცნობს.

გიორგი ცაგარეიშვილი იმედოვნებს, რომ დედაქალაქის მერიისგან განსხვავებით, კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი მას ფარატინა ქაღალდს არ გამოუგზავნის. ასევე, ცაგარეიშვილმა დააანონსა შემდგომი ბრიფინგი, რომელიც, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება და განაცხადა, რომ ხუთშაბათს იგი საზოგადოებას წარმოუდგენს ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა 30 მაისის ადგილობრივ არჩევნების წინ და რა ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

„მერწმუნეთ, იყო ისეთი შემთხვევები, რომლებზეც სულ მცირე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას“, – დასძინა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები