კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაფიცული მუშები სამუშაოს პოლიციის მუქარით დაუბრუნდნენ

10 ივნისი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავში შპს „ჯეოსთილის“ მუშების გაფიცვაზე humanrights.ge ორი კვირის წინ წერდა. მაშინ საწარმოს თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ გაფიცვას არ შეწყვეტდნენ, ვიდრე ქარხნის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა. „ჯეოსთილის“ ერთ-ერთმა მუშამ გაფიცვის გვითხრა: „ჩვენი მთავარი პრობლემაა დაბალი ანაზღაურება, საპირფარეშოებისა და სასმელი წყლის არქონა. კვირაში ორი დღე-ღამე გვიწევს მუშაობა და გვიხდიან 300 ლარს თვეში. ეს მონობაა. იციან გაჭირვებული ქვეყანაა, ხალხიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და ამიტომ ხდება ასე“.
 
საწარმოს ადმინისტრაციას პრეტენზიებს უყენებდნენ გაფიქცის სხვა მონაწილეებიც და აცხადებდნენ, რომ აქციას კონკრეტული შედეგების გარეშე არ შეწყვეტდნენ. მიუხედავად ამისა, მეორე დღის ბოლოს „ჯეოსთილთან“ აქციის არც ერთი მონაწილე არ იდგა. ყველა გაფიცული თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდა ისე, რომ საწარმოს ადმინისტაციას მათი არც ერთი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია. 

გაფიცვის დღეს 17 მაისს საწარმო „ჯეოსთილის“ ტერიტორიაზე „ადამიანის უფლებათ ცენტრმა“ რამდენიმე საპატრულო მანქანა დააფიქსირა. ადგილზე რუსთვის პოლიციის უფროსი და სხვა ძალოვანი მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ. 17 მაისს გადაღებულ ფოტოკადრებს, სადაც საპროტესტო აქციის მოთვალთვალე სამართალდამცავები არიან დაფიქსირებული, ჩვენ ამ სტატიასთან ერთად გთავაზობთ.

აქციის დღეს კომენტარზე დაგვთანხმდა საწარმოს კადრების მენეჯერი შალვა ბეჟიაშვილი, რომელიც გაფიცვის მონაწილეებს ერთ კვირას სთხოვდა მათი მოთხოვნების შესასწავლად: „თუ გაფიცვა არ შეწყდება და საწარმო გაჩერდება, ვერავინ ვერაფერს მიიღებს. ვერ დავეთანხმები მოთხოვნას, რომ ჩვენთან კრიტიკულად დაბალი ხელფასებია.

საბოლოოდ ყველაფერი უხმაუროდ დასრულდა. გაფიცულებმა პროტესტის გამოხატვას მუშაობის გაგრძელება არჩიეს.  ამ გარემოებას აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სამართალდამცავთა „აქტიურ მუშაობას“ მიაწერს. ჩვენ რესპოდენტის  ვინაობას მისი თხოვნის შესაბამისად არ ვასახელებთ.

„გაფიცვის მეორე საღამოს, როცა 30 მუშა გამოვედით საწარმოდან და მივდიოდით სახლში, გზად 12-მდე პოლიციის მანქანა დაგვეწია, წარწერით - „კრიმინალური პოლიცია“. ყველანი მანქანაში ჩაგვსვეს. თავიდან წაგვიყვანეს რუსთავის #2 განყოფილებაში რუსთაველის ქუჩაზე. შემდეგ გადაგვიყვანეს სამხარეო პოლიციის შენობაში.

ჩვენ ვინც გვესაუბრებოდა, მათ ეტყობოდათ, რომ რიგითი პოლიციელები არ იყვნენ. სხვა დაკავებულებისთვის უთქვამთ - კრიმინალური პოლიციის უფროსი და მერაბიშვილის მოადგილე ვართო. ეუბნებოდნენ - ამხელა ხალხი ვართ და რასაც გაეუბნებით, გაიგეთო.

პირადად მე მეუბნებოდნენ, რომ უკანონობას ჩავდიოდით, რადგან კონტრაქტზე გვქონდა ხელი მოწერილი. ამბობდნენ, რომ „ჯეოსთილს“ შეეძლო ჩვენთვის ეჩივლა. გვითხრეს, რომ არ არის მიზანშეწონილი ასეთი აქციები, რადგან რუსთავში ეს ერთადერთი საწარმო გვაქვს, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე გაიხსნა. „ჯეოსთილი“ თუ გაჩერდება, საერთოდ რა გეშველებათო. თუ არ დაიშლით და აქციებს გააგრძელებთ, ხვალ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ და ამ უკანონობას აღვკვეთთო“, – ამბობს ჩვენი რესპოდენტი, რომელიც ირწმუნება, რომ აქციები კონკრეტული შედეგის გარეშე სწორედ პოლიციის მხრიდან გაფიცულთა დაკავების გამო შეწყდა.

„მეორე დღესვე შევიდა ხალხი და დაიწყო მუშაობა თავის ადგილებზე. მაშინ როცა 400 ღამის სმენაში ნამუშევარი მუშა სახლში არ მიდიოდა და გაფიცვაზე დგებოდა. გაბუტული ბავშვებივით შევედით საწარმოში და დავიწყეთ მუშაობა“,  – დასძენს humanrights.ge-ს წყარო.

ჩვენ დაუკავშირდით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის პრესსამსახურის ხელმძღვანელს თამარ დოდაშვილს. სტატიის თემის ახსნის შემდეგ შევთანხმდით, რომ ნახევარ საათში მათი პასუხის მოსასმენად დავრეკავდით, მაგრამ შემდეგ დოდაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. ასევე დაუკავშირდით „ჯეოსთილის“ კადრების მენეჯერს შალვა ბეჟიაშვილს, რომელმაც არ უარყო აქციის შემდეგ  საწარმოს მხრიდან პოლიციის გამოძახების ფაქტი.

„აქციის მონაწილეებს ქარხნის ქონების ხეყოფას არავინ აპატიებდა. სწორედ ამ ინციდენტის გამო მოხდა პოლიციის გამოძახება. მე დეტალები არ ვიცი. ყველაფერს შევისწავლი და დამიკავშირდით. მე არ მიკვირს, რომ მუშები ასე წარმოაჩენენ სიტუაციას. სათავისოდ ამბობენ ყველაფერს“, - გვითხრა ბეჟიაშვილმა.

ამ საუბრიდან მეორე დღეს ბეჟუაშვილს, შეთანხმებისამებრ, შეხვედრისთვის დავუკავშირდით, მაგრამ პოლიციის პრესსამსახურის მსგავსად, ჩვენს ზარს აღარც მან უპასუხა.

ჩვენი რესპოდენტი კი, რომელიც საუბრობს პოლიციის მხრიდან გაფიცულთა დაკავების შესახებ, გვთხოვს, ყურადღება მივაქციოთ „ჯეოსთილში“ საწარმოს უსაფრთხოების დაცვის საკითხებს: „ჯეოსთილში“ მუშაობს ჟანგბადის საამქრო, სადაც უსაფრთხოების ნორმები კარგად არ არის დაცული. პატარა შეცდომას და უყურადღებობას შეიძლება დიდი ზიანი მოჰყვეს არათუ ქარხნისთვის, არამედ ქალაქისთვისაც.  ჩვენ რაც შეგვეხება, აქციის მონაწილე მუშებს ამჟამად ადმინისტრაცია არაფერს გვეუბნება. საეჭვო სიჩუმეა. ვფიქრობ, ნელ-ნელა ახალი კადრებით ჩაგვანაცვლებენ და ყველას გაგვიშვებენ სახლებში“.

ახალი ამბები